რა მოხდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – სააგენტო ,,აქცენტის”ვერსია

0
416
21-22 ნოემბრის შფოთიანი მოვლენების შესახებ ოფიციალურად ამ დრომდე მხოლოდ მწირი ოფიციალური ინფორმაციაა ცნობილი.
ერძოდ, ითქვა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი სპეცრაზმელი, კიდევ ორი დაჭრილია. დაჭრილია ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. რაც შეეხება პირებს, რომლებიც, სუს-ის წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, სპეცოპერაციის დროს სამი მათგანი ლიკვიდირებულია, ერთი – დაკავებული. როგორც სუს-ში აცხადებენ, გრძელდება ღონისძიებები ამ პირთა სრული ინდეტიფიცირებისთვის მათი შესაძლო დანაშაულებრივი კავშირების გამოსავლენად.
 
და კიდევ ორი ოფიციალური ინფორმაცია: 1) ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პირებზე დაკვირვება წარმოებდა;
2) სპეცოპერაციის დაწყებამდე სამართალდამცველებისთვის ჩაბარების საკითხზე მოლაპარაკებები წარიმართა, თუმცა უშედეგოდ: ამ პირებმა ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.
 
არანაირი სხვა ინფორმაცია სუს-ს ჯერ-ჯერობით არ განუსაჯაროებია. 
 
"აქცენტმა" ჯგუფის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება საკუთარი წყაროები შეძლო. კერძოდ, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, 4-კაციანი ჯგუფიდან 3 ეროვნებით ჩეჩენი (არა ქისტი, ანუ არა ადგილობრივი) იყო (მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, სავარაუდოდ – რუსეთის), რაც შეეხება მეოთხეს, მის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ზხსენებული სამი ჩეჩენი მის დაცვას ცდილობდა – პირის, რომელმაც 22 ნოემბრის სპეცოპერაციის მსვლელობისას თავი აიფეთქა. წყაროს მონაცემებით, დაკავებული და ლიკვიდირებული ჩეჩნები დაახლოებით 20-21 წლის ასაკისანი იყვნენ.  
 
სააგენტოს წყაროსთვის ცნობილია გარკვეულ მომენტამდე მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიაც. კერძოდ, მისი ინფორმაციით, დაახლოებით ორი თვის წინ ერთ-ერთმა პანკისელმა ახალგაზრდამ, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, ცნობილი ბინის ფაქტობრივი მეპატრონის – ასლან ჯაბრაილოვის ცოლის ძმას, რიზვან გორაკაშვილს "ევროპიდან პირად საქმეებზე ჩამოსულ პირებად" ორი ჩეჩენი გააცნო და სთხოვა, მათ საცხოვრისის მოძებნაში დაჰხმარებოდა.
 
"ჩეჩნეთში არსებული ვითარების გამო ყველა ჩეჩენი ვერ ახერხებს სამშობლოში ჩასვლას და ხშირად გარკვეული დროით ევროპიდან საქართველოში ჩამოდის. აქ ისინი, ასე ვთქვათ, სახლთან ახლოს გრძნობენ თავს. ჩემს მიერ ნახსენებმა პირებმა გორაკაშვილის დახმარებით ეს ბინა იქირავეს. გარკვეული დროის განმავლობაში ამ ბინაში ამ ჩეჩენთაგან ერთ-ერთის ცოლ-შვილიც ცხოვრობდა, მაგრამ უშუალოდ სპეცოპერაციის დროს ისინი იქ არ იყვნენ. როდის დატოვეს მათ ბინა, ზუსტად არ ვიცი. როგორც ირკვევა, ბინაში ცხოვრობდა კიდევ ორი პირი. მათგან ერთი – ასევე ჩეჩენი. აი, მეორეს შესახებ კი ამ დროისთვის ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ, რომ მისი იმ ბინაში ყოფნა გასაიდუმლოებული იყო, ასევე ის, რომ უკვე სპეცოპერაციის მსვლელობისას ხსენებული სამი ჩეჩენი მის დაცვას ცდილობდა",- ამბობს წყარო.
 
მისივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 21 ნოემბერს, საღამოხანს კორპუსის სიახლოვეს დააკავეს: მაღაზიაში ყოფილა ჩასული და იქვე აუყვანიათ (უკვე შემდგომში, 23 ნოემბერს ადვოკატმა აცნობა ჟურნალისტებს, რომ იგი რუსეთის მოქალაქეა). ამის შემდეგ სამოქალაქო სამოსში ჩაცმული სამართალდამცველები ბინაში ავიდნენ – ვითომ კომუნალურ საკითხებზე. მათ მხოლოდ ორი ჩეჩენი ეკონტაქტათ – მესამე პირი არ გამოჩენილა. ჩეჩნებმა კომუნალური საკითხების შესახებ სამართალდამცველთა კითხვებისთვის პასუხის გასაცემად  გორაკაშვილს დაურეკეს და მისვლა სთხოვეს. ისიც მივიდა და ცოტა ხანში ბინა პოლიციელებთან ერთად დატოვა. გარეთ პოლიციელებმა გორაკაშვილს განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს და იქ გადაიყვანეს.
 
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები (იყო თუ არა მოლაპარაკებები, თუ იყო – მათი დეტალები და ა.შ.) უშუალოდ სპეცოპერაციის დაწყებამდე, წყაროს არ აქვს. სამაგიეროდ მისთვის, როგორც თავად ამბობს, "99%-იანი სიზუსტით" არის ცნობილი, რომ ბინაში მყოფი მეოთხე პირი, რომელსაც სპეცოპერაციის დროს დანარჩენები იცავდნენ, ახმედ ჩატაევია (იგივე "ცალხელა ახმედა", რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ლოპოტას ხეობის 2012 წლის სპეცოპერაციიდანაა ცნობილი).
 
"ჩატაევის საახლობლო წრე ამას მიდასტურებს" – განმარტა წყარომ.
 
მისივე ინფორმაციით, "იმ გასაიდუმლოებულმა პირმა, რომელსაც ჩეჩნები იცავდნენ, თავი აიფეთქა და გვამი ძლიერადაა დასახიჩრებული".  
 
ცნობისთვის: ასლან ჯაბრაილოვი და რიზვან გორაკაშვილი ამ დროისთვის თავისუფლები არიან: მათ საგამოძიებო უწყება გამოკითხვის შემდეგ  დატოვეს.  
 
დიანა მუსელიანი
საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"
 
წინა სტატიაიულია ტიმოშენკო: ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვლება და მიხელ სააკაშვილი თავისი გუნდით ღირსებით შეუდგება მუშაობას უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ
შემდეგი სტატიაზვავი, ღვარცოფი და შტორმი – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური