დავით ჩარგაზია – კაცი-მოთხრობა ადამიანთა სევდაზე, რომლის სიღრმე, უპირველესად, ღრმა ინტელექტით განისაზღვრება

0
518
,,ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი’’ – ეს გოდერძი ჩოხელია, თავადაც დათო ჩარგაზიას ასაკში წასული მწერალი.
 
რა შეიძლება დაერქვას დათო ჩარგაზიას, კაც – მოთხრობას   ადამიანთა სევდაზე, რომლის სიღრმე მრავალ სხვა ფაქტორთან – ბედისწერასთან, ინსტინქტებთან, გრძნობათა სიფაქიზესთან ერთად  და, უპირველეს,  ღრმა ინტელექტით განისაზღვრება: 
 
სოფლის წიაღში გაზრდილი და დიდი ქალაქის  ურბანულ სამყაროში რაფინირებული, საოცრად განათლებული ადამიანი?
 
ინტელექტუალური ტელესახე,  პოპულარული შოუს  გამორჩეული, არაორდინალური მოთამაშე?
 
მეგრული მითოსური  პერსონაჟის – ფასქურის მუორეების, კითხვა-გამოცანების –  ამომხსნელი?
 
თავისი ქვეყნის უსაზღვროდ მოყვარული და მშობლიური კუთხისთვის დამახასიათებელი   თავისებური მსოფლაღქმის მატარებელი? 
 
კოლხური პატიოსნებით სავსე კაცი? 
 
თუ ყველაფერი ერთად? 
 
უბრალო მეგრელმა ქალმა დაატირა: ,,ო, მუშ მაშხვა რჩქინა მეურს დიხაშა’’ ( ო, რამხელა ცოდნა მიდის მიწაში) – უკეთესად ვერაფერს იტყვი, რადგან ცოდნა თავის თავში მოიცავს წიგნიერებაზე მეტს – სინათლეს გულში და სინათლეს გონებაში და ამ სინათლეს ხშირად უსწავლელი, ,,გაუნათლებელი’’  ადამიანები უფრო ხედავენ და აფასებენ, ვიდრე ,,ყოვლისმცოდნე’’ ნიჰილისტები.
 
მან,  ვინც იცის, რისი სიმბოლოა ბუ, ერთობ სიმპათიური და იდუმალი ფრინველი, რომელიც წუთისოფლის, და არამხოლოდ მიწიერ,  ბნელშიც ხედავს, და რომელსაც დათო გამოხედვითაც და, საზოგადოდ, გარეგნულადაც გავდა (სულის მდგომარეობა და ინტელექტი გარეგნობაზეც აისახება),  არ შეიძლება არ იგრძნოს შვება იმის გამო, რომ დათო არ დარჩენილა აღიარების გარეშე,   ბროლის ბუ, რომელიც მას გადაეცა როგორც ერთერთ უძლიერეს მოაზროვნეს თამაშში "რა? სად? როდის?" ,  სწორედ მისი  ღირსებების აღიარება იყო, თუმცა ყოველთვის რჩება რაღაც უთქმელი  და ამ უთქმელზე ლაპარაკობს ახლა მთელი ზუგდიდი და ახლობლები, თამაშის ცნობილი სახეები იქნება ეს, თუ ბავშვობის მეგობრები.
,, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გავიცანი ზუგდიდში, ყველასგან განსხვავებული იყო, თითქოს დიდი ბავშვი იყო, რომელშიც უდიდეს ინტელექტთან ერთად, ბავშვური გულუბყვილობა და სიალალე იყო გაერთიანებული. ‘’- ასე იხსენებს უფროს მეგობარს გუნდის კაპიტანი ბაჩანა შენგელია – შემდეგ იყო მისი ტრიუმფალური თამაშები, გამორჩეულად მახსოვს 2008 წლის სეზონი, როდესაც მის მიერ აღებული გადამწყვეტი კითხვით, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ ზუგდიდის გუნდის სახელით. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით მან თამაშს თავი დაანება, თქვა 50 წლის გავხდი და არ მიხდება უკვეო… 
ვერ წარმომიდგენია,  დღეს როგორ უნდა მივიდე მის სამძიმარზე და ბედნიერი სახით არ მითხრას,  როგორ ხარ, კაპიტანო! არ მომიყვეს რამე ძველი ისტორია, თუნდაც უკვე არაერთხელ მოყოლილი, არ მოიკითხოს ჩვენი გუნდის წევრები, არ მიმოიხილოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არ გააკეთოს თავისი უბადლო შედარებები და გონებამახვილური, მწარე ქარაგმებით არ შეამკოს მავანნი. 
ჩემთვის ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო, უამრავი ისტორია მაკავშირებს, უამრავი მოგონება, რაღაც თითქოს ძალიან დიდი მომწყდა და წავიდა ამ ქვეყნიდან… " – წერს ბაჩანა შენგელია.
 
დავით ჩარგაზიას  ხვალ ზუგდიდში, მშობლიურ სოფელ ინგირში დაკრძალავენ.
 
წინა სტატიარა აკავშირებს კახი კალაძეს ილია გავრილოვთან, რომელიც პანამაში ფულის გათეთრებაშია ბრალდებული?
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ოთხმა პოლიციელმა ამავე რაიონში მცხოვრები გიორგი ბელქანია გაიტაცა და სასტიკად სცემა – ,ჯგალი ნიუსი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური