რა განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა და რაზე ალაპარაკდა დღეს ნიკოლ ფაშინიანი

0
402

  გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2- ის ღია ეთერში   საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის ამოცანა ახლა საბოლოო დეოლიგარქიზაციაა.
 
„ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს… ამიტომ, სომხეთში თუ ყველა ოლიგარქი არ ამოძირკვეს, არაფერი მათ არ გამოუვათ…  – განაცხადა  ენმ-ის ლიდერმა და  პირდაპირი მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ სარგსიანის გადაგომა შესაძლოა  იყოს გაგრძელება  თამაშისა , რომლის მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება.
 
დღეს ამაზე  სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანიც ალაპარაკდა.  საქმე ისაა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ოპოზიციის ლიდერებთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრაზე უარი თქვა და გაურკვეველი ვადით გადადო.. პასუხად ფაშინიანმა  მომხრეებს დღეს დილიდან ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მმართველი "რესპუბლიკური პარტია" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მოსახლეობას მოუწოდა გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
 
„პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის სპიკერსა და რესპუბლიკური ფრაქციის ხელმძღვანელს მოლაპარაკებების გამართვა სამი სამზე ფორმატში შევთავაზეთ. შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით და ჩვენი მოთხოვნების გარშემო უნდა წარმართულიყო, თუმცა, მოვლენების განვითარება გვაფიქრებინებს, რომ სერჟ სარგსიანის გადადგომა რესპუბლიკურმა პარტიამ შესაძლოა ძალაუფლება შენარჩუნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ხალხმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ცვლილებებით უნდა გავამყაროთ. მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ კიდევ ერთი კვირა გვჭირდება საბოლოო გამარჯვებისთვის“- აცხადებს ნიკოლ პაშინიანი ვიდეო მიმართვაში.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ერევანში ხალხი უკვე იკრიბება მიღწეული  გამარჯვების გასამყარებლად და იმის დემონსტრირებისათვის, რომ ხელისუფლებას ეს თამაშები არ გაუვა. 
 
ხალხის საბრძოლო განწყობაზე,  მიხეილ სააკაშვილის შეფასებით,  არა მხოლოდ მძიმე სოციალურმა ფონმა, არამედ ანტირუსულმა განწყობებმაც იქონია გავლენა.
 მისი  თქმით, სომხეთში ანტირუსული განწყობა მაღალია და სომხეთი რუსულ ორბიტაზე არ დარჩება. მით უფრო, რომ  სომხეთში მიმდინარე მოვლენების განვითარებაზე დიდი როლი ახალგაზრდებმა ითამაშეს.
 
„ყველა მიხვდა, რუსეთს რა თამაში აქვს კავკასიაში. რუსეთი არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ან სომხეთმა მოიგოს ომი ან აზერბაიჯანმა, ერთი ხელით სომხეთს აძლევს იარაღს, მეორე ხელით – აზერბაიჯანს, ერთი მხრივ სომხეთს აქეზებს, მეორე მხრივ აზერბაიჯანს და საბოლოო ჯამში, მათი მთავარი ინტერესი არის კონფლიქტის შენარჩუნება კავკასიაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.„
 
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ,,სარქსიანის უკან იყო რამდენიმე ოლიგარქი, პლუს რუსი ოლიგარქები სომხური წარმოშობის, ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს სომხეთში და პრაქტიკულად, სომხეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაყარეს ქვეყნიდან ხელოვნურად იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იყო შესაძლებლობები“ 
 
მიხეილ სააკაშვილი პარალელებს ავლებს საქართველოსა და სომხეთის ოლიგარქიულ მმართველობებს შორის.  ,,საქართველოში ივანიშვილი საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს. რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი ოკუპანტი საქართველოს ტერიტორიულად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე არის რუსეთის გაგრძელება და მეორე მხრივ, სამი ბანკის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, კერძოდ, ხაზარაძის, რუხაძის და ქართუ ბანკის მეშვეობით, ის აკონტროლებს 10 ქართველიდან 7-ის ბიუჯეტს, ყოველი მეორე პენსიონერი არის მისი ან ამ საბანკო ჯგუფების მოვალე.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ენმ ლიდერი თვლის, რომ სომხეთში, საქართველოს მსგავსად, არჩევნებს ფორმალური ხასიათი აქვს და რეალურ ცვლილებებს არ იძლევა, რადგან  ყველაფერს ოლიგარქები აკონტროლებენ, მაგრამ   ,,საბოლოო ჯამში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში გაიმარჯვებს ის ხალხი, ვინც ოპოზიციას უბრალოდ კი არ თამაშობს, არამედ მართლა არ გაიყიდა, არ გაიყიდა ივანიშვილის ფულზე, მართლა არ თამაშობს იმას, რომ სისტემას არ ეწინააღმდეგება. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
წინა სტატიაგიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ დაუსჯელია. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანის ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური