ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით შელიამ გაიმარჯვა. მან 233 ხმა მიიღო, რაც 47,75%-ს შეადგენს. მმართველი პარტიის კანდიდატ ელგუჯა ესართიას კი 206 ხმა აქვს. ეს 42,21%-ია. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლავრენტი ყორშიამ 49 ხმა მიიღო, რაც 10,04%-ია.რაც შეეხება ანაკლიის მეორე 91-ე უბანს, აქ მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო. ელგუჯა ესართიას 111 (42,37%) ხმა აქვს. დავით შელიას 100 (38,17%), ლავრენტ ყორშიას კი 51 (19,47%) ხმა. თუმცა, ორივე უბნის მონაცემების მიხედვით, ჯამში ანაკლიაში ენმ-ის მაჟორიტარმა კანდიდატმა 16 ხმით მოიგო.„ოცნების“ მაჟორიტარის მარცხის მიუხედავად, მოიგო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ. მას 32-ე საარჩევნო უბანზე 199-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მას ოთხი ხმით ჩამორჩება ენმ-ის კანდიდატი ლევან კონჯარია. 91-ე უბანზე ლაშა გოგიამ 109 ხმა მიიღო, ლევან კონჯარიამ 66. ჯამში ანაკლიის ორივე უბანში „ოცნების“ მერობის კანდიდატმა 47 ხმით გაიმარჯვა.ანაკლიაში მოიგო პარტია „ქართულმა ოცნებამ“. 32-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალურ მოძრაობას“ 219 ხმა აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი 207. „ევროპულმა საქართველომ“ 46 ხმა მიიღო. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 6, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 5, კახა კუკავას პარტიამ ორი, „რესპუბლიკელებმა“ კი ერთი ხმა მიიღეს.91-ე უბნის მონაცემებით, მმართველ პარტიას 116 ხმა აქვს, 91 კი ენმ-ს. ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიაში 13 ხმით მოიგო.
ვინ არის დათა შელია, ერთადერთი გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობიდან”?
Published on
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, სხვაობა მიზერულია , მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ანაკლიას აუარა გვერდი გამოუცხადებელმა ბოიკოტმა , რომელიც , როგორც არჩევნებზე არწასული ანაკლიელები ამბობენ, არამხოლოდ მმართველი პარტიისგან მოსალოდნელ გაყალბებებსა და ზეწოლებს, არამედ ნაციონალურ მოძაობაში, კერძოდ, მის ადგილობრივ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს გამოუცხადეს და აქ საქმე მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მნიშვნელობის ,,სახის'' მიერ თავიანთი კანდიდატურების არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხსნაში არ არის.
,,სანამ მიშა არ დაბრუნდება, ოცნებას ვერავინ ვერაფერს გამოღლეტს და რისთვის უნდა მივსულიყავი?'' (,,მიშაშ უმშო თენეფშა მუთუნ ვეგწიტყაბარე დო მუშა იბდიკო'') – ასე პირდაპირ ამბობენ ისინი.
რა თქმა უნდა, შეიძლება შეაგებო პრეტენზიები, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მიიღო პარტიამ არასახარბიელო შედეგები ანაკლიაშიც ( შესაძლოა ნაკლებად, ვიდრე სხვაგან) და მთელ საქართველოშიც, მაგრამ ძნელია, არ აღიარო, რომ ქართული ოცნების გამარჯვებას მთელ მის არსენალთან ერთად ნაციონალური მოძრაობის პარტიული სტრუქტურების არასათანადო ორგანიზებულობამ და, მისგან გამომდინარე, პოტენციური ამომრჩევლის დემონსტრატიულმა ,,შინ დარჩენამაც'' შეუწყო ხელი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, ანაკლიაში მიღებულ შედეგებზე სწორედ ამან იმუშავა. პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი მაინც მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. არის რაღაც ძალიან სიმბოლური იმაში, რომ ,,მიშას ანაკლიაში'' დავით შელიამ გაიმარჯვა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, სოფელში კარგი სახელის მქონე ახალგაზრდამ, რომელსაც ენდნენ ნათელი გონებისა და პატიოსნების ნიშნით. იგი იმ ანაკლიის სახეა, რომელსაც მომავლის რწმენა და იმედი გაუჩნდა მიხეილ სააკაშვილის მიერ ჭაობიდან ამოქაჩვის შემდეგ და, რაც უნდა მძლავრად მუშაობდეს სახელმწიფო პროპაგანდა, სააკაშვილის სახელს ანაკლიის პორტს ვერ ჩამოაშორებს.
სხვათა შორის, დათა შელია იმ ოჯახის შვილია, რომელსაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ენერგიული, დაუდეგარი საქმიანობისა და ყველგანმყოფობის სტილის ამსახველი ერთი პატარა ამბავიც..
აი, ეს ისტორიაც ( გაზეთ ,,ქრონიკა+'' – ის პუბლიკაცია):
"თუ ანაკლიაში მოხვდებით, აუცილებლად იკითხეთ, დღესაც მოგიყვებიან განმუხურში კატერით გასულმა სააკაშვილმა როგორ მოინდომა ანაკლიისკენ გასვლა
მოკლედ, განმუხურში პატრიოტთა ბანაკის მშენებლობა გადაწყდა. რასაკვირველია, სააკაშვილი არად დაგიდევდათ საწვავის ხარჯებს (ეგ მფლანგველი!) და ხან მანქანით, ხანაც კი თავისი ვერტმფრენით კვირაში სამჯერ მაინც თავზე ადგა მშენებლობას: „კაი დედიშვილი იყავი და განრიგის მიხედვით არ გემუშავა“, – იხსენებს გრიშა ჭაავა, რომელიც მაშინ განმუხურში ხის კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, –
„გვიხდიდნენ კარგად, ორმაგს გვიხდიდნენ, ვინც გამოვთქვამდით სურვილს, რომ სადღეღამისო რეჟიმში გვემუშავა – გაჩირაღდნებული იყო იქაურობა და ისე კი არ იყო, მარტო ჩვენ რომ ვყოფილიყავით – უფროსობაც ჩვენთან ერთად ჭამდა ძეხვს და ლავაშს, ერთხელ მიშაც შეგვესწრო, ღამით, მოვიდა, ლავაში მოიტეხა, ძეხვი მოიჭრა და კაი მადიანად ილუკმებოდა“.
მოკლედ, ჩასულა მიშა ერთ ღამეს, დაუთვალიერებია მშენებლობა, უჭამია პური მუშებთან, გასულა ზღვის ნაპირზე, მოუნახულებია გალის ადმინისტრაციულ საზრვარზე მდგარი ჩვენი პოლიციელი ბიჭები და როცა გამთენიისას უკან გაბრუნების დრო მოსულა, მოტორიანი ნავი მოუთხოვია, ზღვის აკვატორია უნდა დავათვალიერო ბანაკის გასწვრივო.
აბა, უარს ვინ ეტყოდა და ორ მცველს პლუს მენავესთან ერთად ზღვაში შეუცურავს. იქეთური, აქეთური და, მენავისთვის უთქვამს, ანაკლიისკენ გაცურეო. დაცვა შეცბუნებულა, მამგრამ რას იზამდა, დაკავშირებია დანარჩენებს, არიქა, ანაკლიაში გადაბარგდით მანქანებიან-სნაიპერებიანადო…
სანამ ეს დაცვა გადმობარგდებოდა, უკვე კარგა გვარიანად გათენებულა. მიშას ზღვაზე ხის ნიჩბიანი ნავით შეცურებული მეთევზე შეუნიშნავს უკვე ანაკლიასთან მისულს და მიცურეთ, უნდა დაველაპარაკოო. მიცურეს, აიღეს მიმართულება და გამორთეს ძრავი. მერე ის მეთევზე ჟურნალისტებთან იხსენებდა იმ გაოგნებას, რაც იგრძნო, როცა მოახლოებულ კატერში მყოფებში სააკაშვილი ამოიცნო:
„კინაღამ რქები ამომივიდა, კაცო! მომადგა კატერი და ვხედავ, მიშა ზის და მიცინის! მომკალი-ღმერთო, რა მოლანდებები ამიტყდა ამ გამთენიისას ზღვაზე-მეთქი, გავიფიქრე და ამასობაში მეუბნება, შენს ნავზე უნდა გადმოვიდეო. სანამ აზრზე მოვიდოდი, გადმოვიდა და დამიჯდა პირისპირ. ვისაუბრეთ ცოტა ხანს და გაცურე ნაპირისკენ, შენთან წავიდეთ სახლშიო, მითხრა…“
მერე რაც მოხდა, არანაკლებ საინტერესოა. მოადგა ეს მეთევზე ნაპირს მიშასთან ერთად, იქვე დგას მტვრიანი „გაზ 21 ვოლგა“, ამითაა სანაპირომდე მოსული, ურეკავს ცოლს – ქალო, სააკაშვილი მომყავს სახლში და რაც გვაქვს, გამოიტანე, გაშალე სუფრაო. დილის 7 საათია, ცოლი ძილბურანშია და გაგიხმეს თავი, რა დროს ხუმრობაა ამ დილითო, ქოქოლას აყრის ქმარს, ამან კიდე – გააკეთე რასაც გეუბნები, 10 წუთში მანდ ვართო…
არ დაიჯერა იმ ქალმა, მაგრამ ადგა მაინც, ხელ-პირი დაიბანა, ოთახი გამოგავა სასწრაფოდ, ჩაიდანი დაადგა, თმა გადაივარცხნა და პომადის გადასმა ვერ მოასწრო – გაჩერდა ჭიშკართან „გაზ 21“ და აგერ არ მოდის მისი ქმარი, მიშასთან ხელგადახვეული?.."
ის მეთევზე დათა შელიას მამა იყო…
და აი, ამ ამბის ამსახველი ფოტოც შელიების საოჯახო ალბომიდან – როგორ წამოყარა ლოგინიდან გამთენიისას შტორმივით შემოვარდნილმა მიშა სააკაშვილმა ძმები …
არც თავად ეძინა, არც სხვას, და შესაბამისად, ქვეყანას აძლევდა ძილის საშუალებას.
ახლა უკვე ყველას შეუძლია იძინოს, რამდენიც გაუხარდება. ეს არჩევნები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა, თუმცა , იმედია ქვეყანა ლეთარგიული ძილიდან ბოლოს მაინც გამოვა, მით უფრო, რომ შტორმმა მოულოდნელად იცის მოვარდნა.