მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა...

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა აღარ იქნება.

Published on

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა აღარ იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადების აქტში მეორე მშობლის შესახებ ჩაიწერება, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი, ამ სტატუსს დაკარგავს.შესაბამისი ცვლილებები “სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული. კანონში აღნიშნული ცვლილების განხორციელების წინადადებით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა. მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა) ცნება “სამოქალაქო კოდექსში“ 2014 წლის ცვლილებებით განისაზღვრა. მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. “სამოქალაქო კოდექსის“ თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი გარკვეული შეღავათებით სარგებლობს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მისი წლიური 3000 – ლარიანი შემოსავალი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის შემთხვევაში კი, იღებს ყოველთვიურ შემწეობას. “სამოქალაქო კოდექსის“ გათვალისწინებით, ქორწინების შემთხვევაში მარტოხელა მშობელი ამ შეღავათებს კარგავს. თავის მხრივ, საკანონმდებლო წინადადებაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ უმართებულოა, როდესაც მარტოხელა მშობელი ქორწინების რეგისტრაციისთანავე კარგავს კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, რადგან დედინაცვლის/მამინაცვლის ინსტიტუტი შვილის თანასწორად გერზე სრულყოფილად ზრუნვის შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუ მარტოხელა მშობელს ქორწინების რეგისტრაციისთანავე შეუწყდება სტატუსი, კანონით დაურეგულირებელი დარჩება განქორწინების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის ტვირთის განაწილების, მარტოხელა მშობლის სტატუსის ხელახლა მიღების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის, ბავშვის ჯანმრთელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აპრილს, წერილობით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 16 ივნისიდან დღეის მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსი 1 539 პირს მიენიჭა, საიდანაც მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა 1 514 შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ – 25 შემთხვევაში. აქედან, 2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით, 328 პირს.ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მარტოხელა მშობლის სტატუსი დაქორწინების მიზეზით გაუუქმდა 15 მშობელს – 2016 წელს – 12 მშობელს, 2017 წელს – 3 მშობელს.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...