რა ბედი ეწევა ეკა ბესელიას? – პოლიტიკოსები და ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებენ

0
348
ივანიშვილის განცხადების შინაარსი ნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია მასთან იყო შეთანხმებული, –  აცხადებს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 
მისივე თქმით, დროის გაჭიანურება მიმართულია არა სიის შესაცვლელად, არამედ იმ აზრის ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს სია იყოს მხარდაჭერილი.
რაც შეეხება ბესელიას კრიტიკას, გოცირიძის შეფასებით, ყველა განსხვავებული აზრი "ქართულ ოცნებაში" ისჯება.
„ის, რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ყველასთვის იყო ცნობილი. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება. დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს. ეს არის საჩვენებელი ყველასთვის, რომ ყველა, ვინც გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს, იქნება დასჯილი. ფაქტია, რომ ეს იყო პრევენციული ნაბიჯი სხვებისთვის",- აღნიშნა გოცირიძემ
 
ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „სამარცხვინოს“ და „ჭორაობას“ უწოდებს.
უგულავა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა „ოცნების“ შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით – ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი ამ საკითხზე, უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია“, – აცხადებს უგულავა.
 
 
ჩემი ეჭვები გამართლდა – მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს, – ასე აფასებს პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, საინტერესო ის არის, ხალხი რას უჭერს მხარს. ჭიჭინაძე აცხადებს, რომ როდესაც რაღაც საკითხის გატანა ხელების გადაგრეხვით ხდება, არ არის გამორიცხული პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.
 
ექსპერტი  ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის ასეთი მკვეთრი პოზიცია უკავშირდება იმას, რომ გუნდის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამ შემთხვევაში  ეკა ბესელია აღმოჩნდა  კატალიზატორიც, რომელმაც ამ გუნდის რღვევას დაუდო სათავე. 
ექსპერტს უჭირს დააკონკრეტოს, თუ რა სანქციები დაუწესდება ეკა ბესელიას და არის თუ არა გამაფრთხილებელი აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისთვის, ვინაიდან მისი თქმით, „თუ ადამიანებს გუნდიდან განსხვავებული პოზიციების გამო გარიცხავენ, ეს იქნება არა მათი, არამედ გუნდის პრობლემა“.
 
ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, დღეს  დავინახეთ ძალიან ცუდი სურათი -ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს იმ გუნდის მართვა, რომლითაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა იძულებულია ზოგიერთს “თავი მოკვეთოს“, ზოგიერთი „ჩამოახრჩოს“, ხოლო ზოგიერთი „გააძევოს“, – 
 
მეორე მხრივ, მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადებით დადასტურდა, რომ ბესელიას გადადგომა არ იყო დაკავშირებული მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან და მან უბრალოდ სცადა თავისი გადადგომა ფასადურად გაელამაზებინა.
 
„ბესელიას მთელი ამდენი წლის განმავლობაში მართლაც ჰქონდა ქმედითი ბერკეტები, რომ მოსამართლეების და იუსტიციის საბჭოს საკითხი იურიდიულად, სამართლებრივად, კანონში შეტანილი ცვლილებებით გამოსწორებულიყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას დიდი ხნის წინ შესთავაზეს პარლამენტის ვიცე-სპიკერად გადასვლა, რადგან ის გარკვეულწილად მიუღებელი იყო გუნდისთვის ჩვენთვის უცნობი, ან ნაწილობრივ ნაცნობი ქმედებების გამო. ასევე გასაგები გახდა ბესელიას გადადგომისთანავე კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა მაშინ, როცა ეს ადამიანი საერთოდ გაიწვია იურიდიული კომიტეტის წევრობიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ამბები, შიდა დაპირისპირება დიდი ხანი მიდიოდა, უბრალოდ ეკა ბესელიამ, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა სცადა მოსამართლეების საკითხი გამოეყენებინა, ამიტომ მისი ეს ნაბიჯი შეიძლება გასაგებიც იყოს. ახლა, როცა ეკა ბესელია ყურადღების ეპიცენტრშია მოხვედრილი, ის რატომღაც მივლინებას მივლინებაზე აკეთებს და უცხოეთიდან არ ჩამოდის, ან ჩამოდის ძალიან მცირე ხნით, ეს უფრო მაფიქრებინებს, რომ ის არის განწირული, თუმცა არ მგონია, რომ მთავარი ზვარაკია. შესაძლოა, მისი ამბიციები იყო ძალიან შორს წასული და მოთოკვა გახდა საჭირო, მაგრამ მასაც და „ქართულ ოცნებაში“ ყველას ეყოფა იმდენი ჭკუა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ გამოვიდეს, რადგან ივანიშვილის ხელდასმით გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები/ „მაქსიმუმი, რაც მან გააკეთა, არის ის, რომ შეიქმნა იმიჯი სამართლიანობისთვის მებრძოლის და ასევე საკმაოდ სახელგატეხილი პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებით შეიქმნა იმიჯი, თითქოსდა ოპოზიციის ლიდერობას აპირებდეს. სწორედ ამიტომ გააკეთა ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს არ მოხდეს. “, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
 
განცხადებები კეთდება მმართველ გუნდშიც: 
ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით – როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
 
ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ბესელია თანამდებობიდან გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას, მოსამართლეების საკითხით აპელირებს.
“სკეპტიკური ვარ, მაგრამ შესაძლოა, პოზიციები დავაახლოვოთ და შექმნილ სიტუაციაში უკეთ გავერკვეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 
წინა სტატიაამირან გამყრელიძე ცრუობს: სალომე ქემაშვილი ვირუსმა შეიწირა და არანაირი მძიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: შუშის სასახლის მფარველობა ვერ გიშველით- შუშააა მაინც- იოლად იმსხვრევა. ჩამოდით მთის კურორტებიდან, მორჩით სრიალს და ქვეყანას მიხედეთ, ხალხი იღუპება ყოველდღე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური