დღეს 19 მაისს უკვე მეორე წელი დასრულდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობდან, მაგრამ მკვლელი კვლავ დაუსჯელია.
გალში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ეს მერამდენედ დაფიქსირდა, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებულის დაკავება და მისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა,მაგრამ სავარაუდოდ ამას არც ამჯერად მოყვება შედეგი.
ამასობაში კი გიგა ოთხოზორიას ობლები იზრდებიან და უკვე აქვთ კითხვები, რატომ არ არის მათ გვერდით მამა, ეს მძიმე კითხვაა, მაგრამ მოკლულის დედისა და მეუღლის კითხვები უფრო მძიმეა, რამდენადაც ცდება კონკრეტულად მათი ოჯახის ტრაგედიას და ხელისუფლების უმწეობას ეხება.
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ფიქრობს, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ან არა აქვს პოლიტიკური ნება სათანადო სიმაღლეზე აიყვანოს ეს საკითხი :. ,,არ მეგონა, თუ მკვლელს ასე მარტივად შერჩებოდა უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, რომელშიც ქვეყნის მდგომარეობა აისახა და ფაქტობრივად პოლიტიკურ მკვლელობას წარმოადგენს. ჩვენთვის ვერაფერი სანუგეშოა ის, რომ სახელმწიფოს მოხელეები განუწყვეტლივ ლაპარაკობენ, რომ მკვლელი დაისჯება, რადგან განვლილმა ორმა წელმა დაგვარწმუნა, რომ რაიმე კონკრეტული შედეგის დადგომა შესაძლოა არც მოხდეს.''
ის თვლის, რომ ხელისუფლებას არ სურდა თავის დროზე, ცხელ კვალზე აეტეხა განგაში და ღიად ელაპარაკა ყველა დონეზე, რომ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მკვლელობას სასამართლოში არასწორი კვალიფიკაცია მიეცა – განაჩენში საუბარია იმაზე, რომ მკვლელობა მოხდა ტვირთვის გადაზიდვასთან შელაპარაკების ნაიდაგზე.
,, რა ტვირთის გატარებაზეა საუბარი – ეს ნამდვილად არ იყო შელაპარაკების მიზეზი . აბობს ქალბატონი ჯულიეტა ჭანტურია- სინამდვილეში მკვლელობა ქართული პასპორტის გამო მოხდა, მათ ესროლეს არა კონკრეტულად გიგა ოთხოზორიას, არამედ ქართველს. არ ვიცი, რატომ აუარა გვერდი სასამართლომ იმას, რასაც წლებია ამტკიცებენ თვითმხილველები – გიგას პიროვნული დაპირისპირება არ ჰქონია – იგი გამოესარჩლა ქართველ ახალგაზრდას , რომელიც აბუჩად აიგდეს და ქართული პასპორტი სახეში ესროლეს. გიგას უთქვამს: ჩვენს მიწაზე ხართ და რას ბედავთო? სწორედ ამას მოყვა მკვლელობა – ანუ გიგა ოთხოზორიას რეაქციას ქართული პასპორტისა და ქართველი მოქალაქის შეურაცხყოფაზე.
ეს იყო ქართველის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ ფორმულირებით უნდა წარედგინა სახელმწიფოს სარჩელი, მაშინ შესაძლოა საქმე სხვა მიმართულებით წასულიყო, მაგრამ სახელმწიფომ მაშინ, ცხელ კვალზე ლამის ყოფით მკვლელობამდე დაიყვანა ეს საკითხი -ამბობს ჯულიეტა ჭანტურია – როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ აწყობდა საქმის გართულება, და, რომ არა ვიდეოკადრები, მალევე მიავიწყებდა ხალხს, რის ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. მაშინ კომპეტენტურმა პირებიც არ მალავდნენ , რომ არ ღირდა ერთი ადამიანის მკვლელობის აყვანა ასეთ დონეზე “ .
,,შეიძლება ვინმე იმედოვნებდეს, რომ დრო თავისას გაიტანს და გავჩუმდები. შვილი ერთია და, მაგრამ მე შვილიშვილი მეზრდება. თუ სამართალი არ აღსრულდა – შესაძლოა წლების შემდეგ, როცა გაიზრდება, სამართლის აღსრულება მან თავისი ხელით გადაწყვიტოს. მე ამას ვერ დავუშვებ და სანამ დროა, სამართალს უნდა მივაღწიო. რომც მინდოდეს, სწორედ ამის გამო ვერ გავჩუმდები'' – ამბობს იგი.
ოთხოზორიების ოჯახმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა. სარჩელში ხაზგასმულია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში რუსული ოკუპაციის აშკარა კვალია.
შეგახსენებთ, .ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გიგა ოთხოზორია. . ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მკვლელი თავისუფლად დასეირნობს.