მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9

0
376
მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9, – ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება.უწყების ცნობით, მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული მიზეზით 4 პედაგოგი გათავისუფლდა.რაც შეეხება ძალადობისა და ბულინგის პრევენციას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტრენინგები ტარდება სკოლების ადმინისტრაციებისთვის, ასევე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, თუ როგორ მოახდინონ დესტრუქციული ქცევის მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და რეაგირება.”ბულინგთან ბრძოლის კუთხით, რეაგირების სხვადასხვა სქემები არსებობს, მათ შორის დროული რეფერარი. ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სისტემატიზებული იქნა სკოლებიდან ინფორმაცია, 4 431 რეფერარი განხორციელდა. მათგან 500-ზე მეტი სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაგზავნილი, ყველა დანარჩენთან კი, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება ყველა შემთხვევაზე, როცა დასტურდება მასწავლებლისგან, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები”, – აცხადებენ სამინისტროში.შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, რომლის თანახმად, 2016–2017 სასწავლო წლებში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების განსაკუთრებით, მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.”სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა- 20.30%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან-47.10%, დამრიგებლის მხრიდან 61.50%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან- 78.80%. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს”, – ნათქვამია ომბუდსმენის კვლევაში.
 
წინა სტატიაჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ
შემდეგი სტატიაქსენია სობჩაკი: მე ვარ კანდიდატი ყველას წინააღმდეგ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური