ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ოდიშს“ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ექიმების კონსილიუმის შედეგად გადაწყდა, რომ ბავშვს თავის ტვინზე ოპერაცია არ გაუკეთდება. ნიორაძის ინფორმაციით, ბავშვი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობის პროცესს. ის უკვე კონტაქტურია.
მცირეწლოვანი ბავშვი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან 28 აგვისტოს გადმოვარდა. ის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ბავშვს ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნებოდა, ასევე მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები.
დაშავებული ბავშვი იმავე დღესვე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისმობს.