მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ სენატი: „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე საქართველოში 2008 წელს''

აშშ სენატი: „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე საქართველოში 2008 წელს”

Published on

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება. 200-გვერდიანი დოკუმენტის სახელწოდებაა „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
 
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია ნათელი მაგალითია, თუ როგორ იყენებს რუსეთი ძალას სხვა ქვეყნისთვის ტერიტორიის წართმევით.
 
„მზარდი დაძაბულობის წლების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში სეპარატისტებს, რაც დასრულდა რუსეთის მთავრობის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. ამ კონფლიქტმა ასევე პირველად აჩვენა, რომ სამხედრო ინტერვენციასთან ერთად, გამოყენებული იყო კიბერთავდასხმები – ინოვაცია, რომელიც რუსეთის მთავრობამ დახვეწა ექვსი წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მთავრობის პროპაგანდა და პოლიტიკური პარტიებისადმი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებისადმი რუსეთის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალები დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას ცდილობენ", – წერია ანგარიშში.
 
"ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს აგვისტოს დასაწყისში, რის შემდეგაც აღნიშნულ რაიონში ქართველი სამხედროები განთავსდნენ. რუსმა სამხედროებმა პასუხად ტანკების გამოყენებით საქართველოს ძალები სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს. მალევე ნათელი გახდა, რომ რუსეთის თავდასხმა მხოლოდ სამხედრო მეთოდებით არ შემოიფარგლებოდა, თუმცა იქნებოდა უფრო ყოვლისმომცველი. შექმნილი ვითარების ცხელ ომად ერთი შეხედვით მოულოდნელი ესკალაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობა ინტერვენციამდე ერთი თვით ადრე ჰიბრიდული ბრძოლის ველის მომზადებაში დაადანაშაულა“, – ნათქვამია დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში.
 
ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ 20 ივლისს, საქართველოს მთავრობა კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვებგვერდი 24 საათის განმავლობაში გათიშული იყო."ობამას ადმინისტრაციის დროს, პენტაგონის მაღალჩინოსანი კიბერპოლიტიკის საკითხებში, მაიკ სალმეიერი აცხადებდა, რომ რუსეთის ინტერვენცია იყო „ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავდით კიბერაქტიურობასთან კომბინირებულ ჩვეულებრივ სახმელეთო ოპერაციას. ამან აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია კომბინირებული ოპერაციის დროს, არამედ ისიც, რომ რუსები მზად არიან, განახორციელონ ეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
 
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კიბერთავდასხმებთან გამკლავებაში საქართველოს ესტონეთი და პოლონეთი დაეხმარნენ.
 
"2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე, ნატომ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავდა. პუტინმა ამ განცხადებას უპასუხა, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან „რუსეთში აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დღეს, რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით განაგრძობს ძალების განთავსებას ოკუპირებულ რეგიონებში. მოსკოვმა ასევე გააფორმა ორ რეგიონთან პარტნიორობისა და სტრატეგიული მოკავშირეობის შეთანხმებები, რითაც კიდევ უფრო გაამყარა გაყინული კონფლიქტი“, – წერია ანგარიშში.
 
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ომს დაემთხვა აშშ-ში ბუშის ადმინისტრაციიდან ობამას ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გადასვლის პერიოდი. „როგორც ჩანს, ბუშის ადმინისტრაცია ვადის ამოწურვის ბოლო დღეებში, არ ისწრაფვოდა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის სანქციების დაწესებისკენ. ობამას ახალმოსული ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას იმედოვნებდა, რაც აფერხებდა კრემლის აგრესიაზე მნიშვნელოვანი იძულებითი ზომებით რეაგირებას", – წერია კონგრესზე წარდგენილ დოკუმენტში. 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...