კვირის ბოლოს სავარაუდოდ აჭარის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას ჯერ უმაღლესი საბჭოს ბიუროზე განიხილავენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან. დასამტკიცებლად კი 21 დეპუატატიდან უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
"ქართულ ოცნებას" ამ პასუხისმგებლობის აღება მარტო მოუწევს, რადგან უკვე ცნობილია, რომ რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. ოპონენტები ამ პოსტზე არმაზ ახვლედიანს ლობირებდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას თორნიკე რიჟვაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოეხმაურნენ.
დეპუტატებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის შერჩევისას და რა გარიგებაში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც "ნაცინალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით რეგიონსა და მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად გამართული კონსულტაციების პროცესში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან ცუდია როცა მოსახლეობას არ უხსნიან რატომ წავიდა თანამდებობიდან ზურაბ პატარაძე და აპირებდა ამ არაჯანსაღი პროცესის შეჩერებას. ის მზად იყო წარედგინა ნეიტრალური პოლიტიკური ლიდერი თუ ის დასახელებული იქნებოდა რეგიონის საზოგადოებისა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ რეგიონის ინტერესები და წარვუდგინეთ საზოგადოების მიერ დასახელებული გამოცდილი და წონიანი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, მის კანდიდატურას მხარი დაუჭრეს სხვა პარტიებმაც. გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორ უსუსურად გამოიყურებოდა პრეზიდენტი, რომელიც შეაშინა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებმა, მან საზოგადოებას არ აუხსნა რატომ დაასახელა სახელისუფლებო კანდიდატი, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ერთადერთი რაც განმარტა ეს იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ისმება კითხვა – აქამდე არ იცოდა, რომ სახელისუფლებო პარტიას უმრავლესობა ჰყავდა უმაღლეს საბჭოში? რატომ გაწელა მოლაპარაკებები და იმ დღესვე არ დაასახელა კანდიდატი? რას ემსახურებოდა ეს გაუგებარი პროცესი, რომელიც წამოიწყო რეგიონში? ვფიქრობთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უმაღლეს საბჭოს, როგორც ინსტიტუციას და რეგიონის მოსახლეობას. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ბოდიში მოუხადოს რეგიონის მოსახლეობას. ასევე გაკეთდეს მკაფიო განმარტებები: 1. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კანდიდატის შერჩევისას; 2. მან შეასრულა თუ არა ივანიშვილის დავალება ამ გადაწყვეტილებით? 3. რა გარიგება შესდგა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის", – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.