ვინ დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას უცხოეთის ქვეყნების მაღალი რანგის პირთაგან?

0
429
ლაშა ჟვანია აცხადებს,  რომ ,,სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადასტურებს.''
 
ასე გადაამისამართა მან კითხვა, რომლითაც ინაუგურაციაზე უცხოეთის ქვეყნების დელეგაციების ჩამოსვლასთან  დაკავშირებით მიმართეს  და მორცხვად დასძინა: 
 
"ის რაც ვიცით, სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის, ბალტიის ქვეყნების სეიმების, პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოდიან. ისრაელიდან იქნება წარმომადგენლობითი დელეგაცია, როგორც ისრაელის პარლამენტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ისრაელში პრემიერ-მინისტრს აქვს შეთავსებული საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი. ასევე, იქნებიან საუდის არაბეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც. ისევე, როგორც, იქნება აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე".
 
ამრიგად, თელავში ქვემეხებს კი გაისვრიან, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის მუზები ამიტომ როდი სდუმან –  საქართველოში სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა და ამ ექვსი წლის მანძილზე მისი ფაქტობრივი თვითიზოლაციის შედეგი ისიც არის , რომ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირები არ მიიჩნევენ საჭიროდ რეგიონში მანამდე დემოკრატიის შუქურად აღიარებული ქვეყნის დაღმასვლისა და საეჭვო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას.
 
უმაღლესი დონის სტუმრები ჩამოდიან უმაღლესი რანგის პოლიტიკოსის ინაუგურაციაზე, ეს კი ნიშნავს, რომ   ან ქვეყანას უნდა ქონდეს საკმარისად განვითარებული საერთაშორისო ურთიერთობები, რომ ეს სტუმრები ჩამოიყვანოს ქვეყანაში, ანაც უბრალოდ, ქვეყანა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც თუნდაც 2004 წელს ვიყავით და სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა საერთაშორისო მხარდაჭერა და მით უფრო 2008 წელს, როცა მთელი წინარე პერიოდი სააკაშვილმა იგი კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული გარდაქნების ფლაგმანად აქცია.
 
 
ამროგად, სულ სხვა სურათი იყო  მიხეილ სააკაშვილის დროს ჯერ  2004 და, განსაკუთრებით, 2008 წელს. 2008 წელს სააკაშვილის ინაუგურაციას 5 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო: ტრაიან ბაშესკუ – რუმინეთი, ტოომას ჰენდრიკ ილვესისი – ესტონეთი, ვალდას ადამკუსი – ლიტვა, ვალდის ზატლერსი – ლატვია, ლეხ კაჩინსკი – პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ 2088 წლის ინაუგურაციას ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
 
კიდევ ერთი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციისადმი ინტერესისა იყო დღემდე უპრეცედენტო  საერთაშორისო მხარდაჭერა. სააკაშვილს,  მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები ქონდა და გარკვეულ როლს თამაშობდა მსოფლიო პოლიტიკაში.  უდავოა, რომ ეს იყო ქარიზმატული ფიგურა, რომელმაც პრეზიდენტად მოსვლის დღიდანვე დაიწყო საერთაშორისო კავშირების დამყარება. გავიხსენოთ თუნდაც სააკაშვილის 2004 წლის 25 იანვრის ინაუგურაციის ცერემონიალი. 2004 წელს სააკაშვილის ინაუგურაციას ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი – ასეთი მაღალი რანგის სტუმარი მსგავს ცერემონიალზე ჯერ არ ჩამოსულა საქართველოში.
 
სამწუხაროდ, სააკაშვილის დაფნის გვირგვინი ,,ქართული ოცნების'' ( რბილად რომ ვთქვათ)  უღიმღამო  მმართველობის გამო ამჯერად ნიკოლ ფაშინიანს ერგო, ისევე როგორც რეგიონში წამყვანი ქვეყნის როლი გადავიდა სომხეთზე. სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონოდა და არც გვქონია  არც მოსახლეობას, არც ხელისუფლებას, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების აზრს გადააბიჯა ჯერ კიდევ არშემდგარი და უცნობი პოლიტიკოსის სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით.
 
არის მოლოდინი, რომ ნიკინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ჩამოვა, მაგრამ გასაგებია, რატომ და რა ნიშნით – ერთია მხარი დაუჭირო თანამემამულეს, მეორე პატივი სცე ქვეყანას და პრეზიდენტს.  
 
ის, რაც დღეს ხდება,  ნათლად ასახავს საქართველოს დღევანდელ ადგილს რეგიონალურ და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. და რაც უნდა ჯიუტად ამტკიცებდეს  საგარეო საქმეთა სამინისტრო – ნახეთ, უმაღლესი დონის სტუმრები ჩამოდიან ინაუგურაციაზეო, ფაქტი ფაქტად რჩება.  
 
პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე, როგორც ყოველთვის, მწარე სიმართლეს  ამბობს:  
 
,,სამ ლოკაციაზე ქვემეხებს კი ისვრიან, მაგრამ ოფიციალური სტუმრების სიას გადახედეთ?
მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტმა (რომელსაც ახალი ხელისუფლება რას უპირებს, გაურკვეველია) და სხვა ქვეყნების მინისტრების მოადგილეებმა დაადასტურეს იანაუგურაციაზე დასწრების სურვილი.
აზერბაიჯანიცკი მხოლოდ სპიკერს აგზავნის.
რაც შეეხება ჩვენს მთავარ პარტნიორს-აშშ-ს,usaid-ი აგზავნის წარმომადგენელს.
სრული კატასტროფა…
მთელს რეგიონში მოწინავე საქართველო, იქცა მაჩანჩალა ქვეყნად. ''
 
რაც შეეხება ქვემეხებს, აქუხონ, ეს ვერ ჩაახშობს ზარს, რომელიც  საქართველოს მოსახლეობას უხმობს.
წინა სტატიაქუთაისი-ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. დაშავებული 8 ადამიანი
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური