წელს ოკუპირებული გალის 11 ქართულ სკოლაში სწავლება 1- 6 კლასებში რუსულად წარიმართება

0
460

წელს პირველი შემთხვევაა, როცა ახალი სასწავლო წელი აფხაზეთში 1 სექტემბერს არ დაწყებულა –  ხაჯიმბას განკარგულებით,  ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 1 სექტემბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული და ამიტომ სკოლები 4 სექტემბერს გაიხსნება .
 
წელს აფხაზეთის 156 სკოლის პირველ კლასში 2938 ბავშვი წავა – ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის განათლების მინისტრმა დიმიტრი გვარამიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა – მოსწავლეთა საერთო რაოდენობა აფხაზეთში დაახლოებით 27 ათასია.შარშან აფხაზეთში 159 სკოლა იყო, მაგრამ აქედან სამი ოპტიმიზაციის პრინციპით დაიხურა.
 
 სასკოლო განათლების სფეროში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად ე.წ. მინისტრმა გალში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.
 
დიმიტრი გვარამიას  თქმით, ,, უკვე თვალსაჩინოა გალში მცხოვრები ბავშვების სწავლების ქართულიდან რუსულ ენაზე გადაყვანისათვის გაწეული მუშაობის შედეგები''
 
,, დაბალი ზონის სკოლებში სასწავლო პროცესი თანადათან რუსულ ენაზე გადადის, მასწავლებლების დიდმა ნაწილმა ბოლო წლებში და ამ ზაფხულსაც  წარმატებით გაიარა ორთვიანი კურსები რუსულენოვანი სწავლებისათვის მომსამზადებლად.
2014 წელს, როცა დაბალი ზონის სკოლებში ჩავდიოდით, პრაქტიკულად ვერცერთი მოსწავლე ვერ გაგესაუბრებოდათ  რუსულად,  როგორ ცხოვრობს, როგორ სწავლობს, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია იმ კლასებშიც კი, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. მათ  რუსულ ენაზე გამართული საუბრის პრობლემა აღარა აქვთ.'' – აღნიშნა გვარამიამ.
 
ამასთან, თუ ადრე გალის რაიონის მოსწავლეების 90 % ორიენტირებული იყო სწავლის საქართველოში გაგრძელებაზე, დღეს ძალიან ბევრი  მიდის სოხუმის უნივერსიტეტში, სამი კურსდამთავრებული წელს ლიმიტით მოეწყო რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. დიმიტრი გვარამიას განცხადებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გალის სკოლების კურსდამათავრებულებს, რომელთაც აფხაზეთის მოქალაქის  პასპორტი არა აქვთ,   იღებს ფორმა # 9 -ის წარდგენის საფუძველზე.  კატეგორიულად  არ მიიღება საქართველოში ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების მიერ გაცემული დაბადების მოწმობები, ხოლო საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ გაცემული  საბუთების მიღება  განხილვას ექვემდებარება.
 
 რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მათ გამოცემაზე სახელმწიფომ გამოყო 10 მილიონი რუსული რუბლი, გამოცემულია 11 სახელმძღვანელო, კიდევ ხუთი ამ დღეებში გამოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტირაჟი არ არის ისე მაღალი, რომ ყველას ეყოს, ამიტომ მათ პირველ რიგში მიიღებენ ხელმოკლე ოჯახების შვილები.  დიმიტრი გვარამიამ დაასახელა ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმად   დღეს აფხაზეთში 59 აფხაზური სკოლაა, 46 – რუსული, 15 აფხაზურ-რუსული, და 11 ქართულენოვანი სკოლა.
 
მინისტრს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ამ  11 ქართულ სკოლაში წელს  1- 6 კლასებში  სწავლება რუსულად იქნება – მაშინ როცა   2014-2015 სასწავლო წლიდან დღემდე  ქართული ენაზე საწავლება  1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით იყო  აკრძალული. ანუ გალელი ბავშვები წელს  კიდევ უფრო ცოტახანს ისწავლიან ქართულად,  ვიდრე აქამდე იყო.
 
ჯერჯერობით ზედა კლასებში ყველა საგანი ქართულად ისწავლება, თუმცა აკრძალულია ქართულად დაბეჭდილი გეოგრაფია და ისტორია. ამ საგნებს სეპარატისტების მიერ შექმნილი რუსული წიგნებით ასწავლიან, თუმცა  პედაგოგები მოსწავლეებს ჩუმად ქართულ გეოგრაფია-ისტორიას მაინც ასწავლიან, რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. 
 

საოკუპაციო რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს საბოლოო მიზნისკენ, რომელიც დეკლარირებული აქვს – 5 წელიწადში ყველა  ეს სკოლა  სრულად რუსული გახდება.
წინა სტატიაშეეთებულმა შტატებმა სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოითხოვა
შემდეგი სტატია,,9 სექტემბერს პოლონეთში მივემგზავრები, იქიდან კი მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავბრუნდები უკრაინაში.”- აცხადებს კონსტანტინ ბოროვოი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური