ბიბილოვმა ხაჯიმბას თხოვნით ქართველი პატიმარი გიუნაშვილი შიწყალა

0
444
დღეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქის გ. გიუნაშვილის შეწყალების შესახებ. გიუნაშვილს პატიმრობა  მიმდინარე წლის  3 თებერვალს მიუსაჯა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. ,,შეწყალება მოხდა  პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თხოვნით, მის მიერ მცირე ხნით ადრე გაკეთებული შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. ეს აქტი უკავშირდება ხაჯიმბას ვიზიტს ცხინვალში, რომელიც ხვალ უნდა შედგეს.''- ასეთ ვერსიას ავრცელებს  
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
გიუნაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს საპატიმროდან  და გადასცეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის სფეროში   ზურაბ ლაკერბაიას, რომელიც მას ქართულ მხარეზე გადააცილებს.  
 
,,2016 წელს რაულ ხაჯიმბას აქტიური და უშუალო მონაწილეობით განთავისუფლებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ოთხი მოქალაქე, რომელთაც 2005 წელს საქართველოში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი’’ – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დააკავეს   დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობის ბრალდებით.  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან "იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში – ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. "თავდაცვის ჯგუფში".
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშიიყო  ეჭვმიტანილი. მათი მტკიცებით მან ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიესაჯა.  
 
ცხინვალის რეჟიმის მიერ გიუნაშვილის გათავისუფლების მოტივირება ხაჯიმბას თხოვნით  არის ნაწილი ფარსისა, რომელსაც ოკუპანტის ხელდასმული მარიონეტული რეჟიმები ასრულებენ თავიანთი დემოკრატიულობისა და კეთილგონივრული თანამშრომლობის დემონსტრირებისათვის. ეს არის პასუხი კითხვაზე – ,,შენ ჩემთვის რა გატირებდა''
 
გიუნაშვილის 18 თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების გარემოებებს სხვა ინტერპრეტაციით ავრცელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
 
,,გიუნაშვილის  გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM). 
მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა დაკავებულის გადმოცემა. ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება, როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში. გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და პოტიური ნაბიჯია სამშვიდობო პროცესში, რაც პოზიტიურად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე“ – აცხადებენ უწყებაში.
 
 
 

 
წინა სტატია,,ვიფიქროთ, ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი” – პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დღეს სამებაში იქადაგა
შემდეგი სტატიავაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური