დღეს 17:00 საათზე თბილისში „ოფთალმიჯის“ არტგალერეაში, სიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენა იხსნება. გამოფენა ოთხ კვირას გასტანს, ხოლო შემდეგ ექსპონატები დაუბრუნდება ხელოვნების სასახლეს იმ შეთანხმების საფუძვლზე , რომელსაც საფრანგეთის სახემწიფოსთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პარიზში მოეწერა ხელი 2017 წლის 22 სექტემბერს .
მხატვრის ანდერძის თანახმად, ეს კოლექცია, რომელიც უნიკალურ ფერწერული ტილოებსა და სკულპტურებს აერთიანებს, საქართველოს სახელმწიფოს სიმონ დადიანის მემკვიდრეებმა – მიშეილ და ლია ვოდეებმა გადასცეს.
აღნიშნული კოლექცია, სხვადასხვა დროს, ნიუ-იორკის მონტროსის, სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმსა და სან-ფრანცისკოს ნახატების გალერეებში იყო გამოფენილი.
საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვანის – სიმონ (პეტრე) დადიანის უნიკალური კოლექციის სამშობლოში დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას. როგორც იგი მიიჩნევს, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის მხატვრული კოლექცია დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველოს ჯერ არ მიუღია.
გიორგი კალანდია:
“ არც მჯერა რომ ეს მოვახერხეთ და ამხელა განძი წამოვიღეთ! ”ქართველი მოდელიანი” – ასე ეძახდნენ მხატვარს, რომელსაც სამშობლოში დღემდე კარგად არ იცნობენ, მისი ნახატები კი ამშვენებს სან-ფრანცისკოს, პარიზის მუზეუმებს, გალერეებსა და კერძო კოლექციებს! მასზე აღფრთოვანებით წერდა ფრანგული და ამერიკული პრესა! თვითონაც აღსაფრთოვანებელი გარეგნობისა იყო, დადიანთა შთამომავალი, ერთადერთი ქართველი ვინც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის არმიაში იბრძოდა. მოკლედ, მასზე ბევრი გვაქვს მოსაყოლი… ახლა კი ვიტყვი რომ სიმონ დადიანის 20 ტილო და 2 ქანდაკება სამშობლოში ბრუნდება, ეს გადაწყვეტილება მემკვიდრეებმა მიხეილ და ლია ვოდეებმა მიიღეს.
”ჩვენ შევასრულეთ მისი უკანასკნელი ოცნება” – თქვა საჩუქრის გადმოცემის შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს მიხეილ ვოდე-მდივანმა და ცრემლები წამოუვიდა, მას ამ ცრემლებით სიმონიკას სამშობლოში დაბრუნება უხაროდა…” – წერს გიორგი კალანდია.
სვიმონ დადიანი მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა 1921 წელს, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, საქართველო დატოვა ჩვენი ემიგრაციის ცნობილი მარშრუტით: ბათუმი – კონსტანტინოპოლი – მარსელი – პარიზი. იგი ცნობილი და პატივსაცემი ოჯახიდან იყო. მამა: კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, ეროვნული მოღვაწე. დედა: მერი წერეთელი, იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავალი. ბებია (მამის დედა): თამარ შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და.
სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, შემდეგ შეერთებულ შტატებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად. II მსოფლიო ომის დროს იგი ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. და–ძმებისგან შორს ცხოვრობდა, მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. მამამისს, კოკი დადიანს ორი ქორწინებიდან ცხრა შვილი ჰყავდა. საზღვარგარეთ მეუღლესა და სამ უმცროს შვილთან ერთად (გიორგი, ქეთევანი (მია) და სვიმონი), მას გაჰყვა უფროსი ვაჟი – იუნკერი მიხეილ დადიანი. წლების შემდეგ ოჯახმა აღადგინა ურთიერთობა საქართველოში დარჩენილებთან. ორმოცდასამწლიანი განშორების შემდეგ სვიმონის უფროსმა დამ ბაბო დადიანმა მოახერხა თავის და-ძმების მონახულება საფრანგეთში. სან-ფრანცისკოდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდა უმცროსი ძმა სიმონიკა (ცუცქა) დადიანიც…
ახლა კი თავად სიმონ დადიანი დაბრუნდა საქართველოში თავისი ნახატებითა და ქანდაკებებით.
მისი ნამუშევრები მომავალში ალბათ ზუგდიდის დადიანების მუზეუმშიც გამოიფინება და უფრო შორეულ, მაგრამ გარდუვალ პერსპექტივაშიოკუპანტებისგან განთავისუფლებულ სოხუმშიც.
,,…ოცნებაში გადავედი… იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის (კოკი დადიანის) სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის (გიორგი შარვაშიძის) ზღვისპირა სახლში მოვათავსო… ჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი…“ – წერდა თავად სიმონ დადიანი პირად წერილებში.
გიორგი შერვაშიძის სახლი სოხუმში