მთავარისიახლეებისაზოგადოება„საქართველოს გენერალთა კლუბი“ სკოლებში ახალი საგნის ‘’თავდაცვა და უსაფრთხოება’’ შემოღების წინააღმდეგია

„საქართველოს გენერალთა კლუბი“ სკოლებში ახალი საგნის ‘’თავდაცვა და უსაფრთხოება’’ შემოღების წინააღმდეგია

Published on

„საქართველოს გენერალთა კლუბი“ საჯარო სკოლებში ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საგნის სასკოლო პროგრამებში შეტანის ინიციატორი „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს გენერლები იყვნენ“.
 
„საქართველოს გენერალთა კლუბი“ აღშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ სახელმძღვანელოს შედგენა მისი ინიციატორების გარეშე მოხდა.
 
 გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად:
 
„რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივის შესახებ, ქვეყნის თოთხმეტ საჯარო სკოლაში, მოქმედი სამხედრო ოფიცრების მიერ, ახალი საგნის, ‘’თავდაცვა და უსაფრთხოება’’ სწავლებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ხსენებული საგნის სახელმძღვანელო ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზსა და შეფასებას მოიცავს.
 
განსაკუთრებით სამწუხარო და აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული საგნის სასკოლო პროგრამებში შეტანის ინიციატორები სწორედ საქართველოს გენერლები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იყვნენ. მეტიც, პროგრამაც კი გვქონდა დაწერილი და მიუხედავად არაერთგზის სიტყვიერი დაპირებისა, სახელმძღვანელო ისე იქნა შედგენილი, რომ ინიციატორები არავის გახსენებია.
 
„საქართველოს გენერალთა კლუბი“ არა მხოლოდ სრულად იზიარებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის სავსებით სამართლიან და საფუძვლიან აღშფოთებას, არამედ კატეგორიულად ემიჯნება და გმობს საქართველოს უახლესი ისტორიის ასე ცალმხრივად, მიკერძოებულად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის საამებლად გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომელიც წინა ხელისუფლების, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის, მრწამსისა და სახელმწიფოებრივი ხედვის ცალსახა გაგრძელებაა – არათანაბარ პირობებში ჩაეყენებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე შემადგენლობა; დაეყო ვეტერანთა დიდი ოჯახის დამსახურებული წევრები ‘’ჩემ’’ და ‘’სხვის’’ ვეტერანებად!
 
არასწორი და არასამართლიანია საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ მხოლოდ ერთ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით შეუსწავლელ, 2008 წლის ომზე მუდმივი აპელირება და მხოლოდ ამ ომის გმირების ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება, მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი, შეიარაღებული კონფლიქტი, თუ საბრძოლო ეპიზოდები გადაუტანია – 1918-1921, 1941-1945, 1991-1993, 1994-1996, 1998, 2001-2002, 2004 წლებში! განსაკუთრებით აღსანიშნავია, ასევე, ქართული სამხედრო შემადგენლობის მონაწილეობა საერთაშორისო-სამშვიდობო ოპერაციებში _ კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულმა ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილმა საბრძოლო მოქმედებებმა, სამშვიდობო მისიებმა, ჩვენს ქვეყანას მრავალი გმირი შემატა, რომელთა თავდადების არაღიარება, მათი სახელებისა და ისტორიების სასწავლო პროგრამაში გაუთვალისწინებლობა, დანაშაულია არა მხოლოდ მომავალი თაობების, არამედ ჩვენი სამშობლოს წინაშე. სამწუხაროა, რომ ისეთ სენსიტიურ, საპასუხისმგებლო საკითხებში ჩართულნი არიან სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები, რომელთაც არსებული რეალობის, წარსულის, აწმყოს გააზრებისა და ანალიზის უნარი არ გააჩნიათ! რადგან ის სამხედრო პირი, რომელსაც ეს უნარი აქვს, არასოდეს დაყოფს ქვეყნის გმირებს, სამშობლოსთვის მებრძოლ შემადგენლობას და მათ დედებს თვალცრემლიანს არ დატოვებს იმ ტკივილით გულში, რომ მათი შვილები გარიყეს, მათი ღვაწლი, თავდადება უგულებელყვეს და სამშობლოსთვის გაღებული სიცოცხლე არად ჩააგდეს!
 
ზემოთხსენებული სახელმძღვანელო, პროფესიონალური თვალსაზრისით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! ეს კიდევ ერთი, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ პროგრამის შედგენაში სრულიად არაკომპეტენტური და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები იღებდნენ მონაწილეობას. გვიჩნდება საფუძვლიან ეჭვი, რომ სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებული პირების დიდი მცდელობით მოხდა სახელმძღვანელოს შედგენის პროცესიდან კვალიფიციური, პაუსიხისმგებლობის მქონე, კომპეტენტური პროფესიონალების დისტანცირება!
 
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოხდეს საზოგადოების და მით უფრო, ვეტერანების დაყოფა, დიფერენციაცია, კონკრეტული ჯგუფების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება და ათასობით დამსახურებული მებრძოლის ღვაწლის უგულებელყოფა! რადგან ეს სწორედ იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ატარებდა! წინ აღვუდგებით ყველა მცდელობას, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი უწყებაში, სააკაშვილის სამართალმემკვიდრეები ისხდნენ და მის მავნებლურ პოლიტიკას აგრძელებდნენ, რაც ქვეყანას, კიდევ უფრო უარეს რეალობამდე მიიყვანს!
 
დიდი იმედი გვაქვს, სახელმწიფოს ამ ფუნდამენტურ ძალოვან უწყებაში გააცნობიერებენ იმ მოცემულობას, რომელიც რიგი უპასუხისმგებლო თანამდებობის პირებისა თუ ოფიცრების გაუაზრებელ ნაბიჯს მოყვა და მდგომარეობის გამოსასწორებლად, ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ! რადგან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ისტორია არ იქმნება ჩვენი ნება-სურვილით! ისტორიას ჩვენი პატრიოტული, სწორი, თუ არასწორი, გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებები ქმნის, რაც ისეთი სენსიტიური საკითხის გადაწყვეტისას, როგორიცაა მომავალი თაობებისთვის ქვეყნის ისტორიის სწავლება, კომპეტენტური, პასუხისმგებლობის მქონე პირების მიერ ზედმიწევნით სწორად უნდა იქნეს გაანალიზებული,” – ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...