,,პოროშენკოს გადაყენება დაიწყო! აშშ – ს მომაკვდინებელი კომპრომატი გადაეცა. სააკაშვილი ემზადება…''- ამ სათაურით გამოქვეყნდა დღეს დილით ,,ელის ჯორნალში'' სტატია პრეზიდენტ პოროშენკოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომლის ერთერთი მამოძრავებელი გუშინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაც აღმოჩნდა.
ეს ინფორმაცია უკვე გაცდა პოროშენკოს მიმართ ტრადიციულ ბრალდებებს კორუმპირებულობაში და გაცილებით სერიოზულია, რადგან საუბარია შესაძლო სახელმწიფო ღალატზე. – წერს გამოცემა.
რამდენიმე ხნის წინათ უკრაინის ყოფილმა უშიშროების შეფმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ტელერხ NewsOne – ს ეთერში განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვას გადასცეს მამხილებელი ინფორმაცია, რომელიც ადასტრურებს რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის ვალადისლავ სურკოვისა და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბის კავშირებს უკრაინის 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში და უშუალოდ არჩევნებში.
,,ჩვენ მიმდინარე წლის იანვრიდან, გარდამავალი პერიოდიდან ვმუშაობთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან და ტრამპის გუნდს გადავეცით (დღეს უკვე შეიძლება გავამჟღავნოთ ეს საიდუმლო) რუსეთის აგრესიისა და პოროშენკოს საარჩევნო შტაბთან სურკოვის კავშირების დამადასტურებელი ინფორმაცია – განაცხადა მან – მოგეხსენებათ, სურკოვი პუტინის თანაშემწეა და საკვანძო ფიგურა და ორკესტრანტი ყველა სეპარატისტულ აღვირახსნილობაში, და ეს კაცი აქტიურად თანამშრომლობდა პოროშენკოს საარჩევნო შტაბებთან!''
ნალივაიჩენკოს თქმით, საუბარია ყირიმში ( უკვე ანექსირებულში!) გადაფრენებზე და იქ რაღაც პოლიტიკური პროექტების განხილვებზე, თუმცა იგი უარს ამბობს დაასახელოს კონკრეტული პირები, ვინც უკრაინის მხრიდან მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში: ,,ჩვენ გვქონდა ეს მასალები, როცა უშიშროების სამსახურს ვხელმძღვანელობდი, და სწავლობდით კიდეც მათ – ეს ისეთი მასალებია, რომელთა შეწავლა უნდა გაგრძელებულიყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაგრამ…
მე ახლა კონკრეტულად ვერ გავამხელ, რა მასალებია ეს, და რა იკვეთებოდა მათი შესწავლით, არ მინდა სამსახური გავუწიო მათ, ვინც იყო და რჩება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტად უკრაინის ხელისუფლებაში და ამით მივცე მათ შანსი გააქრონ კვალი. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნა სერიოზული საქმეა და აშშ წარმომადგენელს ( კურტ ვოლკერს) ეს მასალები დასჭირდება როგორც სამხედრო დანაშაულობებისა და მასში რუსეთის საკვანძო პოლიტიკური ფიგურების მონაწილეობის მტკიცებულება '' – განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2014 წლის 25 მაისს ჩატარდა, პოროშენკომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა. ამასთან საარჩევნო კომპანია მიმდინარეობდა მარტ – აპრილში, როცა რუსეთი უკვე აწარმოებდა სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, პოროშენკოს კავშირი სურკოვთან, რაზეც ნალივაიჩენკო საუბრობს – ეს არის კავშირი აგრესორთან, კავშირი უკრაინის მტერთან.
ეჭვები იყო… მაგრამ ეს ბრალდება საჯაროდ მხოლოდ ახლა გაჟღერდა.
ნალივაიჩენკო აღნიშნავს, რომ აშშ – ში ამ ინფორმაციას მთელი სერიოზულობით მიუდგნენ და ყველა ნიშანია იმისა, რომ მხარს დაუჭერენ სააკაშვილის გეგმებს პოსტიდან გადაააყენოს პრეზიდენტი პოროშენკო.
სისულელე იქნებოდა იმის არგათვალისწინებაც, რომ თავად სააკაშვილსაც აქვს ძალიან სერიოზული ბრალდებები პოროშენკოს მისამართით და შესაბამისი მტკიცებულებებიც. შეიძლება ამოტივტივდეს მაიდანზე სნაიპერთა საკითხიც კი. – ნათქვამია სტატიაში.
ამის შესახებ ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა პოლიტიკოსმა ანატოლი გრიცენკომაც: ,, სააკაშვილმა მისთვის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევის შემდეგ სიტყვა გადამიკრა იმაზე, რომ აქვს მომაკვდინებელი კომპრომატები პოროშენკოს წინააღმდეგ. ამან შეიძლება დაასამაროს ოლიგარქის ( პეტრო პოროშენკოს – რედაქცია) ამბიციები და ასევე თვალი აუხილოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აქამდე სჯერა პოროშენკოს მიერ მომართული ცრუ პროპაგანდისა, რომელიც გასული საუკუნის 40 – იანი წლების გერმანიის გებელსური ტრადიციების მოდელით ხელმძღვანელობს'' – განაცხადა პოლიტიკოსმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სწორედ სააკაშვილის ხელთ არსებული ეს კომპრომატი იყო მთავარი მამოძრავებელი, როცა მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.
,,პოროშენკოს, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ესმოდა, რომ ეს აქტი სრულიად უკანონო იყო და ამაზე პასუხისგება მოუწევდა, რომ ამით შოკირებული დარჩებოდა საერთაშორისო საზოგადოებაც და უკრაინელი ხალხიც, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა, რადგან შეიპყრო შიშმა, რომ სააკაშვილი შეიძლება ალაპარაკდეს და თვალი აუხილოს უკრაინას.'' – აცხადებს გრიცენკო.