რატომ აჟღარუნებს ,,ქართული ოცნება” ისევ გახვრეტილ დაირას და რას გულისხმობს მეორე ტურისთვის მობილიზაციაში?

0
390
,,ქართული ოცნება'' მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის წარმატებით მოგვრილ შიშსა და ელდას ინელებს.   რაც უნდა რიხით ილაპარაკოს ხელისუფლებამ  ერთ არასრულ პროცენტზე, რომლითაც  სალომე ზურაბიშვილმა ,,გაუსწრო'' კონკურენტს,   ( ხელისუფლებაში ყველაზე უკეთ იციან,  საიდან გაჩნდა ეს პროცენტი  და სად გაქრა პროცენტები, რომლითაც სინამდვილეში მათ კანდიდატს გაუსწრო გრიგოლ ვაშაძემ), ამ ელდის სიმძლავრეს განსაზღვრავს ის, რომ  ხალხმა  ამ შედეგებით პასუხი აგებინა მას შეუსრულებელი დაპირებებისთვის, ქვეყნის დაკნინებისთვის, ადამიანების სრული იგნორირებისთვის, წამგებიანი პოზიციისთვის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს  ქვეყნის   მძლავრი წინსვლის ტენდენციასთან შედარებისას.  
 
 მამუკა ბახტაძის ,,დაუთოებული'' განცხადებები, ეკა ბესელიას ნაძალადევი ღიმილი და გედევან ფოფხაძის ისტერიული ალუზიები ( სხვა არც არავინ შერჩათ ლაპარაკის, სხვა საქმეა – რამდენად ჭკვიანურის,  უნარის მქონე )  სავსეა თეზისებით კახი კალაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებიდან..
 
კახი კალაძემ კი  მთელი აქცენტები არასწორ საარჩევო მენეჯმენტზე გადაიტანა   და  არაფერი თქვა  ნამდვილ მიზეზებზე, რომელმაც არჩევნებში მმართველი  ძალის   მიერ განცდილი კრახი განაპირობა.  ( დიახ, ეს  კრახია, არა იმიტომ, რომ მეორე ტური გახდა საჭირო, არამედ იმიტომ,  რომ მან დაძრა , როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი წინასწამეტყველებდა, ელექტორალური ტალღა, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ,,მიჯირყვნული'' მოქალაქის როლი  და სანახაობა უპუროდ ( ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატური ინტერვიუები და მოთხრილი ხეების ხრიგინი გადათხრილ გზებზე).
 
 ეს ტალღა  ყოველ საათს იზრდება, რადგან   ხალხმა გადააბიჯა ზღვარს, რომელსაც ხელისუფლების შიში ქმნიდა, ხელისუფლება დღეს უკვე დაცინვის ობიექტი გახდა   და ეს ტალღა უსათუოდ წალეკავს მათ მეორე ტურზე ყველა ვარიანტში – გააყალბებენ? ძალისმიერ მეთოდებს მიმართავენ?  – მიიღებენ სათანადო პასუხს და არ არის გამორიცხული ქუჩებშიც.   არ გააყალბებენ? პასუხი გარანტირებულია –  სალომე ზურაბიშვილს იმ სანახევროდ  ნაჩუქარი  39 პროცენტიდანაც აღარაფერი დარჩება, რადგან ადამიანები, თვით მათი საიმედო წრეებიდანაც კი , უკვე  ეძებენ  ამობარგება-გადაბარგების პირობებს და ამას არჩევნებში პასიურობითაც გააკეთებენ ). 
 
რატომ აიჩემეს არჩევნების არასწორი მენეჯმენტი და რატომ შეახოცეს ხელი სალომე ზურაბიშვილს? –  იმიტომ, რომ მეორე ტურამდე  ხელისუფლებას  არც დრო აქვს და არც რერსურსი რამე გამოასწოროს და, მით უფრო, განახორციელოს ქვეყნისათვის რამდენადმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, ერთადერთი, რაც მას შეუძლია, არის შეცვალოს ,, არჩევნების მენეჯმენტი'', რასაც ისინი ეძახიან მობილიზაცის ამომრჩევლის დაშინებითა და  მოსყიდვით, კორცხელის ტიპის მოქმედებებით,     მტრის ხატის შექმნით ( სულ ქმნიან და ვერ  შექმნეს, რაც ამ არჩევნებმაც გვაჩვენა, ხალხმა სწორედ მათ მისცა ხმა, ვისი დაბრუნებითაც აშინებდნენ ) და .ა.შ. და ა.შ.
 
მთავარი შეცდომა  მომავალი ტურის სტრატეგიაში, რომლის კონტურები ამ ორ დღეში გაკეთებულ განცხადებებში იკვეთება, მაინც ის არის, რომ  მობილიზაციაზე საუბრისას აქცენტი გადატანილია საჯარო მოხელეებზე და პარტიის რიგით წევრებზე – აშკარაა, რომ სწორედ მათ პასიურობას  ბრალდება ის,  რა შედეგიც დადგა, დაშინების ობიექტები ახლა ისინი უფრო იქნებიან, ვიდრე მათი პარტიისგან შორს მდგარი ამომრჩევლები. სხვაგან არ ვიცით, მაგრამ ზურაბიშვილის სამეგრელოს შტაბებში, პარტიის ოფისებში  საპანაშვიდო განწყობაა  ან …ელექტროენერგიას ზოგავენ – ყოველ შემთხვევაში,  მოშორებით მიყენებული ჯიპები  ერთგვარი უჩვეულო მორიდებით ბზინავენ და აქტივისტებიც, როგორც მეგრელები ვიტყვით, ,,ექი-აქო გილევალნა'' ( აქა- იქ აჩრდილებივით  დაკრთიან), მოკლედ ძველი რიხი არ ჩანს.
 
 
თუ ფიქრობენ იქ, მაღლა, რომ შეიძლება ბევრმა მათი წრეებიდან ამ მუქარისა და მოსალოდნელი ,,დიდი ჯირყვნის'' პირობებში სულ სხვა, მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღოს? 
 
მაღალი რანგის პარტიულიბოსები   კი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობენ  შეინარჩუნონ  ძველი რიხი.  
 
  ,, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში'', – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
 
,,ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე,და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა.- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
,აგრამ ამაზე მნიშვნელოვანია გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელიც აშკარად  დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ სამოაქალაქო ომის მუქარას  შეიცავს. 
 
 
,,თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით'' –  გედევან ფოფხაძე კი ისევ გახვრეტილ დაირას აჟღარუნებს: მისი თქმით , „ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება. ,,ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია,მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხის წინაშე ყველა პირს შევკრავთ, გავერთიანდებით, ყველანაირ წყენას და უკმაყოფილებას, რაც კი შეიძლება გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, დავივიწყებთ და შევძლებთ, რომ ეს ფაშისტური ძალა არ გახდეს საქართველოს დაღუპვის წინაპირობა,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
 
რას არ გააკეთებს და არ იტყვის კუთხეში მიმწყვდეული კაცი. ჰაერში არასასურველი ტენდენციის მოლოდინი ტრიალებს – არ არის გამორიცხული, ქართულმა ოცნებამ ამ მიმარტულებით სვლა და მოქმედება მეორე ტურამდეც, ძალიან მალე დაიწყოს.  
 
ამიტომ არის ძალიან დროული და საყურადღებო  გაერთიანებული ოპოზიციის  საპრეზიდენტო  კანდიდატის  გრიგოლ ვაშაძის მოწოდება ამომრჩევლისადმი, რომელიც მან საარჩევნო დღის წარმატებით დასრულებისთანავე გააკეთა: 
 
,,საქართველოში "ღირსების არჩევნები შედგა. მიუხედავად გაყალბებისა, მცდელობებისა, რომ თავისი კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, ეს არ გამოუვიდათ".
 
მაგრამ "მაქვს თხოვნა – არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი. წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში ხელისუფლების შეცვლა დაიწყება. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი მტკიცე პოზიცია უკვე გამოხატა", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
წინა სტატიასალომე ზურაბიშვილმა გალაქული კლანჭები გამოაჩინა. ,,მოსხსნის” თუ არა იგი თავის კანდიდატურას მეორე ტურის წინ?
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ორდღიანი დუმილის შემდეგ: „ამ საღამოს, 20:00 საათზე განცხადებას გავაკეთებ პირდაპირ ეთერში”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური