ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა 2000 ლარით დააჯარიმონ

0
398
ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა 2000 ლარით დააჯარიმონ.
 უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში გაკეთებული განცხადების გამო საიამ ცესკოს მიმართა. საია ფიქრობს, რომ შევჩენკომ სავარაუდოდ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და ცესკოს მომხდარის შესწავლისაკენ მოუწოდა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა.
 
ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ თქვა:
 
“დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ.
 
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.
 
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
წინა სტატიალედი სანდრა რულოვსი: პირველი ორი გადაცემა ეხებოდა ჩემს ორ სამშობლოს- ჰოლანდიას და საქართველოს, კერძოდ სამეგრელოს რეგიონს
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნაპოვნი ნიკო ნიკოლაძის კოშკში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური