მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს

არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს

Published on

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს.
 
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა.
 
როგორც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე, სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და იგი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
 
„მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით, მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. აუცილებელია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ნდობა და რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, ვერ უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და სასამართლო ხელისუფლება ათწლეულები დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუტად, რაც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესს შეაფერხებს.
 
აუცილებელია, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ის სავალალო შედეგები, რომელსაც მოსამართლეობის ნომინირებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა გამოიწვევს“, – აცხადებენ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები.
 
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს.
 
„აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება განახორციელოს“, – აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...