მონაწილეობდა თუ არა ახმეტ ჩატაევი თბილისში მომხდარ ამბებში და ვინ არიან ლიკვიდირებულები სინამდვილეში?

0
421
საეჭვოა, რატომ გაჭირდა ახმეტ ჩატაევის იდენტიფიკაცია, აქამდე, როცა იგი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,  მან ხელი რუსეთში პატიმრობისას დაკარგა, ფეხი კი საქართველოში, განა რამდენი ასეთი დაზიანებების მქონე ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს გუშინდელ აქტში პოტენციურ მონაწილეთა შორის.
 
 მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს. ეს ის ჩატაევია, რომელიც ბესელიას კომისიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა პატიმრობიდან, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, როგორც იმ დივერსიული ჯგუფის წევრს, რომელიც სხვა  11 ,,ბოევიკთან''ერთად ქართველმა სამართალდამცველებმა   ლოპოტის ხეობაში 2012 წლის 29 აგვისტოს ჩატარებული   სპეცოპერაციის დროს გაანეიტრალეს. თუმცა არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომელსაც ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს. მისი თქმით, ახმედ ჩატაევი არ გათავისუფლებულა როგორც პოლიტპატიმარი.
,,ის ნანა კაკაბაძის შუამდგომლობის მერე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ (პინგვინების და ზებრების მოსამართლე ჩემი შვილის საქმიდან) ,5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ჩატაევი მკურნალობის საბაბით ავსტრიაში წავიდა და დაითესა.ორ თვეში ქვეყანა დატოვა მისმა მეუღლემაც.ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იყო მომლაპარაკებელი,ის მძიმედ დაიჭრა და მესამე დღეს ჩაბარდა მესაზღვრეებს''. – წერს ელისო კილაძე.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ახმეტ ჩატაევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან. საეჭვოა, რატომ ჭიანურდება აქამდე ცხედრებს შორის ახმეტ ჩატაევის ამოცნობა – მას ამპუტირებული აქვს ხელი და ფეხი. განა რამდენი ასეთი დაზიანების მქონე ეჭვმიტანილი შიძლება იყოს გუშინდელ აქტში პოტენციურ მონაწილეთა შორის.? 
 
შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას იმის შესახებ, გუშინდელი სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი არ პასუხობს – კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას, – ამბობს იგი. 
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლები, რომლებიც  გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან,  ამბობენ, რომ ბინაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა, რომლებსაც არ იცნობდნენ, რადგან ისინი მეზობლებთან კომუნიკაციაში საერთოდ არ შედიოდნენ. ასევე, მათთვის უცნობია, აღნიშნული მამაკაცების წარმომავლობაც და სასაუბრო ენაც. ისინი , ატარებდნენ წვერს და „რაიმე ფიზიკური დაზიანებები, რითაც ახმედ ჩატაევისთვის შესაძლოა მიემსგავსებინათ, არ აღენიშნებოდათ“.  ( შეგახსენებთ ჩატაევს ფეხი აქვს ამპუტირებული). 
 
"კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ სპეცრაზმის მიერ გუშინ ლიკვიდირებული ჯგუფი სწორედ ჩატაევის რაზმი იყო, თუმცა მას დაზუსტებით ამაზე საუბარი უჭირს, რადგან გვამები თავად არ უნახავს. კასრელიშვილის განცხადებით თუ ლიკვიდირებულთა შორის აჰმედ ჩატაევიც არის მაშინ ქვეყანას საქმე გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხესთან აქვს.
 
„ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ძალები, რომლებმაც საშუალება მისცეს ტერორისტთა შავ სიაში მყოფ ჩატაევს  სამი ქვეყნის საზღვრის უვნებლად გადაკვეთის,“-განაცხადა კასრელიშვილმა. – ჩვენი ვერსიით ორი მიზანი ამოძრავებდათ. ერთი იყო მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება საქართველოს ციხიდან და მეორე, რუსეთში გადასვლა. რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და რომელსაც უფრო იოლად მოახერხებდნენ ამას გააკეთებდნენ. როგორ აპირებდნენ ციხიდან გამოხსნას თავისი თანამებრძოლისა, რომელიც დაკავებულია პანკისის ხეობიდან, ორი ადამიანი. სავარაუდოდ, მათ უნდა მძევლები აეყვანათ და შემდეგ როცა მძევალი გყავს შეიძლება აიძულო დათმობაზე წავიდეს მაგრამ მერე ვეღარ გადავიდოდნენ, ვერ გავიდოდნენ რომც გაეთავისუფლებინათ მეგობარი, მერე გადაადგილება უკვე გაკონტროლდებოდა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციური გაერთიანების სპეცდანაყოფების მიერ,“-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

 
საერთოდ, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების იდენტიფიკაციის საკითხში ამ დრომდე სრული გაურკვევლობაა. 
მეზობლების თქმით, მათთვის უცნობია გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად იმ პირების ლიკვიდაცია განხორციელდა, რომლებიც ბოლო პერიოდში აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ, თუ დაღუპულები სხვები არიან.
გარდა ამისა, რამდენიმე ადგილობრივი იმაზეც საუბრობს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილები მამა და ორი შვილი არიან, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ოფიციალურ დონეზე ვერ ხერხდება.

 
,,კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის'' ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ იყო ჩამოსული. იდიგოვი აცხადებს, რომ ის სპეცოპერაციის ადგილზე, დილით დაახლოებით 5 საათიდან იმყოფებოდა და მისთვის ცნობილია, რომ ბინაში, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნე იყო, 2 მამაკაცი, 1 ქალი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
"დილით ადრე დამიკავშირდნენ. მე ჩეჩენი ვარ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი, დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყვნენ. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები.
იმ სადარბაზოს ყველა სართულზე მცხოვრები გარეთ ისე გამოვიდა, რომ არავის მძევლად აყვანა არ უცდიათ. მე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ბავშვებს და ქალს გამოვიყვანდი, მოლაპარაკებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინაში არ შეგვიშვეს.
რაც შეეხება სროლას, ბინიდან პისტოლეტით სროლის ხმა იყო, მაგრამ ავტომატებით და ხელყუმბარებით არა. ქართველი სპეცრაზმელიც საეჭვო ვითარებაში დაიჭრა. მეუბნებოდნენ, რომ ისინი სირიიდან ჩამოვიდნენ, რაც სიმართლე არ არის", – უთხრა "რეგინფოს" უმარ იდიგოვმა.  
 
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბინიდან ერთი ბიჭი და ქალი ბავშვებით დილითვე გაიქცნენ.
"ისინი ხომ ამბობენ, რომ სამი ადამიანის ლიკვიდირება მოხდა? დილით მათ გაექცათ ბიჭი და ქალი ბავშვებით. ამას ჩვენები ადასტურებენ და ეს არსად უთქვამთ. მაშინ საიდან გაჩნდა სამი ცხედარი?
მეორე, როგორც ჩვენი სპეცსამსახურები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ბევრი იარაღი, ე.ი. მათ თავად მისცეს უფლება შემოსულიყვნენ საქართველოში, მისცეს იარაღი, ისევე როგორც ეს ლაფანყურის შემთხვევაში მოხდა. გახსოვთ ლაფანყური? თავად შემოიყვანეს, თავად მოამზადეს, ანტიტერორისტული ცენტრი პატრონობდა, შემდეგ კი არჩევნებამდე დახოცეს", – აღნიშნავს იდიგოვი.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც.
წინა სტატიავარდების რევოლუცია – ტრანსფორმაცია, რომელსაც ემყარება დამოუკიდებლობაც, დემოკრატიაც და ყველა სახელმწიფოებრივი ღირებულება
შემდეგი სტატიამთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ სისხლი დაიღვრებოდა. აქ ადგილი ჰქონდა რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ სცენარს… – გენერალი გოგი თათუხაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური