დღეს გალის შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე იმსჯელეს

0
545
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება  ცხინვალიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება , – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი.
 
„დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია“, – აღნიშნა ქემოკლიძემ. 
 
ქემოკლიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ხელისუფლება მუშაობს, რომ ცხედარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს, ახალგორში უკანონოდ მყოფი ორი პირი კი ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. 
 
ქემოკლიძემ ასევე აღნიშნა, დე ფაქტო მთავრობებისა და რუსეთი საოკუპაციო ძალების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირების დაუსჯელობას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოყვება. 
 
“ახალგორში განვითარებული მოვლენები კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამ პათოსით ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრაზე და შევახსენებთ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება და ქართული კანონმდებლობით მისი გასამართლება”, – განაცხადა ქემოკლიძემ.
 
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი  ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, ისინი ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს
 
წინა სტატიადღეს, გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საააკაშვილი: ,,არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური