კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალი ,, ანაკლია -2018 ”

0
605
დღეს ანაკლიაში დაიწყო  სამდღიანი საერთაშორისო ფოლკლორულ-ლიტერატურული ფესტივალი ,,ანაკლია 2018“', რომელიც უკვე მეორეა  2017 წელს გამართული ,,ანაკლია 2017'' – ის შემდეგ  
 
ფესტივალში მონაწილეობენ  ჩეჩნეთის,  ინგუშეთის, ჩერქეზეთის, ადიღეს, დაღესტნის, ყაბარდოს, ბალყარეთის  ცნობილი მწერლები, ენათმეცნიერები, ეთნოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები,  მათ შორის ემიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.
 
 ფესტივალის საპატიო სტუმარია კავკასიის ხალხთა ეროვნულ – გამათავასუფლებელი მოძრაობის პატრიარქი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი და მეგობარი, ცნობილი ინგუში მწერალი და ფილოსოფოსი ისა ქაძოევი.
 
 
ფესტივალის მონაწილეები იმსჯელებენ  ზოგადკავკასიური ერთობის ისტორიული ფესვებისა და  კავკასიური იდეის გარშემო გაერთიანების საკითხებზე თანამედროვეობის გამოწვევებთან კონტექსტში. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი  იქნება  ჩეჩნური, ინგუშური, ოსური, ჩერქეზული, აფხაზური, ქართული, აბაზინური და დაღესტნური ფოლკლორულ-ლიტერატურული ნიმუშები
 
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი გაიხსნა  ანაკლიის საერთაშორისო ლიტერატურული პროექტის  თანაავტორის, ტრაგიკულად დაღუპული   თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნისადმი პატივის მიგებით.  მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის  შარშანდელი ფესტივალის ორგანიზებაში  და  დიდი გეგმები ჰქონდა ამ ფესტივალის მასშტაბების გაზრდასთან დაკავშირებით.
 
ფესტივალის ორგანიზატორების – თბილისში არსებული ჩერქეზული კულტურის ცენტრის თანამშრომლების თქმით, ანაკლია ფესტივალის ადგილად  მრავალი ნიშნით შეირჩა:
 
ანაკლია – ეს მომავლის ქალაქი, როგორც თანამედროვე ეპოქის პირმშო, მდებარეობს გზაშესაყარზე, ადგილზე, საიდანაც იხსნება გზა ერთმანეთისკენ და გზა ევროპული ფასეულობებისაკენ, რომლის ერთერთი შემადგენელი ნაწილია ხალხთა თვითმყოფადობის შენარჩუნება და გათავისუფლება იმპერიული ზეწოლისაგან,  რომელსაც არაერთი საუკუნეა განიცდიან სახელმწიფოებრიობის მქონე კავკასიური ერებიც კი, არათუ დღემდე რუსეთის ფედერაციაში პყრობილი  ჩრდილოკავკასიის მცირერიცხოვანი ხალხები, რომელთაც ნაკლები მექანიზმები აქვთ წინ აღუდგნენ ამ პოლიტიკას, მიმართულს  მათი ასიმილირებაზე და თვითმყოფადობის მოსპობაზე.
 
სად თუ არა საქართველოში, რომელიც ყოველთვის იყო კავკასიის მაჯისცემის ადგილი, და სადაც ყოველთვის ცოცხლობდა კავკასიური ერთობისა და ნათესაობის განცდა , ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა ყოველივე იმის მიმართ,  რაც კავკასიაში ხდება, უნდა შეიქმნას კავკასიური ერთობის პლატფორმა, – ამბობს ფესტივალის ინიციატორი, ცნობილი ლინგვისტ-კავკასიოლოგი, ჩერქეზული კულტურის ცენტრის შემქმნელი და ხელმძღვანელი პროფ. მერაბ ჩუხუა.
 
 
კავკასიის ხალხებისათვის კარგად არის ცნობილი,  თუ რაოდენ თანმიმდევრულად, უამრავი  დაბრკოლების მიუხედავად,  იბრძოდა ეპოქალური მნიშვნელობის ენათმეცნიერების მიერ საფუძველჩაყრილი იბერიულ-კავკასიური სკოლა  კავკასიის ხალხთა ენობრივი, ეთნოგრაფიული თვითმყოფადობის დაცვა- განვითარებისათვის,  კავკასიური ენების ღრმა მეცნიერული შესწავლისათვის, რაც პირდაპირ კავშირშია ამ ერების გადარჩენასთან,  რადგან ერი, რომელიც კარგავს ენას, ეროვნულ ფასეულობებს, ცხოვრების წესს, (ყველაფერს, რასაც იტევს სიტყვა ,,თვითმყოფადობა’’), ისევე განწირულია დაღუპვისათვის, როგორც ასეულ ათასობით კავკასიელი, რომელმაც გადასახლებაში დალია სული. ანაკლიის ფესტივალი სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და  გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგი პერსპექტივაში გადაიქცევა კავკასიური კულტურის ცენტრად.- აცხადებს მერაბ ჩუხუა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატიაკავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალი ,, ანაკლია -2018 ”
შემდეგი სტატიაამინდი ხელს გვიწყობს – მოსავალია დასაბინავებელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური