ტელერადიო კომპანია ,,ოდიში” და საინფორმაციო სააგენტო ,,ოდიში ნიუსი” გილოცავთ ახალ, 2018 წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს!

0
714
წუხელ საქართველომ საშობააო – საახალწლო შვიდეულში  შედგა ფეხი, შქვითულში, რომელიც  ზოგან  თოვლიან–ყინულიანი, ზოგან ზამთრის მოლურჯო ცის იალ–კიალითაა დაფერილი,  წლეულს სულაც წვიმით დაიწყო, მაგრამ  თავის თავში ნებისმიერ ამინდში   უპირობოდ ინახავს მზიანი ღამისა და თეთრი დღის – ჩე დღაშ, დღაბედინერის შეგრძნებას თუ მოლოდინს.
 
ეს შვიდეული მოიცავს მთელ კასკადს საშობაო–საახალწლო მისტერიებისა, რომელთაგან ბევრი უცვლელად ან ტრანსფორმირებული სახით არის გადმოსული ჩვენს ყოფაში და აღადგენს დროთა და თაობათა კავშირს, თუნდაც შეგრძნების დონეზე, რადგან ასეთ დღეებში ყველაფერი სიკეთის და სიყვარულის გარშემო ბრუნავს, ხოლო ამ ღერძის ყველაზე ხილული ჰიპოსტასია ყველგანმყოფი და ყველასთან მყოფი მზე, როგორც ჰიპოსტასი ყველგან და ყველასთან მყოფი ღმერთისა, რომელიც ქიანაშ გორჩქინუ და დამარგებუა – სამყაროს შემქმნელი და დამამაგრებელია.
ნუღარ შევაწუხებთ დღეს ჩიჩილაკებს, პატარა მზეებს ჩვენს ოჯახებში, მით უფრო, რომ მათზე ყველამ ბევრი რამ ვიცით, ვიცით ისიც, რომ ეს მზის ჰიპოსტასია, რომ იგი ინახავს ხსოვნას იმ ხეთა საკრალურობაზე, რომელთა ნაყოფითა და შტოებით არის დამშვენებული, იქნება ეს ვაშლი თუ ბროწეული, სურო თუ თხილი, კრიკინა თუ უსურვაზი, აღარც მეკვლეობაზე საუბრით შეგაწყენთ თავს, არც აგუნას გადაძახილზე, რომელიც დიდებაშ ძახისა და ვარადების ანარეკლია, საახალწლო მისტერიებში სხვაც ბევრი სიმბოლური ქმედება და ატრიბუტია, ეომელიც ეთნოგრაფთა ჩანაწერებსა და იშვიათად ღრმა მოხუცების მეხსიერებაში შემორჩა.
 
პირველ რიგში ეს იყო ხეცება, ხაციცობა, ოჯახის უფროსის, მფერხავის პირველი საუზმე, საკაკალო, რომელსაც რიტუალური ხასიათი ჰქონდა და რომელიც ახალი წლის დილას – გოთანას, უფრო ზუსტად,  აგოთანას, განთიადის დასაწყისს, ახალშობილ მზეს ეძღვნებოდა. ამ რიტუალს, როგორც აღვნიშნეთ ასრულებდა ოჯახის უფროსი, რომელიც ახალი წლის ღამეს მარანში ელოდა, რომ აქ, მზის საუფლოში, მზით სავსე ოხვამერ ლაგვანებთან – სალოცავ ქვევრებთან შეხვედროდა განთიადს. აქ გატეხავდა იგი ბასილას კვერს – ბასილაშ ჭკიდის, აქ დალევდა ზედაშეს, აქ იგემებდა კვერცხს – მზის სიმბოლოს, რომ სისხლში შესული მზითა და საახალწლო განწყობით გასულიყო გარეთ თავისი ოჯახისა და ეზო–კარის დასალოცად. ვინ იცის, ასეთ დილას იშვა ძველი მეგრული საგალობელი მზისადმი, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე არაერთხელ იცვალა სახე, თუმცა მაინც მოაღწია ჩვენამდე მითოსურ ხილვებში შერეული ახალი დროის პოეტური ხატებით:
 
სინთეშ დიდა, დღაში მუმაუნაფალი
სერიშ გუმათანაფალი, მატიბაფალ კოჩიში, ბჟა.
ბჟა,  ჩქიმი სქვამი დიდა
ეკოხონს მეურქუ დო ჭიჭე ქუგომსინთე,ჭიჭე ქეკომკირტე
ქიმიონი გუმათანე, ბჟა. – ვემდამღა სინთე
თე ქიანა თაშ ოფე კირდე, ტკილი კირდე
მარა იფრელს გინუსქიდუქ,
სი ხე ქიმერკიდე.''
 
სინათლის დედაო, დღის მომყვანო,
ღამის გამთენებელო, 
კაცთა გამათბობელო – მზე.
ნზეო, ჩემო ლამაზო დედავ,
არ წამართვა სინათლე,
აღმართში მოვდივარ და
შემაშველე შენი  შუქი და  მთიები,
ეს ქვეყანა ასეა – კლდე, ტინი, კლდე,
მაგრამ ყველაფერს გადავლახავ, შენ რომ შემახო ხელი.
 
მზისთვის ლოცვის შემდეგ ოჯახის უფროსი მზესთან დაკავშირებული ატრიბუტიკით – საახალწლო– სამეკვლეო ხონჩით შემოივლიდა სახლ–კარს და ამის შესახებაც ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ვინაიდან ღომის კულტურა დიდი ხანია ამოვარდა ჩვენი ყოფიდან, შესაძლოა არ ვიცოდეთ, რომ მეკვლეს ხონჩაზე დიდი ჯამით იდგა ღომის მარცვალი, ჩხვერი და ქუმელი – ქუმუ, რომელსაც იგი ისე აბნევდა გარშემო, როგორც მთესველი კვალში. ამას უკავშირდება ჩვენი გასაოცარი რიტუალური სიმღერა ,,ერეხელი მერეხელი“, რომლის სიტყვიერ დანაშრევებში ხშირად გვესმის ჩხვერი, ქუერი და ქუმუ, როგორც ხვავრიელობის, ბარაქის სიმბოლო.
 
ერეხელი- მერეხელს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, განსაკუთრებით მის მისტიურ რიტმიკას, რომელიც ზედმიწევნით იმეორებს მძლავრად მოქნეული ხელით გაფანტული მარცვლის წისქვილის ხმიანობას, ახლა კი უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ მარცვლეული ასევე ცენტრალურ როლს ასრულებდა ქათმის ფერხვაში – ქოთომიშ კუჩხაში.
ქოთომიშ კუჩხისთვის კუჩხა დილას აცხობდნენ ქოთომიშ კვარემს – ქათმის ფორმის კვერებს, რომლებსაც ქათმის ფრთით აჭრელებდნენ და იტყოდნენ –
 ბრუიაშე ჩელაია, ჩეთმომიხრიალე,
ოშ ათას –  ჩქიმ თის, ართი – მეძებელიშ თის.
 
შემდეგ სახლის ჭერში აისროდნენ ღომის ფქვილისგან მოზელილი ცომის პატარა გუნდებს, ღომის დიდი   .მრ…… იქნეთი, იქიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს დაითვლიდნენ და მათი  რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავდნენ, რამდენი წიწილის მოყვანის, დასმის – დოხუნაფაშ მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. ღომის მარცვლის ფანტვისას იმეორებდნენ ლოცვას ქათმების გამრავლებისთვის. სანამ ოჯახის მამა მარცვალს ფანტავდა, ოჯახის დიასახლისი სამჯერ შემოუვლიდა სახლს და კრუხივით კრიახობდა, ხოლო იმავე დღეს მეკვლე სამჯერ ჩაყოფდა ფეტვით ან ღომით სავსე მუჭას წყალში და ყურადღებით დააკვირდებოდა, თუ წყალი გაატანდა მუჭაში და მარცვალს დაასველებდა, წელიწადი ავდრიანი იქნებოდა, თუ არ გაატანდა – მშრალი, დარიანი, მზიანი.
 
ქათმის მფერხავი შეიძლება ოჯახის სხვა წევრი ყოფილიყო მამასთან ერთად, მისი მისია იყო მთელი დღე სახლში ჯდომა, რადგან ეზოდან გადასვლის შემთხვევაში ქათმებიც გარე–გარე დაიწყებდნენ სიარულს და მელიის და ტურის საკბილო გახდებოდნენ.
სხვათა შორის ჩიჩილაკსაც, რომელსაც ნათლისღების წინა დღეს წვავდნენ, ამავე მიზეზით წვავდნენ ღობეს გადმოღმა, ქათმების სახლში გასაჩერებლად.
 
მარცვლეული, დაფქულიცა და დაუფქვავიც მონაწილეობდა ე.წ. ტყაპობის რიტუალში, სოფლის ქალ–ვაჟები მიუვარდებოდნენ ერთმანეთს სახლში და ცდილობდნენ ცომით გაეთხუპნათ ერთმანეთი. იყო დიდი წიოკი და სიცილ–ხარხარი. ვინც შეძლებდა თავის დაცვას და მოუთხუპნავი დარჩებოდა, იმ წელს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა.
 
ახალი წლის დღეს, უფრეო სწორად, შუადღისას ოჯახის უფროსი მამაკაცი და დედაკაცი კერის თავანზე – რომელსაც მეგრელები ლუხარს ვეძახდით, გადაამტვრევდნენ ბასილას სიტყვებით ბაღუ ეფშა, მარან ეფშა, თუ მამაკაცს უფრო დიდი ნატეხი შეხვდებოდა, ღვინო იქნებოდა მეტი, თუ ქალს – სიმინდის მოსავალი.
 
ამავე რიტუალს, ოღონდ თხილის წკნბელებით იმეორებდნენ ქალ–ვაჟებიც. კერაზე გარდი–გარდმო გადებდნენ წკნელებს და დაელოდებოდნენ, როდის გადაწვავდა მას ცეცხლი შუაზე, შემდეგ თავ–თავიანთ ნახევრებს დაავლებდნენ, კარში გაიქცეოდნენ, შორს გადააგდებდნენ და უკანვე გამოიქცეოდნენ. თუ ქალი შეასწრებდა შინ, აბრეშუმი იქნებოდა ბევვრი, თუ ვაჟი – ჭირნახული.
 
და აი, ჩვენ ისევ თხილს დავუბრუნდით, ჩიჩილაკის დედას, მზის მცენარეს, თუმცა ეს ასეც უნდა იყოს, როგორც აღვნიშნეთ, შობა– ახალი წელი მზის მობრუნების, ბორჯღალოს დღეა, აქედან კი ერთი ნაბიჯია შობამდე, რომელსაც ქიაჩი და ჯვარი მოსდევს. თუმცა, ეს ერთი ნაბიჯი მთელი ისტორიაა, ხანგრძლივი გზაა წარმართობიდან ქრისტიანობამდე.

 

 
წინა სტატიაახალი წელი ახლოვდება. გზებზე მგზავრთა ნაკადის მატების გამო პრობლემებია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ სააკაშვილის მილოცვა სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს მსოფლიოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური