გუშინ საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრაგედიით დაიწყო – ლიანა ისაკაძის კონცერტზე მის მეუღლეს, ცნობილ პოეტს, ესეისტსა და კრიტიკოს თამაზ ჩაჩავას მოულოდნელად გულმა უმტყუნა, რის გამოც კონცერტი შეწყდა. მოგვიანებით, თამაზ ჩაჩავა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არადა წლევანდელი ფესტივალი სწორედ იმით იყო განსხვავებული, რომ ლიანა ისაკაძეს მეუღლესთან ერთად უნდა დაეკრა. ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მევიოლინემ აღნიშნა: "ამჯერად, ფესტივალზე ჩემი მეუღლე იმღერებს ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს".
სამწუხაროდ, ეს დღესასწაული არ შედგება, მაგრამ ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, „ღამის სერენადები“ გაგრძელდება და თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება. ამაშიც ჩანს ლიანა ისაკაძის პიროვნული ძალა და პასუხისმგებლობა მსმენელის წინაშე, რადგან ცხოვრების თანამგზავრის გარდაცვალება უდიდესი დარტყმაა მისთვის 45 – წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
ამის დასტურია ფრაგმენტი ლიანა ისაკაძის მიერ შარშან, დეკემბერში გაზეთ ,,პარაიმტაიმისათვის'' მიცემული ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით ,, ლიანა ისაკაძე ქმარს ლამაზი ცოლის შერთვას სთავაზობს – “მე არც ლამაზი ვარ და არც ვუვლი”…''
,ოდიში ნიუსი'' გთავაზობთ ამ ფრაგმენტს:
ძველმოდური სიყვარული
მე და ჩემი მეუღლე – თამაზ ჩაჩავა ერთად ვართ 44 წელია. ძველმოდურია, რომ ამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ასე გამოვიდა.
მე მოსკოვში ვიყავი და მამაჩემს თბილისში რაღაც ნოტების შოვნა დავავალე. თამაზის ბიძა მამაჩემის მეგობარი იყო და ცდილობდნენ ჩემთვის გაეცნოთ. მოკლედ, ჩამომიტანა ნოტები და შევხვდით. თამაზი მაშინ თბილისში თავისი გარეგნობით, ჭკუითა და სიმდიდრით ნომერ პირველად ითვლებოდა. მე ასეთ სრულყოფილ ადამიანს ვერ ვიტან, ამიტომ მასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი. ჩემი ოჯახი სხვანაირი იდეალების მატარებელი იყო, ჩვენ მუსიკოსები ვიყავით, ინტელიგენტები… ღარიბები ვიყავით, როგორც ყველა პატიოსანი ხელოვანები. თამაზი მიხეილ ჩაჩავას (ქირურგის) შვილი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, დამირეკა შევხვდით და მანქანით გამასეირნა. მაშინ 15 წლის ვიყავი, თვითონ ჩემზე 7 წლით უფროსია. წამიყვანა და მოულოდნელად ბეჭდის ზომა ამიღო. რად გინდა-მეთქი, გავოცდი. მაგრამ შემრცხვა ხალხში ხომ არ დავიწყებდი ჩხუბს. მერე, მოსკოვიდან ნახევარი წლის შემდეგ, ბეჭედი ფოსტით გადმოვუგზავნე უკან. გაბრაზდა. მერე, 18 წლის ასაკში პარიზში პირველი პრემია ავიღე, აქ დიდი ამბით დამხვდნენ. კარგ განწყობაზე ვიყავი და თამაზსაც შევხვდი. ზეგ ჩემმა მშობლებმა ქორწილი დანიშნესო, მახარა. შემრცხვა ბატონი მიშასი და დეიდა ლალასი. დავთანხმდი.
თამაზი პრიმიტიული არ არის, გამოირჩევა თავისი ინტელექტით და დონით. ამიტომ შევრჩით ერთმანეთს, ამ დროს დიამეტრულად სხვადასხვანაირები ვართ. სულ ვეუბნები, მოიყვანე ნორმალური ცოლი, რომ მოგიაროს-მეთქი. მის სასიკეთოდ ვეუბნები, ლამაზი ქალი შეირთოს. მე არც ლამაზი ვარ, არც ვუვლი, მაგრამ არ მიჯერებს.
შვილი რომ არ მყოლოდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. თავი მუსიკას შევწირე და ეს არ მინანია. ვგიჟდები ბავშვებზე. შვილი რომ მყოლოდა, რა მუსიკა, რისი ვიოლინო? მარტო შვილზე ვიქნებოდი გადაყოლილი, სხვას არ გავაზრდევინებდი, ვერ მივანდობდი. ჩემს გადაწყვეტილებაზე თამაზსაც არაფერი უთქვამს, შვილი ჯობდა, მაგრამ…''

თამაზ ჩაჩავა აღარ არის. მაგრამ აწ უკვე მისი სახელობის,,ღამის სერენადები'', რომელშიც მან მთელი სული და გული ჩადო დაარსების დღიდან, გრძელდება.