2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველო გამოეთიშა

0
429
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ იმ ეტაპზე, როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, მათთვის ცნობილი გახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე.
 
„ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის, გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ მნიშვნელოვნად შეაფერხებს, როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას“, – აცხადებენ წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.
 
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წერილს უცვლელად გთავაზობთ.
 
„2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქართული კულტურის სფეროში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიება არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ მთლიანი ქართული კულტურის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წლიდან მიმდინარეობს და უკვე 2014 წელს, კულტურის სამინისტროს მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო ამ ღონისძიების სათანადო დონეზე და შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებაზე. 2014 წელს, ამ პროექტის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს მიერ შეიქმნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა და დღემდე ახორციელებს, როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ეფექტურ და წარმატებულ მართვას. მიგვაჩნია, რომ ცენტრის დაარსება და მისი ხელშეწყობა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში. არასდროს საქართველოს ისტორიაში არ თარგმნილა და გამოცემულა იმდენი ქართველი ავტორის წიგნი უცხო ენებზე, რამდენიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. საქართველოსადმი ყურადღება და ინტერესი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში წარმოუდგენლად გაზრდილია. ამას, დიდ წილად, სწორედ წიგნის ეროვნული ცენტრის საქმიანობამ და გერმანიაში ქართული ლიტერატურის და ავტორების ცნობადობის გაზრდამ შეუწყო ხელი.
 
სამწუხაროდ, ბოლო ეტაპზე, როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, ჩვენთვის – კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის – ცნობილი გახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის, გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.
 
წიგნის ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, დღემდე, ცენტრის ძირითად საქმიანობასთან ერთად, წარმატებულად უხელმძღვანელეს ამ პროექტს. მათ მუშაობას აქვს მაღალი შეფასება და ნდობა უცხოელი პარტნიორების და ქართული სალიტერატურო და საგამომცემლო სფეროს მხრიდან. შესაბამისად,დარჩენილ მოკლე პერიოდში, ნებისმიერი რყევები და მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, მიგვაჩნია,დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას.
 
პროექტის მაღალსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ხელი უნდა შევუწყოთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გააგრძელონ მუშაობა პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ივანე ამირხანაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე) – ლიტერატურის კრიტიკოსი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ლევან ბრეგაძე – ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; ლაშა ბაქრაძე – საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; ანი კოპალიანი –
თარგმანმცოდნე, მთარგმნელი; გაგა ლომიძე – შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; გაგა ნახუცრიშვილი – პოეტი, ლიტერატორი.
წინა სტატიაყირიმის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთი ოკუპანტად არის დასახელებული
შემდეგი სტატიაგადაცემა ,,თეზისი”. სტუმარი – პოეტი როი აბუსელიძე The program is the poet Roe Abuseridze
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური