გია ხუხაშვილი ურჩხულზე, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” თავის წიაღში გაზარდა

0
377
 
ახლა რაც ხდება, ჩვენ რეალითი-შოუს გვაგონებს და ფაქტობრივად საარჩევნო პროცესს მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებთ, ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია ამომრჩეველსა და ასარჩევს შორის უბრალოდ არ არსებობს, მხოლოდ ვირტუალურია.- განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხასვილმა ინტერვიუში, რომელიც ,,ინტერპრესნიუსის'' ჟურნალისტს კობა ბენდელიანთან მისცა – ამ სკანდალის განცხადებებით გადაფარვა შეუძლებელია. ჯინი ბოთლიდან ამოსულია. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და გვეტყვიან რომ ხვალიდან ცხოვრება მშვენიერი იქნება, ძალიან ცდება –  ინფანტილური მიდგომა „ოცნებას“ კატასტროფამდე მიიყვანს
 
განცხადებები, რომელიც „ოცნების“ სახელით კალაძემ წაიკითხა, ხელისუფლებას პრობლემას კი არ უხსნის, არამედ უფრო უმძიმებს მდგომარეობას
 
ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ იგი სისხლიანი 9 წლის რიტორიკაში ჩარჩა. ფაქტობრივად, დღეს „ოცნების“ მთავარი პრობლემა ოქუაშვილი კი არაა, არამედ ის, რომ მან თავის წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა საკუთარ მშობელს ჭამს. ესაა მთავარი პრობლემა და იგი ამას ვერანაირად ვერ აცნობიერებს.
 
ამ ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ პრობლემა „ოცნების“ შიგნითაა. მმართველმა გუნდმა თავის წიაღში უნდა ეძებოს ურჩხული. რატომღაც მათ ამაზე თვალის დახუჭვა ურჩევნიათ. არადა, მაღალია იმის ალბათობა, რომ სისტემურ მანკიერებას ხელისუფლება უკვე მძევლად ჰყავს აყვანილი და მანევრის საშუალებას აღარ აძლევს.
 
სირაქლემის პოზაში დგომა აღარაფრის მომცემი არ არის. აქ საჭიროა მაღალი სტანდარტებით გამოძიების ჩატარება. ესაა გასაკეთებელი აუცილებლად, რადგანაც ამ ამბებთან დაკავშირებით ხელისუფლებას პრობლემები მარტო ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთაც ექნება. მოსალოდნელია სასამართლო პროცესები, იგივე თი-ბი-სი ბანკთან დაკავშირებით. ოქუაშვილი ბანკის დარღვევებზე საუბრობს და აპირებს იმ 4 მილიონის მოთხოვნას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიმეორებ, ამ სკანდალის განცხადებებით გადაფარვა შეუძლებელია. ჯინი ბოთლიდან ამოსულია. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ყველაფერი ჩაიფარცხება და გვეტყვიან, რომ ხვალიდან ცხოვრება მშვენიერი იქნება, ძალიან ცდება.
 
არსებობს ეჭვი, რომ ივანიშვილის ორბიტაზე ტრიალებენ სხვადასხვა ინტერესჯგუფები, რომლებიც თაღლითური გზით, მისი სახელის დისკრედიტაციისა და ბოროტად გამოყენებით ცდილობენ პირადი ცხოვრების მოწყობას.
 
თუ ეს დადასტურდა, მაშინ ამ სისტემაზე ნაჯახით იქნება გასავლელი. ამ ტიპის მანკიერი სისტემა სიცოცხლისუნარიანი არაა. ის დღეს თუ ხვალ აუცილებლად წავა ისტორიის სანაგვეზე. ივანიშვილს აქვს მარტივი არჩევანი – ან თავად რჩება ნაპირზე სუფთა, ან ამ მანკიერ სისტემასთან ერთად ერთად მოუწევს წასვლა.

 
 
– ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს უნივერსალური იარაღი, – ნებისმიერი თავისი პრობლემა გადაფაროს 9 წელზე საუბრის რიტორიკით. პრაქტიკულად ავითარებს უცნაურ ლოგიკას – რადგან წინა ხელისუფლება ცუდი იყო, აქედან ავტომატურად გამოდის რომ მე კარგი ვარ.
 
როცა ვამბობ, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს რეალურ ამომრჩეველთან კომუნიკაცია, მე ამაში ვგულისხმობ იმასაც, ამომრჩეველს უკვე აღარ აინტერესებს სისხლიანი 9 წელი, რომელზეც დაჟინებით აგრძელებს საუბარს ხელისუფლება
 
. 6 წელია „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამომრჩეველს სურს იცოდეს რა იქნება მომავალში და არა მუდმივად ესმოდეს საუბარი თუ რა იყო წარსულში. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს და თავის მოქაალქეებს არც არაფერს არ სთავაზობს.
მე  დავეთანხმებოდი პათოსს,  რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ რომ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი რამ შეუძლია აკეთოს და ნებისმიერ განუკითხაობაზე წავიდეს.
 
ამგვარი რიტორიკა საზოგადოებას  ეუბნება –   „ოცნებამ“ სულ ჩაქუჩი რომ თავში გვირტყას უნდა ავიტანოთ „ნაცების“ დაბრუნების შიშით.

 
საქართველოს უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ ამგვარ სისტემას ხალხი ვერ იტანს. ადრე თუ გვიან ჩაირეცხება. მესმის, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს. მესმის, რომ ამის გაკეთება რთულია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია.
 
28 ოქტომბრის არჩევნები იქნება ნეგატიური ტიპის არჩევნები, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსებს. რადგან ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი, ის ფიქრობს ასე – არც ერთის არ მჯერა, ამიტომ, გადაიხადე და გადმოგიგდებ.
 
გამომდინარე იქედან, რომ რესურსები ხელისუფლების ხელშია, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება შესაძლებელია, მაგრამ მას არ ექნება ლეგიტიმაცია. ანუ, მას რეალური ამომრჩეველი მას არ ეყოლება. ეს იქნება ერთჯერადი კონტრაქტი ფსევდოამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის.
 
ეს საკმაოდ ცუდი მოცემულობაა, რადგანაც 2018 წლის არჩევნებით ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავს თავის ლეგიტიმაციას. თუ ხელისუფლებამ სისტემურ მანკიერებაზე, მარიხუანისა თემაზე და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე სირაქლემის პოზაში ყოფნა ამჯობინა, ეს მისთვის იქნება გზა არსაით. ამ ტიპის მოვლენათა განვითარებით 2020 წელს „ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ექნება.- ამბობს გია ხუხაშვილი
 
 
წინა სტატიაინდონეზიაში დანგრეული ეკლესიის ნანგრევებში 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“მოღალატე” – ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა მოქალაქეებმა გააპროტესტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური