ოსტაპ ბენდერის კარიკატურა თუ დიდი მენეჯერი? – ,,მენეჯმენტი შემიძლია და ის არის, რითაც წარმატებას მივაღწიე”

0
360
წაიკითხეთ ჩემი 2005 წლის ინტერვიუ, როგორ შევძელი მე მხოლოდ სუფთა მენეჯმენტით საკმაოდ დიდი ქონების დაგროვება რუსეთში. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში მოვედი, მენეჯმენტში „ლომის წილი“ ჩემი იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაში მთავარი როლი მისმა მენეჯმენტის უნარმა ითამაშა და არა ფულმა.
 
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ის დეტალები გაიხსენა, როგორ შეძლო რუსეთში ფულის დაგროვება და აღნიშნა, რომ მისი წარმატების საფუძველი სწორედ კარგი მენეჯმენტია.
 
„ის, რომ მენეჯმენტი შემიძლია და ის არის, რითაც წარმატებას მივაღწიე, ძალიან გთხოვთ ვისაც არ წაგიკითხავთ ჩემი 2005 წლის ინტერვიუ, წაიკითხეთ. ნახეთ, როგორი ხელწერით ვმოქმედებდი მე. „Ведомости“-ში ეს ინტერვიუ დღესაც ყველაზე კითხვადია. მთელი ჩემი მოღვაწეობაა იქ განხილული. როდესაც შემთხვევით ვიყიდე ჩემი კომპანიის აქციები და სახელმწიფომ არასწორად გაყიდა. სახელმწიფო ვაიძულე, კანონი გადავაკეთებინე, უკან დავაბრუნებინე და ხუთჯერ ძვირად ვიყიდე, სწორად ვიყიდე – აი, ეს მაგალითი მაქვს მოყოლილი ინტერვიუში, სადაც მე ვერ მოვიტყუებოდი. ქართველებს რასაც მინდა იმას მოვუყვები, პრინციპში. ჩემი ბანკი და მე ვიყავით ერთადერთი პრეცენდენტი, როდესაც რუსეთის სახელმწიფომ უარი განაცხადა თავის ვალდებულებებსა და ვალების გადახდაზე. ყველა მსხვილი ბანკი დაიკეტა და ერთადერთი გიჟს მეძახდნენ მე, მე დავდექი ბოლოს. არათუ ბანკიდან არ გავიტანე არაფერი, რაც ბანკს არ ეკუთვნოდა, ისიც ბანკს მივაკუთვნე. ერთადერთი ჩემი სტრუქტურა იყო, რომელმაც რუსეთში ევროპული პრეცენდენტი შექმნა. აი, წაიკითხეთ ეს ინტერვიუ, როგორ შევძელი მე მხოლოდ სუფთა მენეჯმენტით და ამის ხარჯზე საკმაოდ დიდი ქონების დაგროვება რუსეთში.
 
თუ მენეჯმენტზე მიდგება, პრინციპში იქ რატომ უნდა წავიდეთ, აქედანაც შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში მოვედი, არ მომხდარა შემთხვევით. ეს აგრესიული ძალა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგეთ და რა თქმა უნდა, „ლომის წილი“ მენეჯმენტში ჩემი იყო. აქ მთავარი დომინანტი არ იყო ფული. სიმღერით გავიყვანეთ რომ იტყვიან,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.
 
2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების მაშინდელი რჩევები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გია ხუხაშვილი მას „გრეჩხების“ გამოყვანას აძალებდა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც ჰპირდება, რომ მალე ყველაფერი დალაგდება.
 
„მაშინდელი გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის რომ დამეჯერებინა, შეიძლება აბსოლუტურად გაუგებრობა მიგვეღო. 13 კაცი ვერ გამოიყვანა ირაკლი ალასანიამ, ბორჯომი გვქონდა მაშინ ყველაზე მაგარი. გია ხუხაშვილი მაწვებოდა, „დრაივია“ გრეჩიხები გამოვიყვანოთო. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი მაშინ, მე არ ვიყავი მათთვის ავტორიტეტი როგორც მენეჯერი. რამდენიმე თვეში ძლივს გადავიყვანე ჩემს რელსებზე. აი, ასეთი იყო რეალობა. იმას მენეჯმენტი არ სჭირდებოდა თქვენ გგონიათ? მე მინდა დავარწმუნო თანაგუნდელებიც, საზოგადოებაც და ისინიც, ვინც მტრულად და სიხარბით უყურებენ სახელმწიფოს, რომ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი,“ – განაცხადა ივანიშვილმა.
წინა სტატია,,ქალბატონი კვესიტაძის” შემდეგ ივანიშვილმა ,,მოუკრეფავში გადასულ ქალბატონ ეკა გიგაურს” მოსცხო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ ,,არ იცის”, რატომ დააკავეს დღეს ზაზა სარალიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური