„ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს

0
400
პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.
 
მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააცნო.
 
“კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას.
 
პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, არსებითად, გამოიყენება პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით, თუმცა გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ამჯერადაც გავაცნობთ საზოგადოებას მის შედეგებს.
 
აღვნიშნავთ, რომ მორიგი კვლევა ჩატარდა გასულ კვირაში – ამა წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, ბუნებრივია გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.
 
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:
 
– სალომე ზურაბიშვილი – 30%
 
– გრიგოლ ვაშაძე: – 11%
 
– დავით ბაქრაძე: – 10%
 
– სხვა კანდიდატები: -7%
 
არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას – გამოკითხულთა 42%.
 
შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:
 
– სალომე ზურაბიშვილი – 54%
 
– გრიგოლ ვაშაძე – 18%
 
– დავით ბაქრაძე – 16%
 
– სხვა კანდიდატები -12%
 
როგორც ხედავთ:
 
გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება;
 
დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმეპროცენტიანი კლება;
 
სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში.
 
მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს.
 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
მისივე თქმით, 2012 წელს სწორედ ორგანიზაცია :ფსიქო პროექტის“ კვლევის შედეგები იყო ყველაზე ახლოს არჩევნების საბოლოო შედეგთან. აქვე მდინარაძემ დეტალურად გაიხსენა "ფსიქო პროექტის“ კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის მიერ 2012 წლის ივლისში ჩატარებული კვლევა ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 40% და „ნაციონალურ მოძრაობას“ 29% უჭერდა მხარს, ხოლო აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მაჩვენებელი 42%-ს, „ნაციონალური მოძრაობის“ კი 41% შეადგენდა.
 
"საბოლოოდ ორგანიზაციამ დადო კვლევის მონაცემი და უკვე ამ კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 49% „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას, 43% კი „ნაციონალური მოძრაობას". სწორედ ეს შედეგი იყო ახლოს არჩევნების საბოლოო შედეგთან, რომლის მიხედვითაც 54% „ქართულმა ოცნებამ“ და 40% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო. "ფსიქო პროექტით“ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ზუსტი მონაცემები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
წინა სტატიამამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა
შემდეგი სტატიაოქტომბერში სავარაუდო ზეწოლისა და იძულების – 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 7 ფაქტი და მრავალი სხვა დარღვევა დაფიქსირდა – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური