,,მათ ეშინიათ, რომ, თუ ჩემი შვილი გადარჩა, ალაპარაკდება” – მაჩალიკაშვილების ოჯახი დარწმუნებულია, რომ სუს-ი შეგნებულად აფერხებს დაჭრილის გადაყვანას გერმანიის კლინიკაში

0
499
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო. ამიტომ  კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის პაციენტ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს. ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
 
თავის მხრივ,  თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით,  ოჯახმა გაარკვია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად,  ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე ადგილის არქონის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, ბერლინის კლინიკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია მას პირადადაც ჰქონდა და გააირკვია, რომ ეს კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.: „მე თავად ვესაუბრე საავადმყოფოს ადმინისტრაციას. იმედებს და გარანტიებს ისინი არ იძლევიან, მაგრამ მკურნალობა გაგრძელდება. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ალაპარაკდება, ამათ თუ აწყობთ ეგ. თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები“, – აცხადებს  მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 
იგი დარწმუნებულია, რომ კლინიკის შერჩევის პროცესში სუს-ი უშუალოდ არის ჩართული და სწორედ ამ უწყების მითითებით არ გახდა ცნობილი იმ გერმანული კლინიკის შესახებაც, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, პაციენტის მისაღებად მზად იყო. მაჩალიკაშვილები  ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებას უცხო ქვეყნის საავადმყოფოებთან დაკავშირებით, კერძოდ ვინ და რა მიზეზით თქვა უარი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე .
 
დაჭრილის მამა  კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვს მისი შვილის გერმანიის კლინიკაში გადაყვანას. მისი თქმით, თემირლანის გერმანიის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია საქართველოში აშშ-დან ჩამოსულმა სპეციალისტმაც გასცა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც შეხვდნენ.
 
„ამერიკიდან ჩამოსულმა სპეციალისტმაც შესთავაზა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ თემირლანი სასწრაფოდ გადაეყვანათ გერმანიის კლინიკაში. ახლაც ვითხოვ, თემირლანი გადაყვანილ იქნას  გერმანიაში. ვიცი, ხვალაც რომ დამჭირდეს რაღაც, მე ევროპაში მყავს სანათესაო, სამეგობრო და გვერდში ამომიდგებიან. თურქეთში არავინ მყავს, იქ კაციშვილი არ დამეხმარება. ამიტომ მივმართავ თხოვნით, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში. ნუ წამართმევენ შვილს.
 

ჩეჩნეთი 1 მილიონით რუსეთის 146 -მილიონიან იმპერიას ებრძოდა, მაგრამ მიუხედავად ამ სიმცირისა ებრძოდა. მე არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე. თუნდაც 10 შვილი რომ დავკარგო, მე ეს არ მინდა, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მე არაფერს ვითხოვ. როგორც დაღუპეს ჩემი შვილი, ისე წაიყვანონ ბერლინის კლინიკაში, ან აალაპარაკონ, ან რაღაც თქვან, ან ეშინიათ იმის, რომ ამ ბიჭს სადღაც რაღაც ჰქონდა გაგონილი და იმიტომ გაწირეს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
იგი არ გამორიცხავს სხვა მომენტსაც: ,,მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა”. – აცხადებს იგი.  
 
 
 
 
 
 
 
 

წინა სტატიავინ მოკლა უკრაინელი სამართალდამცველი ირინა ნოზდროვსკაია
შემდეგი სტატიაგადაცემა თეზისი სტუმარი ლოტბარი ბესო ჭითანავა Guest Theater Beau Chitanava
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური