მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ლაზები და მეგრელები ძმები ვართ'' და ,,შენ ჩემთვის რა გატირებდა...'' - საკითხავი...

,,ლაზები და მეგრელები ძმები ვართ” და ,,შენ ჩემთვის რა გატირებდა…” – საკითხავი ანდრიაძის აღშფოთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

Published on

,,ლაზები, განსხვავებით გურჯებისგან, თავს ქართველებად არ მიიჩნევენ. ისინი თავს ქართველების ახლო მონათესავე ხალხად თვლიან, თუმცა არა ქართველებად. ამავდროულად არიან ადამიანები, მათ შორის – საქართველოს საპატრიარქოში და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც ლაზებს არწმუნებენ: „თქვენი ენა უბრალოდ ქართული დიალექტია, თქვენი რწმენა თქვენი არ არის და უნდა მოინათლოთ, თქვენ არა ერი, არამედ ქართველი ერის სუბეთნიკური ჯგუფი ხართო“. ამის გამო ლაზები ძალიან ღიზიანდებიან'' – წერს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე მოგზაურულ ჩანაწერებში, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინათ გამოაქვეყნა ახალი ამბების სააგენტომ  „აქცენტი'' და რომელშიც  იგი მკითხველს ისტორიულ ლაზეთში  მოგზაურობასა და მიღებულ შთაბეჭდილებებზე უამბობს .
 
(წერილს ვაქვეყნებთ გიორგი ანდრიაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „საქართველოს ერთიანობის მტრების – თურქეთის მოქალაქეებისთვის“ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს''. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ ეს ის გიორგი ანდრიაძეა, რომელიც სათავეში ედგა საპატრიარქოს კამპანიას გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი  მეგრული ენის ბედზე მწუხარე ადამიანების წინააღმდეგ, რაც ნაწილობრივ წლების მანძილზე აისახებოდა პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებში, სადაც ასეთი ადამიანები, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ერთიანობის მტრებად ცხადდებოდნენ. განსჯა იმისა,  არის თუ არა ეს ასე, მკითხველისთვის და, პირველ რიგში, მეგრელებისთვის მიგვინდვია  – ნონა ქობალია)
 
 
«ისტორიულ ლაზეთში ჩემი გამგზავრების მიზანი ცნობილი მუსიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ქაზიმ ქოიუნჯუს გარდაცვალებიდან 11 წლისთავზე დასწრება გახლდათ. – წერს ალეკო კვახაძე – ეს იყო ადამიანი, რომელმაც თურქეთში ლაზური კულტურის რესპუბლიკის დონეზე პოპულარიზაცია შეძლო. გარდა ამისა, ის აქტიურად იბძოდა გიგანტური ჰესებისა და ზღვისპირა რეგიონებში ავტობანების მშენებლობის წინააღმდეგ, რაც, მისი აზრით, გარემოს ანადგურებდა. ამასთანავე, იგი იბრძოდა მცირე ერების ენების გადარჩენისთვის. 2005 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და იმავე წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, პანჭოლში. მას შემდეგ პანჭოლი ყოველი წლის 25 ივნისს მექაა როგორც ლაზებისთვის, ისე ყველასთვის, ვინც ქოიუნჯუს შემოქმედებას აღიარებს. ეს ადამიანები იკრიბებიან მის საფლავზე, შემდეგ კი ხოფაში იმართება მუსიკალური ფესტივალი და სხვა ღონისძიებები.
 
 
 
უკვე მესამე წელია, ამ ღონისძიებებს საკუთარი ინიციატივით ვესწრები. აქამდე საქართველოდან თითო-ოროლა ადამიანი ასევე საკუთარი ინიციატივით მიდიოდა, მაგრამ ამჯერად ჩემი მოწადინებით 5–ნი ვიყავით. ამ ფაქტს ძალიან დადებითად შეხვდნენ ლაზები. აღნიშნეს კიდეც, „როდესაც ამხელა მანძილიდან ჩამოდიან ქაზიმის საფლავზე, ეს ნიშნავს, რომ მისი საქმე ცოცხალიაო“.
 
ზოგადად, ისინი ძალიან ემადლიერებიან ქართული საზოგადოების ლაზურ კულტურაზე მომუშავე წარმომადგენლებს. ეს განსაკუთრებით ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიოლოგიის სკოლას. ძალიან აფასებენ არნოლდ ჩიქობავას და სხვა მოღვაწეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ლაზურ კულტურას. ამასთან, იქაურები დიდ წუხილს გამოთქვამენ რიგი ქართველების ქცევის გამო, რომელიც, მათი შეფასებით, ლაზების, როგორც ხალხის უფლებებს ლახავს. კერძოდ,  საქართველოს საპატრიარქოში და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც ლაზებს არწმუნებენ: „თქვენი ენა უბრალოდ ქართული დიალექტია, თქვენი რწმენა თქვენი არ არის და უნდა მოინათლოთ, თქვენ არა ერი, არამედ ქართველი ერის სუბეთნიკური ჯგუფი ხართო“. ამის გამო ლაზები ძალიან ღიზიანდებიან'.
 
საქმე იქამდე მივიდა, რომ პეტიცია შექმნეს, რომელსაც უამრავმა საზოგადო მოღვაწემ მოაწერა ხელი. მისი ფორმულირება დაახლოებით ასეთი იყო: „ჩვენ არ ვართ ქართველები, ჩვენი ენა ცალკე ენაა, ვართ მუსლიმები და გთხოვთ, ამას შეეგუოთ. თუ მსგავსი განზრახვებით მოდიხართ ჩვენთან, არ გვინდა თქვენთან ურთიერთობა“. ამ დაძაბულობამ, ბუნებრივია, ქართულ–ლაზური ურთიერთობა დააზარალა. მახსენდება შემთხვევა, როდესაც ერთი ლაზი მოღვაწე ესტუმრა სამეგრელოს და ერთ–ერთმა აქტივისტმა სცადა მისი მონათლვა, დაჰყავდა ეკლესია–ეკლესია. საბოლოოდ ლაზმა უთხრა, „მე არც ჩვენი მეჩეთი მაინტერესებს და არც თქვენი ეკლესია. აქ იმის სანახავად ჩამოვედი, როგორ ურტყამს მეგრელი გლეხი თოხს მიწასო“. ანუ მეგრული კულტურა აინტერესებდა. ჩემის მხრივ მინდა, აღვნიშნო: მართალია, ის ქართველები, რომლებიც მსგავსი მიზნებით ჩადიან ლაზეთში, ფიქრობენ, რომ ეროვნულ საქმეს ემსახურებიან, თუმცა რეალურად დათვურ სამსახურს გვიწევენ.
 
პოლიტიკურ–ეკონომიკური ასპექტები
 
თურქეთში ცხოვრობს უამრავი ლაზი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, პარლამენტშიც კი არიან წარმოდგენილები. მოქმედებს უამრავი ლაზური ორგანიზაცია, სტამბოლში არსებობს უმსხვილესი კულტურული ცენტრი. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს თურქეთის ქართველებთან და არ უწევენ ლობირებას ქართულ სახელმწიფოს. არადა ეს ლობი ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. გარდა ამისა, მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ ინვესტიციების კუთხით. სხვათა შორის, ისინი „ლაზიკის“ პროექტით იყვნენ დაინტერესებული, ამას უნდა მოჰყოლოდა ლაზებით დასახლებული არტაშენისა და ლაზიკის დაძმობილება, თუმცა საბოლოოდ პროექტი გაჩერდა.
 
რაც შეეხება ლაზებთან მჭიდრო კონტაქტის პოლიტიკურ მნიშვნელობას, ეს შესაძლოა, გამოყენებულ იქნას არაღიარების პოლიტიკუს მიმართულებით. ლაზებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშავონ როგორც სხვადასხვა თურქულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისე საზოგადოებასთან და მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა მოხდა აფხაზეთში სინამდვილეში. ლაზები ძალიან მტკივნეულად განიცდიან იმ ფაქტს, რომ  აფხაზეთის ომს უმეტესწილად მეგრელები ემსხვერპლნენ, რომლებსაც ისინი უახლოეს ნათესავებად მიიჩნევენ.
 
გარდა ამისა, თურქეთში მცხოვრები აფხაზი სეპარატისტები უკანასკნელ წლებში ძალიან გააქტიურდნენ, ცდილობენ ლაზებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას, სეპარატისტული იდეების თავს მოხვევას. რამდენიმე ერთობლივი კონფერეციაც გამართეს. ამ ეტაპზე ლაზები ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, მაგრამ თუ ქართული სახელმწიფო ადეკვატურად არ იმოქმედებს, ადრე თუ გვიან, შეიძლება, იქამდეც მივიდეთ, რომ ლაზებმა სეპარატისტების პოზიცია გაიზიარონ.  არანაირად არ შედის ჩვენს ინტერესებში, ლაზურმა ორგანიზაციებმა განაცხადონ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ქართველები კი ფაშისტები არიან და სეპარატისტებმა თურქეთში საინფორმაციო ომში უპირატესობა მოიპოვონ.
 
 
ისტორიული რაკურსი: მაინც ვინ არიან ლაზები
 
ლაზების დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე კვარიათიდან იწყება და გრძელდება უკვე თურქეთის ტერიტორიაზე მელიათამდე. ისტორიულად, ლაზების სამოსახლო უფრო ფართო უნდა ყოფილიყო. „ქართლის ცხოვრებაშიც“ აღნიშნულია, რომ ქალაქი ტრაპზონი ლაზებით იყო დასახლებული, მაგრამ ნელ–ნელა ჯერ – ბერძნების, შემდეგ თურქების მხრიდან მოხდა მათი ასიმილაცია. გარდა ამისა, ისინი თურქეთის სხვადასხვა პროვინციაშიც ჩასახლდნენ კომპაქტურად.
 
ლაზები საუბრობენ ლაზურად, ზოგიერთი მკვლევარი, მათ შორის მეც მივიჩნევთ, რომ ეს არის მეგრულის განშტოება. რაც შეეხება მათ იდენტობას, გარდა ისტორიული ლაზეთის მცირე ნაწილისა, ის ქართული სახელმწიფოს ნაწილს „ოქროს ხანის“ პერიოდშიც კი არ წარმოადგენდა. ის შედიოდა ბიზანტიის, ან ტრაპიზონის იმპერიაში და უფრო მიბმული იყო ბერძნულ კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრებს. ის რენესანსი, რომელიც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს ქართულმა სუბეთნიკურმა ჯგუფებმა ერთიან წიაღში გაიარეს, ლაზებს არ გაუვლიათ. რეგიონში უკვე ოსმალეთის იმპერიის შემოსვლამ კიდევ უფრო გააღრმავა ლაზების ქართველებისაგან  გაუცხოების პროცესი. პოლიტიკურმა პროცესებმა მათი ქართული წიაღიდან მოწყვეტა და ცალკე ჩამოყალიბება განაპირობა. და დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც ლაზები არც თურქებად თვლიან თავს, მაგრამ არც ქართველებად, ფიქრობენ, რომ სრულიად სხვა ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ქართველებს ენათესავება. ასეთი მიდგომა აქვთ ლაზებს: „ჩვენ და მეგრელები ძმები ვართ, ხოლო ჩვენ და ქართველები – ბიძაშვილებიო“. ამასთან, მიაჩნიათ, რომ მეგრელების ქართველობა მათი პოლიტიკური არჩევანია, რადგან ცხოვრობენ საქართველოში და თავად მიიღეს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.
 
რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს, აქ სრულიად განსხვავებული მდომარეობაა. ისინი თვლიან, რომ არიან ლაზები, მაშასადამე – ქართველები. მაგალითად, საბჭოთა კავშირის საზღვრების დემარკაციის დროს სოფელი სარფი ორად გაიყო: ერთი ნაწილი მიეკუთვნა თურქეთს, მეორე – საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. ბუნებრივია, ოჯახები ორად გაიყვნენ, ერთი ძმა გამოღმა სარფში დარჩა, მეორე – გაღმა. საინტერესოა, რომ გამოღმა სარფელი თავს ლაზად, მაშასადამე ქართველად მიიჩნევს, გაღმა სარფელი კი – ლაზად.  
 
თურქეთში მცხოვრები ლაზები აღიარებენ, რომ ქართველი ლაზები ყველაზე კარგად საუბრობენ ლაზურად, მაგრამ თვლიან, რომ ლაზები ასიმილირდნენ ქართველებში და ლაზური იდენტობა დაკარგეს.''
 
წყარო: accent.com.ge/ge/news/details/17818
 
 

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...