,,პოეტი, რომელსაც არ ენანება გადასხმა, სულ მზად არის, რადგან მას ლიტერატურა სისხლში აქვს გამჯდარი”

0
1068

გამომცემლობა ,,ინტელექტი'' 3 ნოემბერს, 16:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველს იწვევს ნიკა ლაშხიას სადებიუტო პოეტური კრებულის „დონორის“ წარდგენაზე.
 
ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ სალომე ლიპარტიას ბლოგს „სისხლში გამჯდარი ლიტერატურა“, რომელიც ნიკა ლაშხიას სადებიუტო კრებულს ეძღვნება და  INTELEKTI.Ge-ზეა გამოქვეყნებული
 
 
ნიკა ლაშხია არაჩვეულებრივი ბიჭია. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც ტორესა მოსის „იყოს“ ზუგდიდურ პრეზენტაციაზე პირველად შევხვდით ერთმანეთს ინტერვიუერ-რესპოდენტის ამპლუაში. თუ მანამდე ვინმე მკითხავდა, რატომ იყო ნიკა არაჩვეულებრივი ბიჭი, მხოლოდ მშრალი სიტყვების თქმა შემეძლო, რომელიც სავსე იქნებოდა სუბიექტური დამოკიდებულებებით. დღეიდან, თუ ვინმე მკითხავს რატომ – ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ნაცვლად შემიძლია მისი სადებიუტო პოეტური კრებული „დონორი“ ავუფრიალო თვალწინ.
 
მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ჰგონია, რომ მუსიკა და პოეზია ისე უხდება ერთმანეთს, როგორც French Fries და ნაყინი (მართლა ვგიჟდები, ისე მიყვარს ეს დუეტი). ამიტომ ჩემთვის ლექსების კითხვა=მუსიკის მოსმენას. არც „დონორის“ კითხვის პროცესი ყოფილა გამონაკლისი. ვკითხულობ:
 
„როცა ამას ჩადიხარ,
ღმერთი თვალებს ხუჭავს,
შეგიძლია ვარსკვლავები მოპარო…“
 
პარალელურად ჩამესმის: “Words are flowing out like endless rain into a paper cup. They slither while they pass, they slip away across the universe…“ დიახ, იუთუბ აუტოფლეიზე ჩაირთო Across the Universe-ს ფეიკ კურტ კობეინისეული ვერსია, რომელიც ჩემთვის ორიგინალსაც კი ჯობია. მერე რა? შეიძლება არც არაფერი, ვიღაცისთვის უბრალო დამთხვევები და მათ შორის ეს სიმღერაც, ჩემთვის მთელ ზაფხულს რომ არ ნიშნავდეს. თან, საინტერესოა ისიც, რომ ზემოთ მოყვანილ ჰაიკუს (ან მინიმალისტურ ლექსს) „სიყვარული“ ჰქვია. აი, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ, მეორედ, მესამედაც და დაფიქრდით, თუ როგორ მოახერხა ავტორმა ისე დაცლილიყო ზედმეტი, უაზრო სიტყვებისგან, რომ თითქოს სამი მარტივი წინადადებით შეექმნა აგაპეს პარადიგმა.
 
 
 
რამხელა გამბედაობაა იმისთვის საჭირო, რომ წერო ისეთ მარადიულ თემაზე, როგორიც სიყვარულია, თან წერო და ამავდროულად არავის მოახვიო თავს შენი გრძნობები, მკითხველს დაუტოვო თავისი, პირადი სიყვარულისთვის ადგილი. რომ დავფიქრდეთ, როდის ხდება ლექსის ბოლომდე გათავისება? როცა ჩვენ ჩვენს ადგილს, ამბავს ვიპოვით მასში, ჩვენიანად მივიღებთ, ვუთანაგრძნობთ და ბოლომდე გავიზიარებთ. სწორედ ეს თანაგრძნობა გამიჩნდა მაშინაც, როდესაც აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ლექსი „წითელი თოვლი“ წავიკითხე:
 
„კარგად მახსოვს,
იმ დღეს ხეების კრემაცია დავარქვი,
მაშინ რუსების სამხედრო ავიაცია
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
 
მალე ამ ამბებზე ფილმი გადაიღეს,
რომელშიც მოვიგეთ ომი,
უფრო ენდი გარსიამ მოიგო,
ფული იშოვა და მოხია…
 
ბევრი რამ შეიცვალა,
მავთულხლართებმა სიარული ისწავლეს,
ჩვენ – ვერაფერი“.
 
კადრები აირია, სისხამ დილით, აივანზე ხალათში მდგომ და იმ რაღაც სწრაფად მფრინავი თვითმფრინავის მომზირალი დედაჩემი ჩაანაცვლა დაბომბვის ხმით გაკვირვებული ბებიაჩემისა და მამიდაჩემის სახეებმა; მამაჩემიც მახსოვს, წარმოდგენა რომ არ ჰქონდა, რა ექნა, როცა თქვეს, ტანკები ზუგდიდში იწყებენ შემოსვლასო; რა დამავიწყებს ბაბუაჩემს, ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნებას რომ ცდილობდა ბოლომდე და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებდა პეკინის ოლიმპიადის ყურებას. ორი წლის, დახვეულთმებიან და წარმოუდგენლად გაკვირვებულ დიტოს ვერ გაეგო რატომ დარბოდნენ უფროსები წამდაუწუმ შოკირებული და წაშლილი სახეებით. და 7 წლის მე, რომელსაც დიტოზე ცოტა უკეთ მესმოდა სიტუაცია, მაგრამ მაინც ვერ ვხდებოდი, რა უნდოდათ რუსებს, რატომ დაფრინავდნენ მათი თვითმფრინავები ჩვენი სახლის სახურავის სიმაღლეზე გამაყრუებლად იმ ხმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კოშმარული სიზმრების საუნდტრეკად რომ მექცა…
 
ბოლოსკენ, ესეც „სიკვდილი“, რომელიც 4 წლის სოფიას ეძღვნება, გულის ოპერაცია რომ ვერ გადაიტანა:
 
„მშობლებმა საქანელა ჩამოხსნეს,
 ვერ აიტანეს მისი ქარით რწევა“.
 
აქ არაფერს დავწერ. ყველამ ჩვენ ჩვენი ფიქრები გავიხსენოთ სიკვდილზე, ისინი საკმარისზე მეტს ამბობენ, ვიდრე ჩემ მიერ დასაწერად გამზადებული, მაგრამ დაუწერელი თითოეული სიტყვა მასზე.
 
სულ ბოლოს მოვიშველიებ გიორგი ლობაჟანიძის სიტყვებს, რომელსაც მიაჩნია, რომ „დონორი“ ახალი სისხლია ქართული პოეზიისთვის და დავამატებ – ნიკა ლაშხია კი პოეტი, რომელსაც არ ენანება გადასხმა, სულ მზად არის, რადგან მას ლიტერატურა სისხლში აქვს გამჯდარი.
 
 
სალომე ლიპარტია
 
INTELEKTI.Ge
წინა სტატია,,ქართული ოცნება”, რომელიც ,,საგანგებო რეჟიმზე გადადის”, თაგვის კალმით იარაღდება
შემდეგი სტატიამოქალაქე თეონა ქარდავა ცენტრალურ ხელისუფლებას მაიზერ ნანავას გადაყენების მოთხოვნით მიმართავს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური