ქართული ენათმეცნიერების კაშკაშა ვარსკვლავი

0
1097
თანამედროვე  ( და არამხოლოდ) ქართული ენათმეცნიერების კაშკაშა ვარსკვლავი,   ცნობილი ლინგვისტ – კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა ენათმეცნიერების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ეს ჯილდო მას იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიენიჭა. 
 
 
მერაბ ჩუხუას ხშირად იხსენიებენ, როგორც არნოლდ ჩიქობავას უკანასკნელ მოწაფესა და მისი დიდი გზის ღირსეულ გამგრძელებელს, რომლის ფუნდამენტურ ნაშრომებს  აქვს უდიდესი მნიშვნელობა კავკასიის ხალხთა   ენობრივი და სულიერი ნათესაობის დადგენისა და  ღრმად შესწავლისთვის,  დღეს მერაბ ჩუხუა თავისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით წარმოადგენს  იმპერიული პოლიტიკის შედეგად დევნილი და შევიწროებული ხალხების დაახლოებასა და მათი კულტურული თვითმყოფადობის გადარჩენასა და განვითარებაზე მიმართული მოძრაობის დასაყრდენს მთელ კავკასიაში.  ამ დამსახურების აღიარებაა მისი დაჯილდოება იმამ შამილის ოქროს მედლით, რომელიც კავკასიის ხალხებისათვის ყველაზე ავტორიტეტული და იშვიათი ჯილდოა. 
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერაბ ჩუხუა  ჩერქეზული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია, სწორედ ამ ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა კავკასიის ხალხთა პირველი ფესტივალი ანაკლიაში, რომელიც ფართოდ გაშუქდა ,,ოდიში ნიუსზეც''. 
 
მერაბ ჩუხუა  ავტორია მრავალი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიისა, რომელიც როგორც ქართველი და კავკასიელი, ისე უცხოელი კოლეგების მიერ აღიარებულია საეტაპო ნაშრომებად  კავკასიოლოგიაში 
ჩამოვთვლით მხოლოდ რამდენიმე მონოგრაფიას:   იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა, თბ., 2008; ინგუშური ენა, თბ., 2009; ჩერქეზთა გენოციდი, თბ., 2012; ვაინახები (რუსულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2013; ლაზურ-მეგრული გრამატიკა. 1. მორფოლოგია, თბ., 2015;
ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ძიებანი, თბ., 2017 
 
მერაბ ჩუხუა  სოფელ ჭაქვინჯიდან არის, მას კარგად იცნობენ   ზუგდიდშიც, მაგრამ იცნობენ უპირატესად როგორც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მაღალი თანამდებობის პირს ზვიად გამსახურდიასა და მიხილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ( მისი საქმიანობის სფეროს დიასპორის საკითხები წარმოადგენდა) , მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ნაკლებად იცნობენ როგორც მეცნიერს და, შესაბამისად, ამ  ფიგურის მასშტაბები   სათანადოდ არ არის აღქმული.
 
აკადემიის ჯილდომ  ბოლო დღეებში ზუგდიდში წარმოშვა აქამდე არნახული ინტერესი მის საქმიანობისადმი სამეცნიერო ასპარეზზე. 
შესაძლოა, ამ კითხვებს ნაწილობრივ გასცეს პასუხი ენათმეცნიერ მანან ბუკიას  რეცენზიამ მერაბ ჩუხუას  ერთერთ ფუნდამენტურ ნაშრომზე  „ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი“ .
 
ახალი სიტყვა ქართველოლოგიაში
 

ქართველურ ენათა კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. საერთოქართველურ ფორმებს ყურადღება ჯერ კიდევ როზენმა მიაქცია. ქართველურ ენათა ნათესაობაზე გარკვევით მიანიშნებდა კლაპროთიც. ამ ენათა მონათესავე ლექსიკის შეპირისპირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ფ. ბოპმა, მ. ბროსემ, ალ. ცაგარელმა, პ. ჭარაიამ, ნ. მარმა, ი. ყიფშიძემ.ცალკეა აღსანიშნავი ის უდიდესი ღვაწლი, რაც ქართველურ ენათა კვლევას უძღვნეს ივ. ჯავახიშვილმა, არნ. ჩიქობავამ, აკ. შანიძემ, ვ. თოფურიამ. შემდგომ 50-იანი წლების მკვლევრებმა გ. მაჭავარიანმა, თ. გამყრელიძემ, ტ. გუდავამ, კ. შმიდტმა, გ. კლიმოვმა, პოლაკმა…
 
1964 წელს გამოვიდა გ. კლიმოვის „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, 1990 და 2000 წლებში ორჯერ გამოიცა ჰ. ფენრიხისა და ზ. სარჯველაძის ლექსიკონი… მაგრამ ჩვენი დალოცვილი ენა იმდენად მადლიანია, იმდენად მდიდარია, რომ რაც უფრო ღრმად შედიხარ მის წიაღში, მეტ მშვენიერებას, იდუმალებას აღმოაჩენ და ნეტავი მას, ვისაც ხელეწიფება ღირსეულად მოიხილოს ეს საოცრება, რომელიც „დამარხულ არს დღესამომდე მეორედ მოსვლისა“…
„სამკალი ფრიად არს“… ამაში გვარწმუნებს მ. ჩუხუას „ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი“.
 
ავტორს უწარმოებია უზარმაზარი კვლევა, შეუსრულებია უდიდესი სამუშაო. მოძიებულია, გამოკვლეულია და აღდგენილია ასეულობით საერთოქართველური ლექსიკური ერთეულის არქეტიპი. წარმოდგენილია ისტორიული ფონეტიკის, ბგერათშესატყვისობების, ფონეტიკური პროცესების სრულიად ახლებური ინტერპრეტაცია. ავტორი შენიშნავს, რომ ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი უწინარესად სვანურს ეძღვნება. 
როცა ენათმეცნიერების ინსტიტუტში ვ. თოფურიასა და მ. ქალდანის „სვანური ლექსიკონის“ პრეზენტაცია ჩატარდა, ითქვა, რომ ლექსიკონი ბევრი სამეცნიერო ნაშრომისათვის გახდებოდა საფუძველი და „შთაგონების წყარო“. ჩვენს ხელთაა სვანური ლექსიკონით შთაგონებული უშესანიშნავესი გამოკვლევა.
 
ნაშრომის ძირითადი მიზანია საერთოქართველურ ძირ-ფუძეთა სვანური ეკვივალენტების გამოვლენა და შესაბამისი არქეტიპის აღდგენა. კვლევის შედეგი სახეზეა – ჩვენს წინაშეა დღემდე შეუმჩნეველი, მიუკვლეველი საერთოქართველური ფორმები. ლექსიკური ერთეულები  განიხილება ფონეტიკურ-მორფოლოგიურ დონეზე.
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთოქართველურ ძირ-ფუძეებთან მთის კავკასიურ ენათა შესაბამისი ლექსიკური მასალის მოხმობა.
კვლევის ეს მეთოდი და შედეგები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს  ჩვენთვის უეჭველ, მაგრამ რიგ მეცნიერთა მიერ ეჭვქვეშ დაყენებულ იბერიულ-კავკასიურ ენათა და ხალხთა გენეტიკური ნათესაობის, საერთო წარმომავლობის ფაქტში.
ლექსიკონს წინ უძღვის სოლიდური ნაშრომი სვანურის ისტორიული ფონეტიკის ცალკეულ საკითხებზე. კერძოდ, ნაჩვენებია, თუ რა სახის ტრანსფორმაცია განიცადა საერთოქართველურმა კონსონანტიზმმა სვანურში, განხილულია ის ფონეტიკური პროცესები, რომელიც სვანურში მიმდინარეობდა…
 
ეს არის სრულიად ახლებური ხედვა, ზოგჯერ მოულოდნელიც კი. ერთ მაგალითს მოვიყვან: ფუძეენიდან გამომდინარე ქართულ-ზანურ ყ-ს სვანურშიც ყ შეესატყვისება. მკვლევრის მიერ გამოვლენილ მასალაში ჩანს, რომ საერთოქართველურ ფარინგალს სვანურში ჴ-ც შესატყვისება: სვან. ჴაშ //< ჴაშ- : ქართ. მ-ყეს-ი : ზან. ჸაშ-; სვან. მუჴარი „ასკილი“ : ქართ. მაყვალი : ზან. მუჸი… (გვ. 39).
 
ძალზე საინტერესოდ არის წარმოდგენილი ზმნის სუფიქსაციის საკითხი. სპეციალური ეტიმოლოგიური კვლევების საფუძველზე გამოყოფილია ისეთ სუფიქსთა წყება, რომელიც დღეს ფუძეს შეხორცებულია და მოქმედ მორფოლოგიურ ოდენობად არ მოიაზრება.
როგორც აღვნიშნეთ, ლექსიკონმა ძალზე დიდი, ხშირად მოულოდნელი და ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილება დატოვა. მოვიყვანთ ორიოდე მაგალითს.
სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზის აღნიშნულია, რომ ქართული ბერწ-ის შესატყვისი მეგრულში ბურჭ-ია, სვანური ბრუჭ-ი კი ზანიზმად განიხილება. არქეტიპად აღდგენილია *ბარწ ფორმა (ფენრიხი, სარჯველაძე 2000: 98). ბ-ნი მერაბი გვთავაზობს სავსებით ახლებურ ინტერპრეტაციას: სვან. ბრუჭ-ის შესატყვისად მოყვანილია ქართული მროწლ-ე „ნახირი“, „საქონელი ერთიდან სამ წლამდე“… საერთოქართველურ არქე#257#ტიპად აღდგენილია *მროწლ-ე, რომელმაც სვანურში ასეთი ცვლილება განიცადა: *მროჭლ- > *ბროჭ > ბრუჭ (გვ. 72).
ძალზე საინტერესოდ გვეჩვენება სვან. ბეტკ „რძის ან მაწვნის ნაღები“, ქართ. ბრკე // პრკე // პკე „ობი“ და ზან. ფოკა // ფოკვა „ობის“ დაკავშირება ერთმანეთთან (გვ. 65), სადაც საერთოქართველურ დონეზე აღდგენილია *ბაკ-ე არქეტიპი.
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ქართული აფთარ-, მეგრული ანთარ-, სვან. აფსსდ / აფსად // აფსთ // აფსდ „გარეულ ნადირთა ღმერთი“ ფორმების დაკავშირება ერთმანეთთან (გვ. 52).
გარდა ფონეტიკური პროცესების კვლევისა, საინტერესოდ არის წარმოდგენილი სემანტიკის გადაწევის სავარაუდო გზების ჩვენება, აგრეთვე აფთრის ზანური სტრუქტურულ-სემანტიკური შესატყვისის მოძიება კომპოზიტად მიჩნეულ ოჩ-ოპინტრე-ში < *ოჩ-ოპტირ-ე < ოჩ-ოფთჷრე < ოჩ-*ოფთორ-ე, სადაც -ე ჭანური სახელობითი ბრუნვის ნიშნად მოიაზრება.
 
ჩვენთვის ბოლომდე თეთრ ლაქად იყო მიჩნეული სამეცნიერო ლიტერატურაში მოხმობილი აზრი ჭანური ბუძ-ის  („ძუძუ“) ბერძნულიდან ნასესხობის შესახებ. ნაშრომში ქართული (მესხური) ბუძულაჲ „ძუძუ“, ზან. ბუძ-ი „ძუძუ“-სთან სვანური დუდულ  ფორმის შედარებით დამაჯერებლადაა ნაჩვენები მათი საერთოქართველური წარმომავლობა. შევნიშნავთ, რომ ბ-, დ- გრამატიკული კლასის ნიშებია, არქეტიპად აღდგენილია *ბ/დ- უძ-(-ულ) (გვ. 73.).
ჩვენს საკვლევ სფეროში შემოდის „რძის ნახარშის, შრატის აღმნიშვნელი მეგრული გირი / გჷრი, რომელმაც ბევრი  თავსატეხი გაგვიჩინა, რადგან განვიხილავდით კომპოზიტებში, სხვა ენების მონაცემებთან მიმართებაში. ნაშრომის 77–ე გვერდზე წარმოდგენილია ქართულის დასავლურ კილოებში (იმერულში, გურულში, ლეჩხუმურში) შემონახული გარო „ხარჩოზე, ღომზე მოყენებული ქონი“. დადგენილია ბგერათშესატყვისობები: ქართ. ა : ზან. ო, შემდგომ კი ო > ჷ/ი და აღდგენილია არქეტიპი *გორ-ო.
ზანური ნჷგა // ნიგა : ქართ. (ზ.-იმ.) ნოგა „ხის  ჭურჭელი“ ფორმების არქეტიპის აღდგენა (*ნიგა) განხილვის სფეროდან ხსნის სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულ ვარაუდს, თითქოს ეს ფორმები ქართველურს აფხაზური ა-ნჷგა-დან ესესხებინოს (გვ. 171).
ამასთან  დაკავშირებით მინდა შევნიშნო, რომ კვლევას მეტად აქტუალური მნიშვნელობა ენიჭება. ბევრი ლექსიკური ერ#258#თეული გასულია მეზობელ აფხაზურ ენაში. სესხების მიმართულების, ქრონოლოგიის გარკვევა არაერთ არალინგვისტურ საკითხსაც მოჰფენს ნათელს.
ჯერ კიდევ გ. კლიმოვი მიუთითებდა ქართული ეშვ-ისა და მეგრული ოსქუ-ს იგივეობას (კლიმოვი 1964: 192). ამ საკითხზე ჩვენც გვაქვს საკუთარი, კლიმოვისაგან განსხვავებული მორიდებული შეხედულება. მართალია, ბ-ნ მერაბთან ეს ცოტა სხვაგვარადაა წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მართალი ვიყავით, როცა ეჭვს გამოვთქვამდით ქართ. ეშვი : მეგრ. ოსქუ-სთან მიმართებაში. მკვლევარი მეგრულ ოსქუ-ს უკავშირებს ძვ. ქართ. იშელ-ს (გვ. 114). 
ზანურ (მეგრულ) ლექსემას შელებური („რიტუალური ყველი“) ჩვენ  დერივატად განვიხილავდით, მაგრამ ძირის სემანტიკა ჩვენთვის გაუგებარი იყო. ნაშრომში შელ- ძირის შესაბამის ფორმებად მოყვანილია ქართული სვილა // სვილი „ჭვავი“ და სვან. სუდა „შვრია“. ავტორს აღდგენილი აქვს საერთოქართველური არქეტიპი სილ და იქვე მოყვანილი აქვს მისი შესატყვისები ბაცბური, ინგუშური, ჩაჩნური, ხუნძური, ანდიური, ბაგვალალური, ახვახური, დარგუული, ლაკური, ლეზგიური, თაბასარანული, აღულური, რუთულური, წახური, ჰინალუღური, კრიწული, ბუდიღური ენებიდან (გვ. 207).
 
ასევე დაძებნილია ქართული ცეკა „კალათი“, ზანური ჩაკა „დაწნული კალათი, გიდელი“, სვან. შიგელ „ჭყინტი ყველის შესანახი ჭურჭლის“ შესატყვისები ღოდობერიულ, ჭამალალურ, ტინდიურ, ახვახურ, ხუნძურ, დიდოურ, ხვარშიულ, კაპუჭურ, ჰინალუღურ ენებთან (გვ. 304).
… და ეს არ არის ცალკეული შემთხვევები, როცა საანალიზო მასალა შედარებულია კავკასიური ენების ფართო სპექტრთან.
 
მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენს მიერ განსახილველად კონკრეტული სემანტიკის მქონე სიტყვებია გამოტანილი. ეს მართალიცაა, კრებულის ფორმატის გამო გადავწყვიტეთ, ჩვენთვის საინტერესო ფორმებზე გაგვემახვილებინა ყურადღება.
ეს არის წიგნის პირველად წაკითხვით მიღებული ჩვენი მოკრძალებული შთაბეჭდილება, რომელსაც არანაირად არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია. ეს არის წიგნი, რომელიც უნდა იკითხო, იკითხო, იკითხო…
(რეცენზიის   ავტორი:  მანანა ბუკია) 
 
 
წინა სტატიადემოკრატიის გაკვეთილები მიხეილ სააკაშვილისაგან: უკრაინული რადას შენობის წინ დაწყებული სალექციო კურსი სულ უფრო ინტენსიური ხდება
შემდეგი სტატიაგოგონების მოკვდინება დედის საშოში რომ ძალიან გახშირებულია, არავისთვის არის საიდუმლო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური