,,პირველი ადამიანი უნდა შეიჭამოს” – გიორგი მარგველაშვილი ჩამყაყებულ ტვინებში გამჯდარ სტერეოტიპზე

0
377
 წარმატება ბრიუსელში იყო ჩემი და მმართველი გუნდის წარმატება, მაგრამ სულ მორიდებულები არიან მტკიცებით ფორმაში საუბრისას, თუ ვინმეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, – ასე უპასუხა სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმდინარე შეხვედრაზე  გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რომელიც საგარეო მიმართულებით, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას ეხებოდა. 
 
პრეზიდენტის თქმით, როგორც საგარეო უწყებას, ისე დეპუტაციას უჭირთ მტკიცებით ფორმატში საუბარი, ისეთ საკითხებზეც კი, რაშიც წარმატებას მიაღწიეს. პრეზიდენტს ამის მაგალითად, ბრუსელში გამართული ნატოს მინისტერიალი მოჰყავს. 
 
“ჩვენ რაღაცებში უნდა ვიყოთ გაერთიანებულები და არ უნდა გაიაფდე ისე, რომ რაღაც აზრიანი სახით დაჯდე რომელიმე ეთერში "და, და არაფერი არ მომხდარა" იძახო. ამისთვის უნდა აიღო, თუ ინგლისური არ იცი, ვინმეს უნდა სთხოვო და წაიკითხო კონკრეტული დეკლარაცია, თუ არ იცი საერთაშორისო თემები, უთხარი, რომ მოვალ რაღაც სხვა თემაზე სასაუბროდ. ამ ჩამყაყებული ტვინებისთვის ვამბობ ამას, მე არ ვაბრალებ მათ, რომ ისინი რომელიმე ქვეყნის სამსახურში დგანან. 
 
უნდა იყო ბევრად უფრო თამამი შენი წარმატების მტკიცებაში, იქნება ეს საგარეო უწყება თუ ჩვენი დეპუტაცია. ეს წარმატება ბრუსელში იყო ჩემი და მმართველი გუნდის წარმატება, მაგრამ სულ მორიდებულები არიან მტკიცებით ფორმაში საუბრისას, თუ ვინმეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ. ბოლომდე არ იციან და ფიქრობენ, ეს რომ ვთქვა, პრეზიდენტს მიეწერება. ეს მორიდება უნდა გადალახონ და უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, თუ რამდენად ემსახურებიან ქართველ ერს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
მარგველაშვილის განცხადებით, ამ სიტუაციიდან გამომდინარე მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო და  მიიღოს ის, რაც მან  მიიღო  ხუთი წლის განმავლობაში ანუ მზად უნდა იყოს დაუმსახურებელი კრიტიკის, შეურაცხყოფისა და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიებისთვის, ამავე დროს, უნდა მოახერხოს დამოუკიდებელი არბიტრის როლის შესრულება. 
 
„ახლა ხომ დავასახელე აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ოპოზიციამ ხომ გამაკრიტიკა, ხელისუფლების კანდიდატი ხომ დავასახელე, ხელისუფლებამაც გამაკრიტიკა. შანსი არ არის ყველას მოეწონო, ძირითადში ყველა შენს წინააღმდეგ იქნება, რადგან ყველას დღის წესრიგშია, რადგან პრეზიდენტი ხარ… ტრადიციაა საქართველოში, რადგან პრეზიდენტი ხარ, რაღაც უნდა ქნან, ეს სულისკვეთებაა, რომ  პირველი ადამიანი უნდა შეიჭამო ს- არქაული, მითოლოგიური დამოკიდებულებაა, რომ ტომის ბელადი უნდა შეიჭამოს. ეს არის ქართველებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ უნდა დაკარგოს ბალანსის გრძნობა, რადგან ეს არის ამ პოსტის მნიშვნელობაც და ღირებულებაც. შენ უნდა ითამაშო არბიტრის როლი, მიუხედავად შეურაცხყოფისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა კარიერა გაიკეთოს შენი გინებით, მიუხედავად იმისა, რომ მედია ვერ გაგიგებს, პრიორიტეტი უნდა იყოს სამშობლო და ის კონსტიტუციური როლი, რომელიც შენ გაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

 
 
წინა სტატიაგიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მასზეა დამოკიდებული, პრეზიდენტობის ძლიერ კანდიდატს წარადგენს თუ სუსტს ,,ქართული ოცნება ”
შემდეგი სტატიავერდი თუ ვაგნერი? რაზე ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და კვირიკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური