თვითმფრინავს, რომლითაც უკრაინის ხელისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის დაბრუნებას ცდილობდა, თბილისმა დაფრენაზე უარი უთხრა?

0
612
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კუთხით საინტერესო არ არის, სამართლებრივ მხარეზე კი შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მიმართავს თუ არა ქართული მხარე ახლა უკვე პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით.
 
„მე რამდენჯერმე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი და იგივე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური კუთხით ეს არ არის საინტერესო, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამით რეალურად არიან დაკავებული შესაბამისი უწყებები და ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასობაში კი სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად უკრაინის ხელისუფლება კიევიდან გატაცებული პრეზიდენტის მიხეილ  სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში ცდილობდა.
 
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სკანდაურ ინფორმაციას აქვეყნებს – 
"გუშინ, როგორც კი მიშას თვითმფრინავი აფრინდა კიევიდან, უკრაინის ხელისუფლება მომენტალურად დაუკავშირდა საქართველოს და ფაქტის წინაშე დააყენა ხელისუფლება, რომ თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იჯდა თბილისის მიმართულებით მოფრინავდა… კატეგორიული უარის მიუხედავად, უკრაინული მხარე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა დაეყოლიებინა საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის ექსტრადიციაზე… რადგან პოროშენკოსთვის, საქართველოს ციხეში მყოფი სააკაშვილი ბევრად უფრო მეტი სიმშვიდის საფუძველია, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი მეზობელ ქვეყანაში…
 
,,თუ სააკაშვილს საქართველოში გამოუშვებთ, ჩვენ არ მივცემთ თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას!" – ეს იყო საქართველოს ხელისუფლების საბოლოო პასუხი… შესაბამისად, მიშა დღეს ვარშავაშია და ისევ წარმოადგენს მოუგვარებელ, მოჭარბებულ საფრთხეს პეტრო პოროშენკოსთვის. ბიძინამ კი დროებით, მაგრამ ამოისუნთქა…", – წერს ზვიად კუპრავა.
 
"ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ თბილისში "ოცნების" მხრიდან ისევ კეთდება განცხადებები, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და გააკეთებენ მომავალში და ახლა მის გადმოცემას პოლონეთიდან ელიან. პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნა პოლონეთში აგვისტოში უკვე გაგზავნილი აქვს და ამ მიმართვას ძალაში ტოვებენ. ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილი კი პოლონეთიდან განცხადებებს აკეთებს იმაზე, რომ მისი ექსტრადირება საქართველოს არ სურდა, ამიტომაც კიევიდან ის არა თბილისში, არამედ პოლონეთში გაუშვეს. გუშინ კი ვარშავაში მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ჰოლანდიაში მიდის ოჯახთან, შემდეგ ევროპაში აპირებს გადაადგილებას და არსად პრობლემა არ შეექმნება“, –  წერს გამოცემა ,,რეზონანსი'' .
როგორც იურისტები გაზეთისთვს მიცემულ ინტერვიუში აცხადებენ,  ,,სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის ყველაზე დიდი შანსი სწორედ უკრაინიდან არსებობდა და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ახლა კი, ყველამ იცის, რომ ევროკავშირისა თუ ნატო-ს არც ერთი ქვეყანა საქართველოს მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს”, – წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება საბოლოოდ გამოირიცხა / "პირდაპირ გვითხრან, რომ არ გვინდა ეს კაცი საქართველოში და ამით მორჩნენ"
 
"იურისტი ლია მუხაშავრია ხელისუფლების ქცევას ამორალურს, უღირსსა და სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს: "ნუ გვატყუებენ. პირდაპირ გვითხრან, რომ არ გვინდა ეს კაცი საქართველოში და ამით მორჩნენ". საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების მინიმალურ შესაძლებლობას გამორიცხავს ასევე იურისტი გელა ნიკოლაიშვილი, რომლის თქმითაც, სანამ სააკაშვილი დასავლეთის ლიდერების მფარველობით სარგებლობს, ხელისუფლება მას თბილისში ვერ ჩამოიყვანს. მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე სპეციალური რეისით პოლონეთში გაამგზავრა, ანუ ქვეყანაში, საიდანაც, ოფიციალური კიევის აზრით, უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა“, – აღნიშნავს გამოცემა.
 

"იმ მოსაზრებას, რომ არც ერთი ევროპული ქვეყანა საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირებას არ დათანხმდება, ქართველი იურისტებიც ეთანხმებიან. ლია მუხაშავრიას თქმით, ხელისუფლებას საკმარისად რომ ნდომოდა სააკაშვილის ექსტრადირება, მას კიევიდან პოლონეთში კი არ გააძევებდნენ, არამედ პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცემდნენ. მუხაშავრიას თქმით, ბოლო პერიოდში, როცა გამოიკვეთა ალბათობა, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდებოდა, ქართულმა მხარემ გააკეთა ყველაფერი, რომ ის საქართველოში არ ჩამოეყვანათ. ამიტომაც არ მჯერა, რომ პოლონეთში გააგზავნეს მოთხოვნა და იქიდან რამის იმედი აქვთ მაშინ, როდესაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინიდან ვერ მოახერხეს მისი ექსტრადირება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბლეფია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. მათ არანაირად არ აწყობდათ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა. უკრაინის ტერიტორიაზე მისი გაჩერება კი არც უკრაინის ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. ამიტომ ქართულ-უკრაინული მხარის შეთანხმებით ის პოლონეთში გააძევეს. ამიტომ ეს ამბავი (ექსტრადირება) არ გამოვა და ნუ მოგვატყუებენ. პირდაპირ გვითხრან, რომ არ გვინდა ეს კაცი საქართველოში და ამით მორჩნენ", – იურისტი ლია მუხაშავრია.
 
 იურისტ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, "დღეს სააკაშვილის გადმოცემის პერსპექტივა არ ჩანს", თუმცა თვლის, რომ საქართველომ მაინც უნდა გაუგზავნოს მოთხოვნა და იმის მიხედვით, რის საფუძველზე ეტყვიან უარს, ესეც გამოჩნდება. გუშინ და დღეს სააკაშვილი დასავლეთის ფავორიტია და მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომ მისი გადმოცემის პერსპექტივა არ არის, თუმცა ხვალ რა მიდგომა იქნება, არ ვიცით. თუკი გაუფუჭდება ურთიერთობა, მაშინ შესაძლოა, გადმოცემაც მოხდეს" – წერს სტატიის ავტორი. 

 
წინა სტატიარა ხდება რუსთავში? ბავშვების ჯგუფურად მოწამვლის მეორე შემთხვევა ბოლო დღეებში
შემდეგი სტატიასაინტერესო ისტორიები ნახეთ გადაცემაში “ფერადი ამბები ოდიშზე,,-89 [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური