აშშ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას მხარი დაუჭირონ

0
401
ეუთო-ში აშშ-ის მისია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებული ჰარი კომიენი ამბობს, რომ აშშ მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას, რომელსაც ექნება მანდატი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.განცხადებაში საუბარია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადამწყვეტია საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად.„აშშ-ს მტკიცედ სჯერა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადამწყვეტია საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე, ადამიანის უფლებების პატივსაცემად და 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირების საშუალების თვალსაზრისით. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს შეხედულებას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ეს დისკუსიები, ისინი გადამწყვეტია. ჟენევის ფორმატით, ეუთო, ევროკავშირი და გაერო ასრულებენ ფასდაუდებელ როლს კონფლიქტით მოცულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული პირობების მხრივ შექმნილი ვითარების მონიტორინგის თვალსაზრისით. ეუთო-ს, ევროკავშირს და გაერო-ს აქვს გამოცდილება, რომელიც საჭიროა პროცესის თანხმლები პრობლემების გადასაწყვეტად და ჩვენ მივესალმებით მათ ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. „აშშ მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, – წერია განცხადებაში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია რუსეთის პროვოკაციული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია რეგიონებზე გავლენის გაძლიერებისკენ. ამასთან, ამერიკული მხარე იზიარებს ელჩ ტოივო კლაარის შეშფოთებას მაისში მომხდარი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასამართლო დევნის შეჩერების გამო და კვლავ ითხოვს დამნაშავის გასამართლებას.აშშ მადლობას უხდის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ძალსიხმევისთვის, რომელიც მიმართულია მოლაპარაკებებში პროგრესისა და წინსვლის მიღწევისკენ. ამასთან, აშშ-ის მისია ეუთო-ში მოხარულია, რომ ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები, როგორც გალში, ისე ერგნეთში კვლავ იმართება. აშშ მიიჩნევს, რომ ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და საჭირო პლატფორმაა.„2017 წლის დეკემბერში დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, აშშ მოუწოდებს მხარეებს, მიაღწიონ ორმხრივად შეთანხმებულ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში.აშშ მოუწოდებს დისკუსიების მონაწილეებს, ადგილობრივ დონეზე მოძებნონ გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით.აშშ ასევე მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას, რომელსაც ექნება მანდატი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.ამასთან, ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისია ტოივო კლაარს დისკუსიების თანათავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს.  „აშშ-ი ​მუდმივმოქმედ საბჭოში საქართველოში კონფლიქტზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიესალმება. ჩვენ, ასევე, ვულოცავთ ელჩ კლაარს მომავალ დანიშვნას“, – ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ის დროებითი რწმუნებულის ჰარი კომიენის განცხადებაში.
წინა სტატია22 ნოემბერს – უკრაინის ღირსებისა და თავისუფლების დღესასწაულს პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოში შეხვდება
შემდეგი სტატია,,არა პოლიტიკურ შანტაჟს!”- ევროპულმა საქართველომ ხობში აქცია-პერფორმანსი მოაწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური