სოხუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ხელფასების გაზრდის ნებართვას მოითხოვენ. დღეს მათი უმრავლესობა გაიფიცა და აცხადებს, რომ რეისებს მანამდე არ განაახლებს, სანამ ქალაქის საკრებულო არ მოხსნის აკრძალვას და მათ მგზავრობის საფასურის გაზრდის ნებართვას არ მისცემს.
ამან, ბუნებრივია, დისკომფორტი შეუქნა ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს, რომელნიც ჯერჯერობით კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ აქ. მძღოლებს გათვლილი აქვთ, რომ ხელისუფლება დღეს თუ ხვალ იძულებული გახდება მათ მოთხოვნებს დაემორჩილოს, რადგან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელ სეზონურ ზრდასთან ერთად პრობლემა კიდეფ უფრო გამწვავდება.
დავა ქალაქის ხელმძღვანელობასა და მძღოლებს შორის ამ საკითხის ირგვლივ კარგა ხანია გრძელდება, მაგრამ საქმე გაფიცვამდე აქამდე არ მისულა.
„აფსნი ლაიფის“ ცნობით, მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა მგზავრობის საფასური თვითნებურად, 15-დან 20 რუბლამდე გაზარდა. ქალაქის საკრებულომ მათგან ამ თვითნებობის უკან წაღება მოითხოვა. მძღოლებმა ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის წევრებიც არაერთხელ შეხვდნენ მძღოლებს და ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელობას. მოხელეებმა მათ დაპირდნენ, რომ ბიუჯეტში მოიძიებენ გარკვეულ თანხას, დოტაციისათვის და, შესაბამისად, მძღოლებისთვის ხელფასის გასაზრდელად. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საშუალება არ გამოიძებნა, 2018 წლის 1 სექტებრიდან მგზავრობის საფასურის გაზრდას განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, შეხვედრის შედეგად კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მძღოლებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს და ამ ეტაპზე, მგზავრობის საფასურის შემცირებას არ გეგმავენ. ,,ხელისუფლებამ ან გზები უნდა შეაკეთოს , რაც არარეალურია, ან ინდა მოგვცეს უფლება თავად განვსაზღვროთ მგზავრობის საფასური. ჩვენი დიდი ნაწილი სამამულო მის მონაწილეა და არ ვიმსახურებთ, რომ ცვენი ოჯახები შიმშილობდნენ – აცხადებენ ტაქსისტები.
დღეს დილიდან ისინი თავიანთი მანქანებით სოხუმის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე მოედანზე დგანან, ქალაქის მოსახლეობა კი საქალაქო ავტობუსების ამარაა დარჩენილი.
,,ხუთი რუბლი არ არის ცოტა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ აშკარაა, რომ მძღოლები თავიანთ მოთხოვნას არ შეცვლიან. ქალაქში ქაოსია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რო,მ თუ ხელისუფლებამ თავისი რესურსებით არ გადაჭრა ეს პრობლემა, მძღოლებს ჩვენც შევუერთდეთ – აცხადებენ სტუდენტები და ხელმოკლე მოქალაქეები