,,მეგრულს საფრთხეში მყოფად არ ვთვლით, სვანური საფრთხეშია, ლაზური პრაქტიკულად დაკარგულია”

0
645

,, – ქართველური ენებიდან რომელი მიიჩნევა საფრთხეში არსებულად?

— ლაზური დიდი ხანია საფრთხეში მყოფად მიიჩნევა, პრაქტიკულად დაკარგულია ენა. ის, რაც თურქეთში ისმის, ეს არის რეპრეცენტირებული, ანუ მკვდარი რომ გააცოცხლო, ისეთი. ეს ენა თურქეთის პოლიტიკის შედეგად დაიკარგა. რაც შეეხება მეგრულს, იუნესკომ კი შეიტანა საფრთხეში მყოფი ენების ნუსხაში, თუმცა მეცნიერთა შორის ეს აზრი არ არის აღიარებული — მეგრულს საფრთხეში მყოფად არ ვთვლით. სვანური საფრთხეშია, რადგან ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს და თან ეკომიგრაციის შედეგად გაფანტულია.'' ეს გახლავთ ფრაგმენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარის, ქალბატონ რუსუდან გერსამიას  იტერვიუდან, რომელიც მან   sputnik-georgia – ს მისცა. 
 
სასიხარულოა, რომ უძველესი ქართველური ენები ყოველთვის წარმოადგენდა მსოფლიო სამეცნიერო იტერესებისა და კვლევის საგანს, მაგრამ რამდენად დიდია ეს ინტერესი დღეს და როგორ ავიცდინოთ თავიდან მათი გაქრობის საფრთხე? –  ამის შესახებ ,,სპუტნიკ გე'' გაესაუბრა რუსუდან გერსმიას, რომელიც თავის ორ კოლეგასთან ნინო შარაშენიძესთან და მანანა ტოფაძესთან ერთად იმოფებოდა საკმაოდ მაღალი რანგის ორ ლინგვისტურ სამეცნიერო კონფერენციაზე პარიზსა და ბუდაპეშტში, სადაც უცხოელმა მეცნიერებმა ღრმა ინტერესი გამოხატეს მათი მოხსენებების მიმართ – ნათქვამია ინტერვიუს დართულ სარედაქციო ტექსტში
( აქვე  შეგახსენებთ, რომ  ამის შესახებ ადრე იუწყებოდა ,,ოდიში ნიუსიც''  პარიზში მყოფი რუსუდან გესამიასგან უშუალოდ მიღებულ  ინფორმაციაზე დაყრდნობით ).
 
 
– ქალბატონო რუსუდან, რა სახის კონფერენციებია ეს და კერძოდ რას ეხება თქვენი მოხსენებები?
— ბუდაპეშტის კონფერენცია — მე-18 საერთაშორისო მორფოლოგიური შეხვედრა (18th International Morphology Meeting) წმინდა მორფოლოგიური ხასიათისაა, მას რეგულარული ხასიათი აქვს და ორ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ტარდება ბუდაპეშტსა და ვენაში. ამ კონფერენციის ერთ-ერთი ვორქშოფი ეხება მეთოდებსა და მოდელებს მორფოლოგიაში, რომელში ჩასართავადაც ჩვენ გავგზავნეთ ვრცელი აბსტრაქტი სათაურით „მოდალური ნაწილაკების მორფოლოგიზაცია ქართველურ ენებში“. ხოლო პარიზის კონფერენციაზე „მოდალობა და დიაქრონიული კონსტრუქციული გრამატიკა“ (Modality and Diachronic Construction Grammar) ჩვენი მოხსენება იქნება „სურვილისა და აუცილებლობის მოდალობა — პარადიგმები და კონსტრუქციები ქართველურ ენებში“. ეს ორივე მოხსენება ეხება „უნდა“ ზმნის გრამატიკალიზაციის საკითხებს და ეყრდნობა ქართველურ ენათა საკმაოდ მრავალფეროვან მონაცემებს. ამგვარი ღონისძიებების ორგანიზატორებად ხშირ შემთხვევაში გვევლინებიან ისეთი უცხოელი კოლეგები, რომლებიც კარგად იცნობენ ქართულ სამეცნიერო სივრცეს, ფლობენ ინფორმაციას ქართული სამეცნიერო პოტენციალის შესახებ და მათთან თანამშრომლობენ.
 
– ქართველური ენების შემთხვევაში რა აინტერესებთ უცხოელ მეცნიერებს?
— ხშირ შემთხვევაში მათ აინტერესებთ ენობრივი მასალა, რომელიც რომელიმე უმწერლობო ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ლინგვისტის მიერაა წარმოდგენილი, ვინაიდან სანდო მასალა მკვლევარისთვის ყველაზე მეტად ფასობს. როგორც ჩანს, ჩვენი ენების ტიპოლოგიური მონაცემები ორივე კონფერენციის ორგანიზატორებისა და ძირითადი მომხსენებლების ინტერესის საგანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, როცა კონფერენციები ან ვორქშოფები ვიწრო პროფილის მქონეა და მხოლოდ კავკასიური ან ქართველური ენების რომელიმე ენობრივ პრობლემაზეა ფოკუსირებული.
 
– რა პრობლემები არსებობს ისეთი უმწერლებო ქართველური ენებისთვის, როგორებიცაა, ლაზური, მეგრული, სვანური?
— სწორედ აქ ვაწყდებით პრობლემას, რადგან ელექტრონული ბაზები უმწერლობო ქართველური ენებისთვის დღემდე არ არსებობს. ჩვენთან ციფრულმა ჰუმანიტარიამ ახლახან აიდგა ფეხი, უკვე შექმნილია რამდენიმე კორპუსი ქართული ენისთვის, ქართული ენის დიალექტებისთვის და ჩვენი კოლეგები დღესაც აგრძელებენ მუშაობას. თუმცა სხვა ქართველური ენებისთვის ჯერ ამგვარი ბაზები არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს კორპუსებზე დაფუძნებული კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენების ფუფუნება. ჩვენი უცხოელი კოლეგების რეცენზიები ხშირად ამითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად უჩვენებს დარგის ხარვეზს და გამოკვეთს პრიორიტეტებს. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ამ ორი კონფერენციის, არამედ სხვა კონფერენციების შემთხვევაშიც ლინგვისტები აქტიურად ითხოვენ სტატისტიკაზე დამყარებულ დასკვნებს, რომლებიც უნდა წარმოადგენდეს დიდი მოცულობის ენობრივი კორპუსების მონაცემების დამუშავების შედეგს. აღნიშული საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ბოლო 3-4 წლის რეცენზიებში და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში უბრალოდ წარმოუდგენელია ამ მეთოდოლოგიის გარეშე რაიმე სერიოზული დასკვნების მიღება და მათზე საუბარი.
 
– ქართველური ენებიდან რომელი მიიჩნევა საფრთხეში არსებულად?
— ლაზური დიდი ხანია საფრთხეში მყოფად მიიჩნევა, პრაქტიკულად დაკარგულია ენა. ის, რაც თურქეთში ისმის, ეს არის რეპრეცენტირებული, ანუ მკვდარი რომ გააცოცხლო, ისეთი. ეს ენა თურქეთის პოლიტიკის შედეგად დაიკარგა. რაც შეეხება მეგრულს, იუნესკომ კი შეიტანა საფრთხეში მყოფი ენების ნუსხაში, თუმცა მეცნიერთა შორის ეს აზრი არ არის აღიარებული — მეგრულს საფრთხეში მყოფად არ ვთვლით. სვანური საფრთხეშია, რადგან ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს და თან ეკომიგრაციის შედეგად გაფანტულია.
 
– ანუ ამ ეტაპზე ქართველური ენები ისევ რჩება მსოფლიო მეცნიერების ინტერესის სფეროდ?
— დიახ, ყველა ქართველური ენა კვლავ წარმოდგენს მსოფლიო მეცნიერების ინტერესის საგანს, რადგან სვანური, მეგრული და ლაზური ენები ტიპოლოგიურად ის ენებია, რომლებიც მათთვის მაინც მიმზიდველად რჩება მთელი მათი ლინგვისტური მახასიათებლებისა და თავისებურებების გამო. რადგან ამ ენებში ბევრი საკითხი უფრო განსხვავებულად წყდება, ვიდრე არა მხოლოდ ინდოევროპულ, არამედ  ყველაზე ახლო მდგომ ჩრდილოკავკასიურ ენებში. ტოპოლოგიურად მრავალფეროვანი მასალა ყოველთვის საინტერესოა ლინგვისტებისთვის, რომლებიც ამ ენათა მიმართების გზით ადგენენ ენობრივ უნივერსალიებს საერთო ენებს შორის და აყალიბებენ თეორიებს. ხშირად ამგვარი შედგები 100-მდე ენის მონაცემს ემყარება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორია ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის კოგნიტიური მოდელი, მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს აღქმის „ადამიანისეული ხედვა“, რომელიც აისახება ენაში — მის ფონოლოგიურ, სემანტიკურ და გრამატიკულ სტრუქტურებში, და რეალიზდება ენის, ანუ, იმავე სტრუქტურების მეშვეობით.
 
– ბუდაპეშტის კონფერენცია ორგანიზებულია უხუცესი უცხოელი მკვლევარების მიერ, რომელთაგან ერთ-ერთს გარკვეული კავშირები ჰქონდა საქართველოსა და ქართველ მკვლევარებთან…
— დიახ, ეს კონფერენცია ასახავს ორი ძალიან კარგი ლინგვისტისა და მეგობრის ვოლფგანგ დრესლერისა (ვენა) და ფერენც კიფერის (ბუდაპეშტი) ხანგრძლივ თანამშრომლობას. ორივე მკვლევარი მრავალმხრივია და სხვადასხვა დარგში ძალზე მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორები არიან. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა პროფესორ დრესლერთან შეხვედრის პატივი, ეს იყო 2015 წელს ვენის საერთაშორისო ფონოლოგიურ ვორქშოპზე, რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა. ამ შეხვედრაზე ის წარმოჩინდა არა მხოლოდ როგორც საუკეთესო პროფესორი… დრესლერი მომავალ წელს 80 წლის გახდება. ბატონ ვოლფგანს უხაროდა, რომ 2015-ში ქართული დელეგაცია წარმომადგენლობითი იყო და ამას საქართველოში მეცნიერებისადმი ინტერესით ხსნიდა. მან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რაც, უდავოდ, დიდი პატივი იყო. ახლა კი მოუთმენლად ველოდებით ამ ფორუმს, რომელზეც ჩვენი კვლევის ახალ შედეგებს წარვადგენთ.
 
 
 
Read more: https://sputnik-georgia.com/people/20180323/239777724/qartuli-ena-rusudan-gersamia.html

წინა სტატიასოფელ კახათში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ევკალიპტის ხეა გამზადებული- სოფელს ელ.ენერგია არ მიეწოდება [Video]
შემდეგი სტატია,,ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი ” – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური