ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორიდან გატაცებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა

0
522
ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი , რომელიც , საოკუპციო რეჟიმის ვერსიით  ”ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდის ბრალდებით”  დააკავეს ახალგორში  და დაკითხვაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს.
 
„სპუტნიკ ოსეტია“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნების შემდეგ, ეჭვმიტანილმა უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე, თუმცა არც მათი თანდასწრებით უთანამშრომლია გამოძიებასთან. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მოთავსება დროებითი დაკავების იზოლატორში, თუმცა გადაყვანისას მან ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება სცადა. აღნიშნული მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და გადაიყვანეს საავადმყოფოში“.
 
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში ეჭვმიტანილს აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა გარკვეული დროის შედეგ ის გარდაიცვალა. ”სიკვდილის მიზეზს ექიმები გარდაცვლილის გაკვეთის შემდეგ დაადგენენ, – იუწყება სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“.  ამასთანაღნიშნავს, რომ "ტატუნაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და აღნიშნული მიზეზის გამო ის სახელმწიფო უსაფრთხოების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მას უთვალთვალებდნენ, როდესაც რესპუბლიკის სხვადასხვა მკვიდრებს ეკონტაქტებოდა. მას შემდეგ, რაც დადგინდა ტატუნაშვილის ბრალეულობა, ის დააკავეს, სამხრეთ ოსეთში მორიგი ვიზიტის დროს. არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს დაიბადა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის მსახურობდა ავღანეთსა და ქუვეიტში. იყო 2008 წლის ომის აქტიური მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები"
 
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 
 
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემოხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
ამასთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 
 
წინა სტატიაპოლონეთში ქართველებმა დალიეს და ხმაური ატეხეს, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას თეკლათთან ადამიანი ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური