კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით რეფერენდუმი დაიწყო

0
516
კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით რეფერენდუმი დაიწყო. კრიზისის კულმინაცია – ასე აფასებს ესპანური პრესა დღეს კატალონიაში მიმდინარე მოვლენებს.
 
 საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათზე გაიხსნა და საღამოს რვა საათზე ხმის მიცემა დასრულდება. დილიდანვე საარჩევნო უბნებთან კატალონიის მცხოვრებლებმა რიგი დაიკავეს. ზოგიერთი უბნის შესასვლელთან პოლიციისგან თავდასაცავად ტრაქტორებიც დგას.
კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფერენდუმისთვის ყველაფერი მზადაა და კატალონიელების მაღალ აქტივობას ელოდებიან. რეფერენდუმის დაწყებამდე მან მოსახლეობას აუწყა, რომ ხმის მიცემა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ.
 
 
კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა, რომელიც კატალონიელებს ისტორიის შეცვლას დაპირდა,  კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე რეფერენდუმზე თავისი ხმა უკვე დააფიქსირა, თუმცა, არა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ეს წინასწარ იყო ცნობილი.
იქ, სადაც პრეზიდენტს ხმა უნდა მიეცა, რამდენიმე წუთით ადრე მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც კარლეს პუჩდემონი სხვა საარჩევნო უბანზე მივიდა. 
 
 
 
ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით პლებისციტის ჩატარებას მკაცრად ეწინააღმდეგება მადრიდი. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  რეფერენდუმი უკანონოდ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. კატალონიის მთავრობის არაერთი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს მაგრამ კატალონიელებმა რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი არ თქვეს. ამ დღეებში ესპანეთის ხელისუფლებამ  არალეგალური კენჭისყრის აღსაკვეთად კატალონიაში პოლიციის დამატებითი ძალები გაგზავნა.  სამართალდამცველებმა რეგიონის მთავარი სატელეკომუნიკაციო ცენტრიც დაიკავეს.
 
 
პოლიციამ ჯერ კიდევ გუშინ იმ შენობების ბლოკირება მოახდინა, სადაც უბნები უნდა განლაგებულიყო. რეფერენდუმის მომხრეებმა ღამე ბლოკირებულ შენობებში და ქუჩებში გაათენეს. 
 
 
გუშინვე ბარსელონის ქუჩებში  რეფერენდუმის ჩატარების მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ, რომლებიც ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.  ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ბარსელონის ცენტრში, სადაც რეგიონული ხელისუფლებისა და ქალაქის მერიის შენობებია განთავსებული, კატალონიის დროშა დაწვა. ზოგიერთმა მერიის შენობაზე დაკიდებული ტრანსპარანტის "მეტი დემოკრატიის" ჩამოხსნა სცადა.მათ ოპონენტები დაუპირისპირდნენ, თუმცა მასშტაბური შეტაკებები არ მომხდარა. ისინი პოლიციელებმა გააშველეს.
 
 
კატალონია ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომლის მოსახლეობა 7,5 მილიონია. მას აქვს საკუთარი ენა და დროშა. ესპანეთისგან გამოყოფის იდეა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული გახდა.
 
2014 წელს ესპანეთის ხელისუფლება კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ერთი წლის შემდეგ, წელს კატალონიის ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტია მოვიდა. სწორედ ის ატარებს რეფერენდუმს. 
 თუ დღეს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა, კატალონია  შესაძლოა, ესპანეთის შემადგენლობიდან გავიდეს
წინა სტატია,,ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია: სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი მსოფლიო რეიტინგებში განუწყვეტლივ ეცემა
შემდეგი სტატიაკუმურდო გუმბურდოდ გვექცა? – ,,პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ამ უძველეს ქართულ ტაძარს სომხურად მიიჩნევს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური