კუმურდო გუმბურდოდ გვექცა? – ,,პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ამ უძველეს ქართულ ტაძარს სომხურად მიიჩნევს”

0
669
რა ხდება კუმურდოში, რა ამოძრავებს ადგილობრივ მოსახლეობას  და რატომ მივიდა საქმე  რესტავრატორებთან და სამართალდამცავებთან შეჯახებამდე?
 პასუხი ამ კითხვაზე ნაწილობრივ შეიძლება მივიღოთ  ინტერვიუდან, რომელიც ,,კვირის პალიტრამ'' ორიოდე თვის წინათ   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძისგან და ისტორისკოს გიორგი კალანდიასგან აიღო. 
 
ნიკოლოზ ანთიძე :  "კუმურდოს ტაძარი 964 წელს არის აშენებული აფხაზთა მეფის, ლეონის დროს, არქიტექტორ საკოცარის მიერ. ამ არქიტექტორის სხვა ძეგლები სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი არ არის.
 ტაძარი ამჟამად უგუმბათოდაა დარჩენილი. კუმურდოში ძირითადად სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს და გარკვეული ჯგუფები კუმურდოს ტაძრის მონახულების მსურველთ აგრესიულად ხვდებოდნენ – აქ რა გინდათო. 
 
ვმსჯელობდით, როგორ გადაგვერჩინა ტაძარი და გადავწყვიტეთ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის რესტავრაცია დაგვეწყო. რა თქმა უნდა, გარკვეულ პირთა ჯგუფების პროვოკაციები მრავლად იყო. სცადეს, კუმურდოს ტაძრის ეზოში დაედგათ მონოფიზიტური ძეგლებისთვის დამახასიათებელი ქვაჯვარი. მოსახლეობას ავუხსენით, რომ ეს გამორიცხული იყო. 
 
ამჟამად უნდა დასრულდეს ტაძრის რეაბილიტაცია, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობაც, არქეოლოგიური გათხრების დროს ეზოში აღმოჩნდა ტყვიანასროლი თავის ქალები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბჭოთა პერიოდის დასაწყისში დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნოდათ. სარესტავრაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტაძრის გარეთ შეირჩევა ადგილი, სადაც მოხდება მათი გადასვენება და გაკეთდება შესაბამისი ინფორმაცია".
 
პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა უძველეს ქართულ ტაძარს სომხურად მიიჩნევს, რომელთა მცდარ მოსაზრებას საფუძველს უმაგრებენ ვაიმეცნიერები სომხეთიდან, რომლებიც ვითომდა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებენ ამას. 
 
 
ამ რამდენიმე წლის წინ სომხეთში დაიბეჭდა 14-ტომიანი "სომხური არქიტექტურული ძეგლები", რომლის რამდენიმე ტომში თბილისში, კახეთში, ჰერეთში, აჭარასა და ჯავახეთში არსებული უძველესი ქართული ძეგლები სომხურ ტაძრებად გამოაცხადეს, მათ შორის კუმურდოს ტაძარიც, რომელზეც არაერთი ქართული წარწერაა, მეტიც, გამოსახულია გურანდუხტ დედოფალი, ბაგრატ III-ის დედა. 
 
 გიორგი კალანდია : კუმურდოს ტაძრის აღდგენა ოშკის და ხანძთის ტაძრების აღდგენის ტოლფასია:
– საბჭოთა კავშირის დროს და შემდგომაც არათუ საეკლესიო პირის, ქართველის გამოჩენაც კი წარმოუდგენელი იყო ტაძრის ტერიტორიაზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მისი აღდგენა არის საუკუნის პროექტი. კუმურდო ქართული ტაძარია და იქ სრულფასოვანი რეაბილიტაციის ჩატარების მნიშვნელობა უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. 
 
ვიღაც ცდილობს ამ ხალხით მანიპულირებას. ასეთი, მესამე ძალა ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ ჯავახეთში ან ტაო-კლარჯეთში, შეიძლება შეგვედაონ ნებისმიერ ძეგლზე, გარდა კუმურდოსი, რომელიც ისე არის აჭრელებული ქართული წარწერებით, რომ შეიძლება ითქვას, მას თან აქვს "პირადობის მოწმობა". რაც უნდა მიფრიალო სომხეთის დროშა, ახლომახლო თუ ზედ ტაძრის ეზოში, კუმურდო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და იქ მცხოვრებ სომხურენოვან საქართველოს მოქალაქეებს და დანარჩენ საქართველოს ერთმანეთთან კეთილი თანაცხოვრების გარდა, სხვა საფუძველი არ გვაქვს. როგორც კუმურდოს ტაძარი, ისე იმ სოფლის მკვიდრი მოსახლეობა, არის ჩვენი კუთვნილება და პროვოკაციული მიზნით ტაძრის ან ხალხის გამოყენების შესაძლებლობა არავის არ მიეცემა. ''
 
და კიდევ ერთი ამონარიდი ,,კვირის პალიტრის'' შარსანდელი სტატიიდან კუმურდოს ირგვლივ შექმნილი ვიტარების შესახებ: 
 
გასულ წელს "კვირის პალიტრამ" ვრცელი სტატია მიუძღვნა კუმურდოს ტაძრის რესტავრაციას. მისი მომზადების პერიოდში სოფელ კუმურდოს ჩვენი ჟურნალისტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ესტუმრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
 
"ახალქალაქის რაიონში, უძველეს სოფელ კუმურდოში (სადაც მხოლოდ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ), X საუკუნის ულამაზესი ტაძარი მოვინახულე. სამწუხაროდ, საქართველოს სხვა განაპირა რაიონების მსგავსად, თავისუფლად გადაადგილება აქაც პრობლემაა. ახალქალაქიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფლამდე არც გზა ვარგა და იმის იმედიც არ გაქვთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით კუმურდოში ჩასული იმ დღესვე გამობრუნდებით. შესაძლოა, ღამის გასათევიც ვერ იშოვოთ. მას შემდეგ, რაც ქართველებმა კუმურდოში სიარულს მოუხშირეს, ვიღაცამ ტაძრის შესახვევთან სომხეთის სახელმწიფო დროშა აღმართა(?!). 
 
სოფელში იქაური მკვიდრი მოვიკითხეთ, გავლენიანი კაცის მეგზურობა აგვარიდებდა საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, ჩვენს გამოჩენას მოჰყოლოდა. ცენტრალურ გზაზე, ბირჟაზე მდგარი ახალგაზრდები ჩვენს მანქანებს გამოჰყვნენ. "რას აკეთებთ?" "ფოტოებს იღებთ?" "რად გინდათ ამდენი ფოტო?" – კითხულობდნენ. ვუთხარით, – ამ ფოტოების საფუძველზე პროექტი უნდა დამუშავდეს და ტაძარი უნდა აღვადგინოთო. არ მოგცემთ უფლებას! – კბილებში გამოცრა ერთმა. გაგვაფრთხილეს, კამათში არ ავყოლოდით, რადგან არსებობს პროვ-ოკაციის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ტაძრის რეაბილიტაცია შეაფერხოს. 
 
სანამ ძეგლთა დაცვის სააგენტოს სამუშაო ჯგუფი თავის საქმეს აკეთებდა, ვცადე, ადგილობრივებს გავსაუბრებოდი. ამაოდ. მხოლოდ ბავშვები მეკონტაქტებოდნენ. როდესაც დროშას ვათვალიერებდი, ხანდაზმული კაცი შეჩერდა. ვკითხე, ეს აქ საიდან მოხვდა-მეთქი. კუმურდო სომხეთის ტერიტორიაა, ცხადია, ტაძარიც, რა გასაკვირია, თუ ჩვენი დროშა აქ ფრიალებსო! არ ვიცი, ვინ შთააგონებს კუმურდოელებს მსგავს დეზინფორმაციებს, თუმცა, ფაქტია, რომ ჯავახეთში სეპარატისტული იდეოლოგიის მქონე ჯგუფები დიდი ხანია ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. ამ დროშის აღმართვაც მსგავსი ჯგუფების "იდეა" უნდა იყოს. 
 

ცნობისთვის:
სოფელი კუმურდო (სომხები მას გუმბურდოს ეძახიან) მდებარეობს ახალქალაქიდან 9 კმ დასავლეთით, მდინარე მტკვრის ღრმა უფსკრულიან მარჯვენა ხევის პირას, ზღვის დონიდან 1,740 მ სიმაღლეზე. სოფელი პირველად იხსენიება VI ს-ში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 506 წ. დვინის საეკლესიო კრებაში კუმურდოს ეპისკოპოსიც მონაწილეობდა. 

 
წინა სტატიაკატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით რეფერენდუმი დაიწყო
შემდეგი სტატიატრაგედია საფეხბურთო მოედანზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური