საოცრება მოგელის, შენ, ტერენტი გრანელი…

0
904

120 წლის წინ, 1897 წლის 25 ნოემბერს დაიბადა  ტერენტი გრანელი. 

მ თარიღთან დაკავშირებით ,,ოდიში ნიუსი''გთაზობთ  ჟურნალისტ შორენა ლაბაძის ინტერვიუს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორ თამარ პაიჭაძესთან, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა  GzaPress- მა და თავისი მხრდან დასძენს, რომ ტერენტი გრანელისთვის სამწუხაროდ არ მოიძებნა ადგილი მთაწმინდაზე, სადაც მრავალი ათეული წელია მხოლოდ ნომენკლატურული პოეტები ადიან … ნიტე, აშო ქომჩან სქან დუდი, ტერე კვირკველია, სქან  ოდაბადეს, წალენჯიხას…
 
ტერენტი გრანელის უცნაური სიყვარული და იმედგაცრუება.
დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა.
"ცისფერყანწელები" გარეგნული ნიშნებით მათთვის შეუსაბამო ტერენტი გრანელი ვერაფრით მიიღეს.
 
"შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია… მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე… რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს…" – სწერს ტერენტი გრანელი თავის "უცნაურ" სიყვარულს – თამარ ჯაფარიძეს. პოეტის ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეპიზოდისა და უცნაურად მკაცრი ბედისწერის შესახებ  ვესაუბრეთ…
 
– ტერენტი გრანელი ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში არა მხოლოდ საინტერესო პოეტი, არამედ ზოგადად საინტერესო ფიგურაა. კითხვები მისი პიროვნების, ცხოვრების, ბედისწერის გარშემო ყოველთვის არსებობს, რადგან ფაქტია, ის საკმაოდ არაორდინარული ბედის პიროვნება იყო, მტკივნეული სიურპრიზები არგუნა ცხოვრებამ. საერთოდ, როცა ლიტერატურის ისტორიაში მწერალს ვაფასებთ, მის შემოქმედებას დინამიკაში განვიხილავთ – როგორ ჩამოყალიბდა, რა მეთოდოლოგიური გარდასახვა მოხდა მის შემოქმედებაში. ტერენტის შემთხვევაში, ეს პროცესი ნაკლებად ცნობიერდება, რადგან ყველაფერი პირიქით მოხდა – ის მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი ყოფის ადრეულ ეტაპზე უფრო პოპულარული იყო, ვიდრე მოგვიანებით, რაც მისმა უმძიმესმა ცხოვრებისეულმა ყოფამ გამოიწვია. ყოველდღიური ცხოვრების წესით გრანელი ძალიან ჰგავდა ნიკო ფიროსმანს – ტერენტიც მასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდა. კიბეს ერთი ფარღალალა შეჭედილი ფიცრული კარი ჰქონდა, კარს მიღმა კი ერთი ჭრიალა ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ერთი ნავთის ლამფა იყო. არანაირი გათბობა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა.
 
– როგორ გახდა ტერენტი კვირკველია ტერენტი გრანელი?
– ტერენტი გრანელი წალენჯიხიდან ერთი აბგით ჩამოვიდა. თან ჰქონდა გულისხმიერი მეზობლის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის – იაკობ შანავას სარეკომენდაციო წერილი ზაქარია ჭიჭინაძისა და იოსებ იმედაშვილისადმი. მათ შეიფარეს პოეტი და ლექსების დაბეჭდვის საქმეშიც უშუამდგომლეს. ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარი "კვირკველია", მეორე ვერსიით კი – "კვირკვაიაა". თბილისში ჩამოსვლისთანავე პოეტი ფსევდონიმად "გრანელს" ირჩევს. ამ სიტყვის ეტიმოლოგიის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ალბათ ყველაზე სწორი ვერსია სიტყვის ლათინური წარმოშობით აიხსნება. "გრანუმ" ლათინურად, "მარცვალს" ნიშნავს. პოეტი ხშირად ამბობდა: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ"…
 
 
ცნობილია მისი უცნაური სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ...
– ეს ამბავი მის წინააღმდეგობრივ, ემოციურ, ფრთხილ, სათუთ და ამასთანავე, პრინციპულ სულიერ სამყაროს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
პოეტის უახლოესი მეგობარი, გენო ქელბაქიანი, ტერენტის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას დაუმეგობრდა. მისი მოგონების მიხედვით, ტერენტი გრანელს თავისი შემოქმედებითი სრულყოფილების ზენიტში ყოფნისას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში და უამრავ წერილს იღებდა. ერთ-ერთი, კიევიდან ახალგაზრდა ქალმა გამოუგზავნა.
ეს იყო თამარ ჯაფარიძე – იმ დროისათვის კიევში საცხოვრებლად წასული ოფიცრის მეუღლე. წერილის მიხედვით, გრანელის ლექსების კითხვა მისთვის "ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ" ქცეულიყო. ამბობდა, რომ თბილისში ყოფნისას საიდუმლოდ უყვარდა პოეტი და ბევრი მისი ლექსი ზეპირად იცოდა. ტერენტი ამ წერილით გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა.
მისი მეგობარი წერს, – რადგან ის ამ ქალს არ იცნობდა, საკითხს ფრთხილად ეკიდებოდა, თუმცა საპასუხო წერილი მისწერა და ამის შემდეგ მათი მიმოწერა რეგულარული გახდა. მეგობრები ამჩნევდნენ, რომ პოეტი სხვაგვარი გახდა, სიხარულისა და ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავდა. საერთოდ, ძალიან დაუდევარი, მოუვლელი იყო, ზოგჯერ ზამთარში თეთრი ტილოს ტანსაცმელი ეცვა; იმ პერიოდში კი ამ მხრივაც გამოიცვალა – ყოველთვის სევდიანსა და მისტიკურს, თვალებშიც სიხარულის სხივი ჩაუდგა. გარშემო მყოფებისთვის საგრძნობი იყო, რომ მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა. პოეტმა ერთადერთს – გენო ქელბაქიანს გაანდო თავისი საიდუმლო. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლექსი "შენს მოლოდინში"… ერთ-ერთ წერილთან ერთად, თამარმა ტერენტის საკუთარი ფოტოსურათი გამოუგზავნა. ტერენტიმ ის გენო ქელბაქიანს უჩვენა, რომლის თქმითაც, ქალი იმდენად მომხიბვლელი იყო და ისეთი მშვენიერი თვალები ჰქონდა, რომ თავადაც მოინუსხა. ერთხელაც, ტერენტიმ თამარისგან მიიღო წერილი, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა: მან ოჯახის მიტოვება და ტერენტისთან თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. პოეტი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ადგილს ვერ პოულობდა… დათქმულ დღეს სადგურზე მისულმა გენომ და ტერენტიმ ხალხისგან დაცლილ ვაგონში მარტოდ დარჩენილი ქალბატონი დაინახეს, გვერდით უზარმაზარი ჩემოდნით. როცა გენოს ტერენტისთვის შეუხედავს, სახეზე ფერი არ ედო თურმე პოეტს… მეგობრები ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ქალს. თამარმა პოეტს ხელი გაუწოდა და მიესალმა, ტერენტიმაც მიუგო: "გამარჯობა". მერე გენოს მიუბრუნდა და უთხრა: "ჩვენ წავედით, გვეჩქარება!" – და ადგილიდან მოწყდა. გენო ქელბაქიანი იხსენებს: "მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი". დაბნეულმა და შეწუხებულმა გენომ ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა, იქიდან მობრუნებულმა კი მეგობარს დაუწყო ძებნა. მოგვიანებით, ქანდაკებასავით თეთრი და მგლოვიარე პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა… პოეტი თითქოს ცოცხლებში აღარ ეწერა… მეგობრის საყვედურის შემდეგ ესღა თქვა: "ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა… სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? ახ, რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი!" ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქალი ან ულამაზო, ან ასაკოვანი იყო. უბრალოდ, ტერენტის ის სხვაგვარი წარმოედგინა, მისი პოეტური წარმოსახვა არ დაემთხვა რეალობას… ეს ქალბატონი კიევში აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი სადილად ერთ ქალბატონთან დადიოდა, რომელიც ვერის სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდა. ერთხელ, ამ ქალის სახლის ფანჯრიდან თამარ ჯაფარიძე დაუნახავს, ფეხზე წამოიჭრა თურმე და სხვა ფანჯრიდან მეორე მხარეს გადახტა. მთელი ცხოვრება თავს არიდებდა თამართან შეხვედრას და არც არასოდეს ახსენებდა. მხოლოდ ამ სტრიქონით "გამოიტირა":
"და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ,
დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე.
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე".
პოეტის ამ მორალურ ფიასკოსთან მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მეორე პერიოდის დასაწყისია დაკავშირებული. მის ცხოვრებაში ნელ-ნელა სხვა გარდატეხა დაიწყო. საზოგადოებას თავადვე გაუუცხოვდა და მოგვიანებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. გენო ქელბაქიანმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა ტერენტის ჩააკითხეს და იქაურ აღმასკომის თავმჯდომარეს აუხსნეს, რომ ის პოეტი იყო; სთხოვეს, უფრო სათუთად მოპყრობოდნენ და მისთვის გასეირნების საშუალებაც მიეცათ. სწორედ ერთ-ერთი სეირნობისას, ტერენტი თბილისში გამოიპარა. უკვე ამის შემდეგ მისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდებს იხსენებენ… ვეღარავის ცნობდა – სრულიად მიუსაფარი, დადიოდა დახეული ტანსაცმლით და ცხოვრობდა ქუჩაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი ცხოვრების ბოლო 5-6 წელი, ფაქტობრივად, არ იყო ადამიანური ცხოვრება. როგორც უპატრონო მიცვალებული, მიხაილის სახ. საავადმყოფოს პროზექტურაში მიასვენეს, სადაც პოეტი ერთმა პრაქტიკანტმა იცნო. მწერალთა კავშირს შეატყობინეს. დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის, ვალერიან გაფრინდაშვილი. საავადმყოფოს გადაღმა, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 
 
– ცნობილია, რომ პოეტი ჯერ კიდევ ბავშვობაში, მამის სახელოსნოში გვიან ღამემდე წაღებს კერავდა, შემდგომ მუშაობდა ვაგონების გადამბმელად, კონდუქტორად, საქმიანი ქაღალდები დაჰქონდა სტამბაში… ანუ ცხოვრობდა საკმაოდ პრაქტიკული ცხოვრებით. უფრო მეტად რას მიეწერება მისი ცხოვრების ასეთი ტრანსფორმაცია?
– პოეტის ოჯახს მატერიალურად ყოველთვის უჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან არ იყო მელანქოლიური. ბავშვობაში თხებსაც მწყემსავდა. ხშირად უნახავთ წალენჯიხის გარეუბანში, ძველი ეკლესიის ნანგრევებში იჯდა და თვალი ცისკენ ჰქონდა მიშტერებული, თან რაღაცას ხმადაბლა ლაპარაკობდა. ძალიან გამხდარს, საოცრად უძირო ლურჯი თვალები ჰქონდა. ჭაბუკობიდანვე მარტოობისა და მელანქოლიისკენ იყო მიდრეკილი. ტერენტი დედინაცვალმა, დარია მებონიამ გაზარდა, რომელიც ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო მის ცხოვრებაში. მას უფრო სულიერი ობლობა სტანჯავდა, ვიდრე პიროვნული. მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, ტერენტის უნდოდა, პოეტი ყოფილიყო და ზუსტად ისე წარმართა საკუთარი ცხოვრება, როგორც თავად სურდა. შედგა კიდეც პოეტად – სულ 2 წლის ჩამოსული იყო თბილისში, როცა მისი პირველი ლექსების კრებული გამოვიდა. გამოვიდა ასევე გაზეთი – "ტერენტი გრანელი", სადაც მისი პოეზიის შესახებ ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, ვალერიან გაფრინდაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძისა და სხვა სერიოზულ ლიტერატორთა რეცენზიები იბეჭდებოდა. პოეტს ასევე საშუალება მისცეს, თავისი რედაქტორობით ორი გამოცემა გამოეცა. ეს იყო "კრონოსის სარკე" და "ია". მაგრამ მისივე ბუნების გამო, ეს არ გაგრძელდა. ჰონორარს რომ აიღებდა, მეგობრები მუდმივად ეჩხუბებოდნენ, – წადი, ტანსაცმელი, საჭმელი იყიდე, ბინა იქირავეო, – მაგრამ მას ქართველი სიმბოლისტების ცხოვრება მოსწონდა – ისინი დადიოდნენ ორთაჭალის ბაღებში, ქეიფობდნენ დუქნებში… ერთადერთი, ვალერიან გაფრინდაშვილი, შედარებით ლიბერალური ფიგურა, კეთილგანწყობილი იყო ამ ადამიანის მიმართ. პაოლო იაშვილსა და ტერენტის პირდაპირ ხელჩართული ჩხუბი მოუხდათ რამდენჯერმე, რადგან პაოლოს მიაჩნდა, რომ მას არ ჰქონდა უფლება, "ცისფერყანწელებს" მიჰკედლებოდა. "ცისფერყანწელები" ხაზგასმულად მიდრეკილი იყვნენ ესთეტიზმისკენ და გარეგნული ნიშნებით მათთვის შეუსაბამო ტერენტი გრანელი ვერაფრით მიიღეს. არადა, ტერენტი სულით მაინც სიმბოლისტი იყო.
 
– მოგნებების მიხედვით, გალაკტიონი იყო ერთადერთი პოეტი, ვინც მას პატივს სცემდა, პროლეტარი პოეტები კი გრანელზე ზეწოლასაც ახდენდნენ…
– პროლეტარი პოეტებიდან ხარიტონ ვარდოშვილთან მეგობრობდა, მაგრამ ვარდოშვილი წერს: ისე მაწყენინა, მისი სახელის ხსენება აღარ მინდოდაო. რაც შეეხება გალაკტიონ ტაბიძეს – ერთხელ ტერენტი ქუჩაში წინ გადაუდგა თურმე და უთხრა: რატომ ამბობენ შენზე, რომ ჩემზე დიდი პოეტი ხარ? მე ვარ შენზე დიდი პოეტიო. გალაკტიონსაც უპასუხია: კი, ძამიკო, შენ ხარ ჩემზე დიდი პოეტიო… 
 
– მოგონებების თანახმად, ტერენტი გრანელი პოლიტიკაში არასოდეს ერეოდა და არც ხმამაღლა საუბრობდა, თუმცა ნახსენები ისიცაა, რომ ხმამაღლა აკრიტიკებდა სტალინს და მას დიქტატორს უწოდებდა; ხმამაღლა უარყოფდა ასევე "პარტიულ პოეზიას". როგორც ჩანს, მაინც აღელვებდა პოლიტიკური პროცესები…
– 20-იანი წლების მთელ ლიტერატურულ ბომონდს "წითელმა" ხელისუფლებამ უნდობლობა გამოუცხადა. ეს ცნობილი ფაქტია. ანუ "წითელმა" ხელისუფლებამ პირველ მტრებად "ცისფერყანწელები", კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებით, მოდერნისტებისადმი იყო არაკეთილგანწყობილი. მაგრამ ტერენტი გრანელს ცალსახად სამშობლოს მოღალატეობა ვერ დააბრალეს, რადგან 1926 წლის შემდეგ იგი პოეტთა სიაში, ფაქტობრივად, აღარ ირიცხებოდა; მასში მოწინააღმდეგეს ვერ ხედავდნენ. პოეტი თავადაც განყენებული იყო პოლიტიკური და იდეოლოგიური პროცესებისგან. ის მისტიკოსი, სხვა მიმართულების, აზრების, ფსიქოლოგიისა და მსოფლმხედველობის "მონა" იყო. თავადვე ამბობდა: "გადავეცემი მსოფლიო ელემენტებს". ადამიანის ყოფას, სიკვდილსა და საყოველთაო ფილოსოფიაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე ყოველდღიურ თემებზე. 

 

 
წინა სტატიაგიორგი კვირიკაშვილი უსამძიმრებს დაღუპულთა ახლობლებს და პირდება, რომ დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში
შემდეგი სტატიასასულიერო პირებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური