კრიტიკოსი იოსებ ჭუმბურიძე: „ხიბულა” – ფილმი ზვიად გამსახურდიაზე, სადაც… ზვიად გამსახურდია არ არსებობს!”

0
993
 
გიორგი ოვაშვილის კინოდრამას  ,,ხიბულა'' ,  რომელიც საქართველოს პირველი  პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ასახავს, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვნი შეფასება მოყვა  კვალიფიციური კრიტიკოსებისა და ჩვეულებრივი მაყურებლების მხრიდან. 
ამას  რეჟისორი ელოდა კიდეც – .,  მისი თქმით,   კრიტიკისთვის ღიაა და გაუხარდება კიდეც, რადგან ვინმესგან შექების დამსახურება თვითმიზანი არც ყოფილა.
 
.გიორგი ოვაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ  ხიბულას მთავარი პერსონაჟი არის კონკრეტულად ზვიად გამსახურდია.  მისი თქმით, ეს არის  კრებითი სახე დევნილი ლიდერისა.  „მთელი ეს ამბავი მისტიური უფროა ჩემთვის, აბსურდი, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ერმა ადამიანი, რომელიც თვითონ აირჩია ლიდერად“, – ამბობს იგი, თუმცა ეს  თავის დაზღვევას უფრო ჰგავს, ვიდრე რეჟისორის კონცეპტუალურ ხედვას –  ასეთ შემთხვევაში პირობითობის კანონების თანახმად, შეიძლება  არც მოქმედების ადგილი და არც პერსონაჟის სახელი  ყოფილიყო დაკონკრეტებული და არც     ფილმის  ფაბულა იქნებოდა პირდაპირ  აღებული საქართველოში დღეს (და ალბათ მომავალში კიდევ უფრო მტკივნეულად აღქმადი ) ერთერთი ყველაზე მძიმე  ისტორიიდან. ჩვენი ჭრილობა ღიაა და ღრმა, ამიტომ ბუნებრივია,     რომ  უცხოეთში ფილმი უკეთ  მიიღეს , ვიდრე საქართველოში, რადგან ამ ისტორიიდან დისტანცირებული ადამიანები, რომელთაც ზვიად გამსახურდიას სახელი ბევრს არაფერს, ან საერთოდ არაფერს ეუბნება, ბატი-ბუტის ჭამით უყურებენ ოვაშვილის ნამუშევარს და  ეს მათთვის მხოლოდ ,,კინოა, კინო…''  
 
 
რატომ არ მოსწონს ასე კატეგორიულად ფილმი  ცნობილ ჟურნალისტსა და თეატრალურ კრიტიკოსს  იოსებ ჭუმბურიძეს, რომელიც თავის შეფასებებში  ყოველთვის გამოირჩეოდა  არასატანდარტული აზროვნებით და  სიახლის მიმღებლობით? 
 
,,ეს რა ვნახეთ?! „ხიბულა" – ფილმი ზვიად გამსახურდიაზე, სადაც… ზვიად გამსახურდია არ არსებობს! – წერს იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში  – არსებობს, შესაძლოა, არცთუ ურიგო ირანელი მსახიობის მიერ განსახიერებული გაუგებარი პერსონაჟი, ვიზუალურად, კიკაბიძის ნათამაშევ მედროგე პავლეს რომ უფრო მოგვაგონებს, შინაგანად კი ზვიად გამსახურდიას პავლეზე გაცილებით ნაკლებად რომ ენათესავება.
სუფრასთან, სადღეგრძელოს წარმოთქმისას, ყველა ფეხზე დგება, მის გარდა;
ერთ – ერთი მასპინძელი, მოხუცი კაცი არაყს დაუსხამს, უსიტყვოდ გადაჰკრავს;
კარს შეაღებს და ეროტიკულ სცენას შეესწრება, დადგება და უყურებს(?!)…
ასეთი მკრეხელობა ფილმში კიდევ არაერთია!
ირანელმა მსახიობმა რომ არ იცის, ვინ არის ზვიად გამსახურდია, ეს დიდ ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ ქართველმა რეჟისორმა რომ არ იცის, ამას რა დავარქვათ?!
ქართველმა რეჟისორმა?!
რატომ გადაიღო?!
ვინ შეუკვეთა?!
საკითხავი , აი, ეს არის.
ფილმში პროვოკაციული ეპიზოდებიც გვხვდება:
ერთ – ერთი პერსონაჟი სადღეგრძელოს ასე დაამთავრებს: „ გაუმარჯოს საქართველოს ქართველებისთვის!"
ფრაზა, რომელიც ზვიად გამსახურდიას არასოდეს წარმოუთქვამს და რუსებმა და ვაიქართველებმა დააბრალეს.
ოვაშვილმა ვერ გაბედა, რომ ფილმში ეს ფრაზა ზვიად გამსახურდიას წარმოეთქვა, მაგრამ ისიც იმავე სუფრასთან ზის და არ აპროტესტებს.
 
 
ფილმში უხვად არის სიყალბე და ხელოვნურობა, არის ეროვნულ გრძნობებზე მანიპულაციისთვის გამიზნული კოკეტობაც…
რაც მთავარია, ფილმში არ არის მთავარი – ის, რისთვისაც ზვიად გამსახურდიას დასდევენ.
არადა მთელი ფილმი მხოლოდ ამაზეა – სოფლიდან სოფელში, სახლიდან სახლში გაუთავებელი გადასვლაზე.
ყალბია და ხელოვნურია ფილმში ჩართული სიმღერები და „კეკელასა და მაროს" მელოდიაზე ცეკვა.
დიახ, „კეკელა და მაროც" კი გვესმის იმ დროს, როცა საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამეგრელოს ტყეებში მოსაკლავად დასდევენ(?!)…
და ეს ყველაფერი იმდენად მძიმე სანახავია, რომ მთიანი სამეგრელოს გულისწამღები სილამაზეც ვერ ამსუბუქებს. 
***
სცენარის ავტორი ჰოლანდიელია!
მთავარი როლის შემსრულებელი – ირანელი!
რეჟისორი – ქართველი!
გჯერათ?!''
 
იოსებ ჭუმბურიძის შეფასებებს სოციალურ ქსელშივე მოყვა გამოხმაურებები .
 
პოეტი ლაშა გვასალია:  რა შუაში იყო აქ ზვიად გამსახურდია, ვერ გავიგე?! ვეძებდი ბატონ ზვიადს და ვერსად ვნახე… უნიჭობისა და უარაფრობის მწვერვალია ეს ფილმი… ზვიად გამსახურდია და წალენჯიხელები, რომლებიც ახლდნენ ბატონ ზვიადს, იმ უღრანეთში "ლალეს" მღეროდნენ, უფრო სწორედ "ცრემლაობდნენ"- "ჩემო ლამაზო სამშობლოვ, შენ კი გენაცვალეო.." მთავარი მეხმატკბილე პრეზიდენტი ყოფილა…
 
 
პოეტი ბათუ დანელია:   ეს ფილმი ზვიადის მტრების შეკვეთილია და მათივე დაფინანსებული, ამას წყალი არ გაუვა. ეს ფილმი დაცინვაა ზვიადისტებისა და არა მარტო ზვიადისტებისა…ზვიადის როლს რატომ თამაშობს ირანელი მსახიობი? იმიტომ რომ ამ როლს ქართველ მსახიობი, ზვიადის მტერიც რომ ყოფილიყო, არ ითამაშებდა. სცენარისტი რატომაა ჰოლანდიელ? იმიტომ რომ ზვიადზე ასეთ სცენარს ქართველი სცენარისტი, ზვიადის მტერიც რომ ყოფილიყო, არ დაწერდა მე არ ვამბობ, რომ ზვიად გამსახურდიას შეცდომები არ ჰქონდა, მაგრამ მას თავისი ხალხი და ქვეყანა სიგიჟემდე უყვარდა. ოვაშვილის ფილმში კი ზვიადს ქართველი ხალხი და საქართველო რომ უყვარს, ეს ერთ კადრშიც არ ჩანს. ყველაზე საშინელი კი ის გახლავთ, რომ რეჟისორი ცდილობს დაგვარწმუნოს მის თვითმკვლელობაში.
 
ჟურნალისტი დალი მორგოშია:   იმთავითვე ვიცოდი, რა "ფილმს" შექმნიდა"… ახლაც არიან ძალები, ვისაც ასეთად უნდა წარმოაჩინოს ჩვენი უახლესი ისტორია, არადა გონს მოსასვლელეად დრო უნდა ჰყოფნოდა. არ მინახავს ფილმი და არც მაინტერესებს უკვე ყალბისმქნელთა კინემატოგრაფიული ნათითხნი.  ბათუს, ჩემს საყვარელ პოეტს  კი ვეტყოდი – ზვიადს არაფერი შეშლია, ბათუ, ჩვენ გვეშლება!
 
ჟურნალისტი ფატი ნაჭყებია:  მაღალი სულის მაღალი პრეზიდენტი სად სჩანს ამ ფილმში? სად არის ზვიადი პრეზიდენტი, ზვიადი ქართველი ან ზვიადი საქართველო?
 
 
ჟურნალისტი ციცი გაბისკირია:   მე არ მეყო ძალა და ნერვები, ეს ფილმი რომ მენახა. იმ პატარა ნაწყვეტების მიხედვით, რაც ტელევიზიით გაუშვეს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი, რაც ამ ფილმში დავინახე და რის დამტკიცებააც რეჟისორი შეეცადა, იყო ის, რომ ზვიადი ვითომ ხალხმა მიატოვა, ჯერ აღაზევა და მერე …ამაზე დიდი სიცრუე ძნელი წარმოსადგენია.. შემქმნელებმა ან არ იციან, ან შეგნებულად მალავენ იმ დიდ თავგანწირვას და სიყვარულს, რასაც ხალხი წლების მანძილზე და ეხლაც იჩენს მის მიმართ!!!  და საერთოდ რისი თქმა უნდოდა "შმოქმედებით კოლექტივს", გაუგებარია!!''
 
ფილმი ჯერ არ გასულა ფართო ეკრანებზე. ვნახთ, როგორი იქნება შემდგომი შეფასებები. 
 
 
 
წინა სტატიაკონგრესმენი ჯერალდ კონოლი: ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
შემდეგი სტატია“პირველი გაზეთი ზუგდიდში”- (ზუგდიდი 100 წლის წინ) [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური