თუ გაქვთ განცდა, რომ მეგრული ენის დაცვისათვის ,,იქ, მაღლა, ჩიქობავას ინსტიტუტში ’’ არაფერი კეთდება…

0
513
ქართული  ენათმეცნიერების სფეროში სიახლეებით დაინტერესებული ფართო მკითხველი ელოდება პროფესორ მანანა ბუკიას მორიგ ნაშრომს, რომელიც  მეგრული, ლაზური და აფხაზური მწყემსური ლექსიკის  საკითხებს ეხება.     ამ ინტერესს აძლიერებს მისი უდაოდ წარმატებული  წინამორბედი ნაშრომი ,, მეცხენეობისა და ცხენოსნობის ლექსიკა ზანურში’’., რომელიც   წარმოადგენს პირველ ცდას სამეგრელოს ერთ- ერთი ყველაზე ძველი სამეურნეო დარგის, მეცხენეობის ლექსიკის შესწავლისა ლექსიკოლოგიურ-სემანტიკურ, ეტიმოლოგიურ და ისტორიულ-შედარებით ასპექტში.
 
 როგორც თავად მეცნიერი ამბობს ( თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი სიტყვაძუნწია, როცა საქმე მის შრომას ეხება), სადღეისოდ ტექნიკური პროგრესისა და საყოფაცხოვრებო პირობების შეცვლის გამო  მეცხენეობისა და მეჯოგეობის  მრავალი წესი, ჩვეულება, რიტუალი დავიწყებულია. შესაბამისად დაკარგულია ან სემანტიკურად გაბუნდოვანებულია ამ დარგთან დაკავ შირებული ბევრი ლექსიკური ერთეული და   ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ იკარგება  ისიც, რამაც ამ დრომდე მოაღწია. 
ამდენად,  ძალზე მნიშვნელოვანია ამ ლექსიკის   მეტ-ნაკლებად სრული აღწერა, მისი ადგილის გარკვევა ლექსიკურ ფონდში, ტერმინთა წარმოქმნის საშუალებებისა და განვითარების გზების გამოკვლევა, აგრეთვე, ცალკეულ ლექსემათა ეტიმოლოგიური ანალიზი, რაც არის კიდეც  მანანა ბუკიას  შრომის მიზანი.  
 
 ვისაც წაუკითხავს მისი   უკვე დასტამბული ,, მეცხენეობისა და ცხენოსნობის ლექსიკა ზანურში’’ და თვალს ადევნებს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ეგიდით  მიმდინარე კონფერენციების მასალებს, რომელთა შორისაა მანანა ბუკიას მიერ წარდგენილი  თეზისები  ახალი ნაშრომიდან მწყემსური ლექსიკის საკითხებზე,  იცის,  რომ მეცნიერის მიერ  ამ ნაშრომებში ლექსიკურ ერთეულთა წარმოშობის დასაზუსტებლად და სისტემატიზაციისათვის გამოყენებულია როგორც  ქართველური და კავკასიური ენების ისტორიულ-ეტიმოლოგიური, თარგმნითი, განმარტებითი, დარგობრივი და დიალექტური ლექსიკონები, ეთნოგრაფიულ წყაროებში, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში დაცული ფორმები, ისე გაანალიზებულია ავტორის მიერ სამეგრელოს თითქმის ყველა რეგიონში შეგროვილი მასალა, რომელთა საერთო რაოდენობა მეცხენეობის ნაწილში ხუთ ასეულს აღწევს,  ხოლო ახალ ნაშრომში – მეგრულ მწყემსურ ლექსიკაში 4500 ერთეულს ფონეტიკური ვარიანტებითურთ. ამდენად ამ ნაშრომების  მნიშვნელობა დიდია  როგორც მეგრული ლექსიკური  ფონდის გადარჩენა- შესწავლისათვის, ისე საერთოქართველური ენის კვლევისათვის თუ ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის ცალკეული საკითხების გასათვალისწინებლად. 
 
 
აქვე აღვნიშნავთ, რომ მანანა ბუკია არის ავტორი ორი ფუნდამენტური  ნაშრომისა საერთოკავკასიური ლექსიკური ერთეულების ძიებისა და ანალიზის სფეროში.
ქართველურ და კავკასიურ ენათა მკვლევარებისა და დაინტერესებული მკითხველის წრეში ფართოდ არის აღიარებული მისი წიგნები  ,,ნარკვევები ქართულ – აფხაზური ლინგვოკულტურული ურთიერთობის ისტორიიდან" და  „ჩერქეზულ-ქართველური ენობრივი შეხვედრები“.  
,,ნარკვევებში’’ გაანალიზებულია დარგობრივი ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც დაიძებნება ქართველურსა და აფხაზურ ენებში,  მათ შორის რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან ,  ზღვასთან, ლანდშაფტთან და ყოფაცხოვრების სხვადასხვა დარგებთან  დაკავშირებული ლექსიკა. ნაშრომში დადგენილია ქართულ- აფხაზური ლექსიკური ერთეულების სესხების მიმართულებები და ქრონოლოგია, ლინგვოკულტურული გარემო, რაშიც უხდებოდათ თანაცხოვრება ქართველებსა და აფხაზებს. 
რაც შეეხება  „ჩერქეზულ-ქართველური ენობრივი შეხვედრებს“,  ნაშრომს საფუძვლად უდევს ავტორის მრავალწლიანი მუშაობის შედეგები ჩერქეზული და ქართული ენების შედარებითი კვლევის სფეროში და როგორც აღვნიშნეთ  აღიარებულია როგორც  დიდი მნიშვნელობისა  კაკასიურ ენათა ნათესაობის მეციერული შესწავლის სფეროში. 
 
დასასრულ დავძენთ, რომ მათ,  ვისაც  პრეტენზიები აქვს პროფესიონალ ენათმეცნიერებთან და აქვთ განცდა, რომ მეგრული ენის დაცვისათვის ,,იქ, მაღლა, ჩიქობავას ინსტიტტში ’’ არაფერი კეთდება  და ამიტომ ცდილობენ  ჩაანაცვლონ ისინი  თავიანთი, სომხური გამოცდილებისამებრ  პროფანირებული ,,ძიებებით’’ ,  სასურველია უკეთ გაეცნონ , რა ხდება სინამდვილეში ამ მიმართულებით  –  სხვის შრომას დაფასება  უნდა, მისი იგნორირება არ არის ღირსეული საქმე. 
 
წინა სტატიაამინდი უარესდება
შემდეგი სტატიასუნთქვას ნუ შეიკრავთ, კვირიკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს, ოლიგარქის ბრძანებით თავიანთი ადგილებიდან ჯერ მხოლოდ ხეები მიდიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური