ვინ და რატომ ხდის სადაოდ, რომ ომუნეშ ჯიხა მეგრული ძეგლია?

0
1074

,,ვინ და რატომ ხდის სადაოდ, რომ  ომუნეშ ჯიხა მეგრული  ძეგლია? –  ამ  კონტრშეკითხვით პასუხობს სოციალურ ქსელში ისტორიკოსებისა და  მწერლების საკმაოდ დიდი ჯგუფი  ,,GZA KVIRISPALITRA. Ge-ს  სტატიის სათაურში გამოტანილ კითხვას:  ,,რატომ და ვინ   ეწინააღმდეგება ომუნეს ჯიხას რესტავრაციას?'' ,,ოდიში ნიუსი'' გთავაზობთ სოციალურ ქსელში ამ ისტორიული ძეგლის რესტავრაციის გარშემო განახლებული კამათის მონაწილეთა  ტიპურ კომენტარებს,  სადაც  გამოთქმულია  სავსებით ლეგიტიმური წუხილი და მოთხოვნა – ხელახალი რესტავრაციის პროცესში გათვალისწინებულ იქნას ძეგლის  ისტორიული პირველსახის აღდგენის აუცილებლობა. ისინი თვლიან,  რომ  ერთხელ უკვე არასწორად  რესტავრირებულმა ძეგლმა დაკარგა კოლხური კოშკისთვის დამახასიათებელი ფორმები და ხელოვნურად დაამსგავსეს  სვანურ კოშკს, რომლის საწინააღმდეგო არც არავის აქვს რამე,  თავის ადგილზე და თავის არეალში,  თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ  ვინმე უნდა შეეგუოს   კოლხური კოშკის თავისებურების იგნორირებას   სამეგრელოში. 

გია ჯიჭონაია:  ,,ეს იყო კოლხური, ამ შემთხვევაში, მეგრული კოშკი, ეს ყველა ვარიანტში ექნებოდა მეგრელ მთავარს, აქედან ხომ მთლიანად კონტროლდება მთელი ტერიტორია შავ ზღვამდე. ძეგლს რესტავრაცია სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს, (სანამ არ დანგრეულა), ოღონდ პირვანდელი, კოლხური (ამ შემთხვევასი) მეგრული ფორმით და ორნამენტით.''
 
 მურად ჭანტურია: ეს  სასიგნალო(!) კოშკია და უნდა გადაიხუროს (!) ისე, როგორც სასიგნალო კოშკი იყო გადახურული და არა ისე, როგორც სვანეთში კოშკები გადახურული,,, სასიგნალო კოშკის თავზე ცეცხლი უნდა დანთებულიყო! 
 
კოტე ნაჭყებია:  ვიღაცას რაღაც ძალები ელანდებათ ყველგან და ყველაფერში,. ვერავითარი ძალა ვერ გათიშავს სამეგრელოს ერთიანი ქვეყნისაგან, მაგრამ არის ზოგიერთი პრინციპული საკითხი, — არ გავითქვიფოთ. საქართველოს ხიბლი სწორედ მრავალფეროვნებაშია. ვიმღეროთ მაშინ მეგრული ნანა რაჭული ნანას მსგავსად, ან კახური მრავალჟამიერი მეგრული მსგავსი სიმღერისნაირად. ნახავთ რაც გამოგივათ. საქმე აქაც ასე დგას. კოლხური კოშკი კოლხურს უნდა ჰგავდეს, სვანური კი სვანურს. სხვანაირად ყველაფერს დაეკარგება ფასი.ჩვენი ხიბლი მრავალფეროვან ერთიანობაშია

 
დავით გელაზონია: ომუნეს ჯიხა ჰქვია და სვანური როგორაა?!
 
ზურაბ კვარაცხელია: მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამეგრელო ყოველი მხრიდან ალყაშია მოქცეული! ფრთხილად! ნუ გვიჩხიკინებთ! საუკუნეების მანძილზე ისედაც საკმაოდ ვართ გაძარცვულები და მინდა ყველას გითხრათ – აღმოსავლეთითაც, დასავლეთითაც, სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც, რომ მარგალთა მოთმინების ფიალა აღუვსებელი როდია! 
 

ზაურ ფიფია : ისტორიკოსებისგან ვიცი, რომ  ეს "ჯიხა" უძველესი კოლხური ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი მთავარი კოშკია და ენგურის რიყის ქვითაა ნაშენი! მართალია, ამჟამად იგი ჩამონგრეულია, მაგრამ თავის დროზე მას კოლხური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ქონგურები ამშვენებდა! თუ, კარგად მოივლი აქაურობას, ამ მთის ძირას ეკლესიასაც და სალოცავსაც ნახავ, რომელთაც "ჯიხასთან" გვირაბი უნდა აერთებდეს! აუცილებელია აქაურობის სათანადო არქეოლოგიური გამოკვლევა!… აქ ყოველმა ლოდმა, შეიძლება, კოლხური კულტურის უძველესი ნაშთები აღმოაჩინოს! 
 
ამრიგად, ამ კომენტარებიდანაც ჩანს, რომ  თავისთავად ომუნეს ჯიხის რესტავრაციას არავინ ეწინაარმდეგება , მთავარი საკითხავია, რამდენად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს რესტავრაციის პროექტი, სადაც მეგრული ქონგურები  ჩანაცვლებულია სვანურით, რომელთაც ვერ ვხედავთ ძეგლის ფოტოებში, რომლებიც პირველ რესტავრაციამდე არის გადაღებული.    
 
სწორედ ეს არის  არსი კამათისა, რომელიც პალიტრა გეს  სტატიას  მოყვა. გთავაზობთ ამ პუბლიკაციას 
 
 
 
ომუნეში რესტავრაციამდე

 
 
ომუნეში დღეს
 
 
რატომ და ვინ ეწინააღმდეგება ომუნეს ჯიხას რეაბილიტაციას?
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის განაპირას აღმართულია კოშკი, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კოშკი ქვით ნაგები ხუთსართულიანი ნაგებობაა, ბრტყელი სართულშუა გადახურვებით. კოშკის ქვედა სართული ყრუა, ხოლო ბოლო, საბრძოლო სართული სვანური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ქუდი-გვირგვინით სრულდება. კოშკის ადგილმდებარეობა და პოზიცია მის სათვალთვალო დანიშნულებაზე მეტყველებს – აქედან იწყება მთიანი კოლხეთი. ვარაუდობენ, რომ კოშკი გვიანფეოდალური ხანისაა. 
 
"ომუნეს ჯიხა კომპოზიციური სტრუქტურითა და პროპორციებით მსგავსებას სვანურ არქიტექტურასთან ავლენს და მისი აღდგენა და დაცვა აუცილებელი და გადაუდებელია", – წერია ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევითი ცენტრის დასკვნაში, მაგრამ წლებია, ამ კოშკის რეაბილატაცია და აღდგენა ვერ ხერხდება. ამის შესახებ ისტორიკოსს, ფილოლოგიის დოქტორს, რუსუდან იოსელიანსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ვესაუბრეთ. 
 
რუსუდან იოსელიანი:
სვანეთში დაბადებულ-გაზრდილი თუ ხარ და გიყვარს შენი კუთხე, როგორ შეიძლება, სვანური არქიტექტურის, სვანური კოშკების შენარჩუნებაზე არ იფიქრო? მით უმეტეს, როცა რამის გაკეთება შეგიძლია, რატომ არ უნდა გააკეთო? ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, ჩვენი წინაპრების დანატოვარი შევინარჩუნოთ. სვანისთვის კოშკი სალოცავის ტოლფასია… ბევრი გადაუხურავი და დაზიანებული ძეგლია. სხვა კოშკების აღდგენასაც ვფიქრობ, მაგრამ რადგან ომუნეს ჯიხა სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პირველი კოშკია, ამით დავიწყე. ცოტა არ იყოს, სასირცხვილოა, როდესაც სვანეთის სანახავად ჩასულ ტურისტებს პირველივე კოშკი ასეთი დანგრეული და მოუვლელი ხვდება. ბოლოს 1982 წელს აღადგინეს, მაგრამ მას შემდეგ კვლავ დაზიანდა – გადაუხურავი ნელ-ნელა ინგრეოდა. არადა, სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. ძეგლთა დაცვის სააგენტოში მითხრეს: თქვენამდეც ბევრი ეცადა ამ კოშკის გადახურვას, მაგრამ არ გამოუვიდათ და დროს ტყუილად დაკარგავთო. მე მაინც არ მეგონა, ამხელა წინააღმდეგობას თუ წავაწყდებოდი. 
 
2015 წელს მივიღე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან კოშკის სარესტავრაციო სამუშაოებზე. შევადგინეთ პროექტი, დავიწყე თანხების მოძიება, რაშიც აქტიურად მესტიის რაიონის მოსახლეობაც ჩაერთო და 2016 წელს აღვადგინეთ სართულშორისი გადახურვები, დამაკავშირებელი კიბეები, გავამაგრეთ ქონგურები, მაგრამ კოშკი მაინც ვერ გადავხურეთ. ერთ დღეს დამირეკეს მუშებმა, – პრობლემა გვაქვს, შემოწმებაზე არიან მოსულები და დაელაპარაკეთო. მისულები იყვნენ წალენჯიხის გამგეობიდან, ჯვარიდან და ზედამხედველობის სამსახურიდან. კანონის თანახმად, მათ ტერიტორიაზე შესვლისა და მით უმეტეს, შემოწმების უფლება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ჯარიმის გამოწერით დამემუქრნენ, დაემუქრნენ მუშებსაც და სამუშაოები შეგვაწყვეტინეს. რამდენიმე დღეში გავაგრძელეთ მუშაობა, მაგრამ ისევ მოვიდნენ გამგეობიდან და გვითხრეს, სამუშაოები შეგვეჩერებინა. ასე გრძელდება რამდენიმე წელია. ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენთვის, საქმე ბოლომდე რომ არ მიგვეყვანა.
 
– კი, მაგრამ რა მიზეზს გეუბნებოდნენ?
 
– მიზეზი, ჩემი აზრით, ადამიანთა მცირე ჯგუფის უპასუხისმგებლო ქმედებებია. მათ არასწორი აზრი შექმნეს საზოგადოებაში და ცდილობენ მოსახლეობის ნეგატიურად განწყობას, მაშინ, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრისას არ წავწყდომივარ წინააღმდეგობას. პირიქით, მადლობასაც მეუბნებოდნენ. საბოლოოდ, ამ ადამიანების ქმედებამ შედეგი გამოიღო და სამუშაოები შეჩერდა. სწორედ ეს ჯგუფი, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ომუნეს ჯიხა მეგრული ციხეა და არა სვანური კოშკი, რის საფუძველსაც აძლევთ ის, რომ კოშკი წალენჯიხის ტერიტორიაზე დგას. სვანური კოშკები სვანეთს გარდა სხვაგანაც გვხვდება, რაც არაა გასაკვირი. ჯიხაშკარში ჭაქვინჯის ციხის ექვსივე კოშკი სვანურია, მარტვილში ნოღას ციხის ერთ-ერთი კოშკი სვანურია, კასპში, მაღალაანთ ციხე სვანური ქონგურებითაა გაფორმებული, აგრეთვე ორბელის ციხეც. რამდენიმე სვანური კოშკი დგას ჩრდილოეთ კავკასიაშიც. არაერთხელ შევხვდით წალენჯიხის გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს, მაგრამ შეთანხმებას მაინც ვერ მივაღწიეთ. შეთანხმება კი არა, ცოტა არ იყოს, გაოცებული დავრჩი მათი ნათქვამით – თუ არ გადახურავთ, ნელ-ნელა თავისით მაინც ხომ დაინგრევაო. ერთ-ერთი შეხვედრიდან რომ გამოგვაცილეს, ხუმრობით ისიც კი გვითხრეს, ბარემ გამგეობის წინ აგვიშენეთ სვანური კოშკიო.
 
90-იან წლებში გვინდოდა "მუხა" გვესროლა ამ კოშკისთვის და რატომღაც ვერ მოვახერხეთო, არც ეს დაუმალავთ… ბოლო წლების მანძილზე მართლაც ბევრჯერ სცადეს მისი დანგრევა. შარშან დაგვემუქრნენ კიდეც, რომ საერთოდ გადაწვავდნენ კოშკს. ახალგაზრდებისთვის მიუციათ დავალება, რომ მოენგრიათ ქონგურები. საბედნიეროდ, მათ ეყოთ გონიერება და ეს არ გააკეთეს. ამავე დროს, ზუგდიდის შუაგულში დგას რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული სვანური კოშკი და არც ერთ ზუგდიდელს აზრად არ მოსვლია, პროტესტი გამოეთქვა. ძალიან ვწუხვარ შექმნილი მდგომარეობის გამო, თუმცა ვერაფერი გამიგია მათი. ვაკეთებთ, ხომ არ ვანგრევთ?! წლებია, ვცდილობთ კოშკის გადახურვას და ყოველთვის აქტიურად გვიშლიან ხელს. ჩავიდოდით თუ არა, გარკვეული ჯგუფი უცებ იქ გაჩნდებოდა, დაიწყებოდა კამათი, გაწევ-გამოწევა და შეუძლებელი ხდებოდა მუშაობა. მაქსიმალურად ვერიდებოდი კონფლიქტს, მეშინოდა, დაპირისპირება არ მომხდარიყო, ამიტომ 2016 წელს შევაჩერთ ეს პროცესი და 2017 წელს კვლავ განვაახლეთ. საქმის კურსში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ჯვარის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გარანტიას გვაძლევდნენ, რომ წესრიგს დაიცავდნენ, ვითარების გამწვავებას თავი ავარიდე და სამუშაოები შევაჩერე. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გამიმყარა იმ სატელეფონო ზარებმა, რომლებიც ხორციელდებოდა ჩემთან სხვადასხვა თანამდებობის პირისგან, თხოვნით და გაფრთხილებით, არ გამეგრძელებინა სამუშაოები.
 
– ამ საქმეში ძეგლთა დაცვის სააგენტო ოფიციალურად რატომ არ ჩაერთო?
 
– ამ პროცესებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაერთო, რომლის ნებართვითა და მხარდაჭერითაც მიმდინარეობდა სამუშაოები. მათი მოთხოვნის საფუძველზე საკითხის გარკვევა ჩუბინაშვილის ინსტიტუტს დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ კოშკის ტიპი საეჭვო არ იყო, ინსტიტუტს მაინც უნდა ჩაეტარებინა კვლევა ამ კუთხით. დასკვნები წარმოადგინეს ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მთავარმა მეცნიერი თანამშრომელმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა და ცენტრის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ირინე ელიზბარაშვილმა, ხოლო შემაჯამებელი დასკვნა – აღნიშნული ცენტრის დირექტორმა თამარ ბელაშვილმა. მოცემულ დასკვნებში კიდევ ერთხელაა დადასტურებული, რომ ომუნეს კოშკი სვანური ტიპისაა. 1990 წელს შესრულებულ ბარათში (ძეგლის პასპორტი), რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში ინახება, ასევე ცალსახადაა მითითებული, რომ "კოშკი წარმოადგენს სვანური კოშკებისთვის დამახასიათებელ ტიპურ ნაგებობას". აგრეთვე, ომუნე სამეცნიერო ლიტერატურაში ყველგან დაფიქსირებულია როგორც სვანური კოშკი. ამ 3 წლის მანძილზე ძეგლის შენარჩუნების მოწინააღმდეგეებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი არგუმენტი, რომ კოშკი არ არის სვანური. მხოლოდ განცხადებების წერით და მოთხოვნით შემოიფარგლებიან, რომ არ გადაიხუროს და გადაკეთდეს მეგრულ ციხედ. საპასუხოდ კი მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთაგან ორჯერ იყო მცდელობა კოშკის საკუთარი ძალებით გადახურვის, რაც ჩვენი თხოვნით შეჩერდა.
– ახლა რა სიტუაციაა?
– ამ ზაფხულს წავედი კოშკის დასათვალიერებლად და საშინელი სურათი დამხვდა, თვალებს არ ვუჯერებდი. კოშკი გაძარცულია და მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი. მონგრეულია სართულშორისი გადახურვები და წაღებულია სამშენებლო მასალასთან ერთად. გული დამწყდა, ამ პროცესში ხომ იმდენი ხალხი იყო ჩართული… აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არა ძეგლის დაზიანების, არამედ ქურდობის ფაქტზე. ყველაზე კარგი გამოსავალია, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ჩაერიოს და ძეგლთა დაცვის სააგენტომ თვითონ მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე. იმედია, მას თანადგომას გაუწევს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი, რომელიც მოსახლეობას უკვე დაჰპირდა, რომ დაინტერესდება ამ საკითხით. იმედს ვიტოვებ, ამ საქმეში უსაფუძვლო და არაკეთილსინდისიერად ჩართულ პირებს ეყოფათ გონიერება და მოეშვებიან ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას!
 
ნიკოლოზ ანთიძე: ეს დავა ომუნეს კოშკის აღდგენა-არაღდგენაზე წლებია გრძელდება, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება უკვე აღარ იქნება ჩვენთვის. ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც არქიტექტურის ისტორიის კვლევის მთავარი დაწესებულებაა, დასკვნაში პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს არის კოლხური, დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ძეგლი. სვანეთი კი კოლხეთის შემადგენელი ნაწილი იყო ისტორიულად. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის აზრით, ეს არის კოლხური კოშკი და თავის დროზე არასწორად გაუკეთდა რესტავრაცია. ითხოვენ, ძეგლს პირვანდელი მდგომარეობა დავუბრუნოთ და ასევე, მათი სურვილია, სვანური ნაწილი მოინგრეს, რაც გამორიცხულია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია – ჯერ ერთი, დაზუსტებით არავინ იცის, როგორი სახე ჰქონდა საუკუნეების წინ ამ კოშკს და მეორეც, ეს არის ზოგადად, კოლხეთისთვის დამახასიათებელი ფორმები. აქამდე თავს ვიკავებდი, რადგან არ მინდოდა, ისედაც რთული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავებულიყო. რამდენჯერმე პირადადაც ვიყავი ჩასული და საკმაოდ უსიამოვნო საუბარი მქონდა რამდენიმე ადამიანთან. მომიცვივდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს მეც და იმ კომპანიის წარმომადგენლებსაც, ვისაც სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ, ამიტომაც კიდევ ერთხელ შეჩერდა ეს პროცესი. ტენდენციურობასა და მიკერძოებულობას მწამებდნენ, ოღონდ ვერ ვხვდები, ვის მიმართ ვიყავი ტენდენციური. როდესაც ქალბატონ რუსუდან იოსელიანსაც ასეთი პრობლემები შეუქმნეს, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქონება გადმოსულიყო სააგენტოს ბალანსზე და მასზე გვეზრუნა. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები მათ მოტივაციას, რატომ არ უნდათ ამ კოშკის აღდგენა? 2017 წლის ბოლოს ჩატარდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია. ასე რომ, ძალიან მალე, ოქტომბრის დასაწყისში უკვე აქტიურად დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები და გპირდებით, ეს საქმე ბოლომდე მივა! პროექტით გათვალისწინებულია ფუნქციურად საინტერესო ობიექტის შექმნა. გაკეთდება მცირე კოლხური მუზეუმი და ტურისტებისთვის საინტერესო დატვირთვა მიეცემა ამ ძეგლს… რას ნიშნავს, ესა თუ ის ძეგლი სვანურია თუ მეგრულია, ამ დავაში ხომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნადგურდება და ჩვენი, საერთო საქმე ფუჭდება! 
რა თქმა უნდა, წალენჯიხის გამგებელს, ბესიკ ფარცვანიასაც დავუკავშირდით სიტუაციაში გასარკვევად, თუმცა ის მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კოშკის აღდგენის მოწინააღმდეგეები არ არიან, რომ მუშებს ხელს არავინ უშლის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებაში(!) და საერთოდაც, მსგავსი არაფერი სმენია ამის შესახებ. ამაზეა ნათქვამი, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო"…
 
 
 
 
სტატიის ავტოორი ნინო ჯავახიშვილი
http://gza.kvirispalitra.ge/qveyana/6455-ratom-da-vin-etsinaaghmdegeba-omunes-jikhas-reabilitacias.html?add=1
წინა სტატიაჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა ჯუმბერ იზორიამ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაკირბალიდან რუსმა ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური