მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი წელი, კუჩხა ლაზეთში

ახალი წელი, კუჩხა ლაზეთში

Published on

ლაზებს აქამდე შემორჩათ ჯვრის მიმართ  გარკვეული რიდი და მოკრძალება, უფრო სწორად, თუ  რწმენა არა,  პატივისცემა მაინც, ეს განსაკუთრებით ვლინდება შობა-ახალი წლის აღნიშვნაში
 
“სამწუხაროდ, ჯვარს ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ის ჩვენთვის რაღაც ქართულთან, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურებს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. სახლის შესასვლელ კარებზეც ჯვარია გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული…- წერენ ლაზები.
 
 ლაზეთში  ახლით ახალი წელი  ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შობას, რომელსაც ქირსეს ეძახიან, სრულიად განსაკუთრებულად ხვდებიან, თითქმის ისევე, როგორც მეგრელები, საერთოდ ქართველები.
 
დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის ლაზურ სოფლებში საახალწლო-საშობაო სამზადისი იწყება. მეზობელი თურქები ამ სამზადისს “გურჯულ” ბაირამობას უწოდებენ. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის “ქუჩზუღას” (ჩიჩილაკი, მეგრულად “ქუჩუჩი”), რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდება. “ქუჩზუღა” თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდება. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ.
ჩიჩილაკს  ქალები რთავენ,  მაგრამ იმ დღის მერე ჩიჩილაკის დაშლამდე მათ არ შეუძლიათ ჩიჩილაკს თითიც მიაკარონ.
 
ღორს ჩვენგან განსხვავებით  არ კლავენ. ,,ჩვენ ვიცით, რომ ახლობელი მეგრელები ამ დღეს ღორს კლავენ. იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ღორის ხორცი საერთოდ გამოყენებაში არ არის, ეს პირუტყვი მუსლიმანური სამყაროდან საერთოდ “ამოგდებულია”, – აცხადებენ ლაზები/.
 
 “ქირსედღას'' მოლა მთვარის ფორმის, პატარა ზომის პურებს “თუხაქუბალს არიგებს, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა მიირთვას. ამ დღეს სახლის “ქარქანში”, ბანზე წითელ ნაჭრებს კიდებენ. ესეც ძველი ტრადიციაა, 
 
 
ტრადიციაშემონახული ლაზები განსაკუთრებლად აღნიშნავენ კუჩხასაც, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ლაზებისთვის. ამ  დღისთვის , რამდენიმე დღით ადრე ემზადებიან. საგანგებოდ ამ დღისთვის, “კუჩხასთვის” მზადდება ტკბილეული, რომელიც სუფრაზე აუცილებლად “კუჩხა” დღეს უნდა იყოს. სიტკბო დაგებედებაო/
 
 რაც შეეხება მეკვლეს, ლაზებში 15 იანვარი საზოგადოდ “მძიმე დღეა სტუმრიანობისთვის და ბევრი იკავებს თავს ოჯახში დაუპატიჟებლად მისვლისგან.  “კუჩხას” დღეს ყველას ჰყავს “კარგი” ფეხის მქონე სტუმარი, რომელსაც საჩუქრებით ხვდებიან. ის აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. მას საგანგებოდ არჩევენ და თხოვენ მეკვლეობას.
 
 “კუჩხა” აუცილებლად კაცის საქმეა. ამ დღეს ოჯახში უცხო ქალის შემოსვლა არც ერთ ლაზს არ უხარია. ლაზეთში ქალის ფეხი  ცუდად აქვთ დაცდილი.  კუჩხა დღეს მოლა მთვარის პურს, ” ქალს არაფრით მისცემს. საერთოდაც, ქალები ამ დღეს წმინდა ადგილებზე გავლას ერიდებიან და ცდილობენ იმ დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ. 
 
 მეკვლე, “მოკუჩხური”  უთენია დგება, სანამ ჯერ კიდე ღამეა, სამეკვლეო ხონჩაზე  აუცილებლად უდევს ღერღილი, სადაც ფულია ჩადებული, ტკბილეული და სუფთა, ახალი წყალი, რომელიც ყურძნის წვენითაა გაზავებული. მას “ჯაბალგა” ჰქვია და ლაზების რწმენით ჯანმრთელობის მომტანია. საერთოდ, სუფთა წყალი ლაზურ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს, თუნდაც ჩვეულებრივი დღე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. წყალი ალაჰის ცრემლია და მუსლიმმა აუცილებლად უნდა მიიღოს. მით უფრო ასეთი მნიშვნელოვან დღეს.
 
რაც შეეხება წყალგარეულ ღვინოს,  ყურძნის წვენიც საგანგებოდ ამ დღისთვის მზადდება.  ვისაც ყურძნის წვენი არა აქვს, შეუძლია წყალში მურაბა ან უბრალოდ შაქარი ჩაყაროს და ისე დაატკბოს, მაგრამ ეს უკვე “ის” არ არის, რაც ალაჰის ცრემლად იწოდება ჩვენში.
 
ასე დახუნძლული “მოკუჩხური” მიადგება სახლის კარებს. აუცილებლად სამჯერ უნდა დააკაკუნოს…ასეთია წესი… . მხოლოდ სამჯერ დაკაკუნების შემდეგ “ითხოვს” კარი გამიღეთო. ოთახიდან ეკითხებიან რა მოგაქვსო. ის ილოცება, ალაჰის რწმენითა და მადლით გაძლიერება, ბედნიერება, სიხარული… ამაზე რაღაც ოფიციალური ტექსტი არ არსებობს, ვისაც როგორ შეუძლია, სანამ ჰყოფნის სიტყვის მარაგი, ისე ამბობს. მესამედ უკვე კარს თავად აღებს და სახლში შემოდის,  გზადაგზა წყალს ასხამს და ღერღილს ყრის, თან ილოცება. ოთახში მყოფთ ტკბილეულს ურიგებს. თუ ოჯახში მცირეწლოვანებიც არიან, ხურდა ფულს ურიგებს.
 
წყარო: 
“ხვალინდელი დღე “
# 7 (670)
15-17 იანვარი, 2005 წელი

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...