მთავარისიახლეებისაზოგადოებანანი გაბედავას ცხოვრება - გამუდმებული ,,შიში და ორო'' შვილებისა და ქვეყნის გამო...

ნანი გაბედავას ცხოვრება – გამუდმებული ,,შიში და ორო” შვილებისა და ქვეყნის გამო და სიმართლის გამარჯვების რწმენა

Published on

გარდაიცვალა ნანი გაბედავა,   ვისთვის – სათნოებით გამორჩეული ქალი, ვისმა გარდაცვალებამაც ბევრს, პირველ რიგში, სწორედ მისი პირადი  თვისებების გამო დაწყვიტა გული,   ვისთვის –    შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას დედა,  რამაც  განსაზღვრა კიდეც  არაერთგვაროვანი დამოკიდებულება  მის მიმართ.
 
,, სიცოცხლეშიც უამრავჯერ მოკლეს. არადა მადლიერებით უნდა ეცხოვრა- მისმა შვილმა საქართველო შეცვალა'' – წერენ სოციალურ ქსელებში ადამიანები, ვისაც კარგად აქვთ გააზრებული ელემენტარული ჭეშმარიტება –  კორუფციის, კრიმინალის, ქურდული სამყაროს ბატონობის პირობებში ახალი ქართული სახელმწიფო ვერ აშენდება,  სახელმწიფო – ეს წესრიგია და  მის დამყარებას სახელმწიფოებრივი ხედვა, ძლიერი ნებელობა, სიმტკიცე და პირად კომფორტზე ხელის აღება სჭირდება. ამ კომფორტის ნაწილია სიმშვიდე დედისა, რომლის ცხოვრება გამუდმებულ მღელვარებად, როგორც სამეგრელოში იტყვიან,  ,,შიშად და ოროდ'' აქცია  შვილების უკიდურესად  რისკიანმა და თავგანწირულმა ბრძოლამ, რომელსაც უბრალოდ ,,სამუშაოს'' ვერ უწოდებ.
 
 ახლობლები ამბობენ, რომ ნანი გაბედავას არასოდეს დაუმძიმებია შვილები დედობრივი ინსტინქტებით ნაკარნახევი  მცდელობით ,,შეეხსენებინა'' მათთვის, რომ ყავთ ოჯახი, რომელზედაც გადადის მათი არჩევანის სიმძიმე.
 
უკვე ავადმყოფობდა, როცა კრიმინალებისა და მათი მოსარჩლეების  კამპანია მისი შვილების წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა –   წესრიგი, რომელიც, ბუნებრივია, დამაზარალებელია  კრიმინალებისა და მათ  ახლობლებისთვის, ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ოლიგარქის ხელისუფლებისათვის, რომელსაც აქვს ვალდებულება რუსეთში ნაშოვნი და დაბანდებული ანგარიშების შენარჩუნებისთვის  ,,გადაიხადოს'' სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლით, იმ ინსტიტუტების მოშლით, რომლის შექმნისათვის თავისი წილი მსხვერპლი გაიღო ამ  ოჯახმაც.
 
ნანი გაბედავა ღირსეულად დაუხვდა ყველა იმ განსაცდელს, რომელიც დღევანდელმა  ხელისუფლებამ დაატეხა თავს მის ოჯახს, რადგან იცოდა, რისთვის ისჯებოდნენ მისი შვილები და სჯეროდა,  რომ ეს ამად ღირდა.  მისი რწმენის საფუძველი ნამდვილად არ იყო გამამართლებელი განაჩენები,  მას ეს არაფერში სჭირდებოდა, ტანჯავდა, მაგრამ სასოწარკვეთაში ვერ აგდებდა ხელისუფლების მიერ ყოველი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ  უთავბოლოდ შეთითხნილი ახალი ბრალდებები, რადგან სჯეროდა, რომ ეს  დიდხანს არ გაგრძელდება, რომ სიცრუესა და ქვეყნის ინტერესების ღალატზე  დამყარებული  ხელისუფლება ადრე თუ გვიან კრახით დაამთავრებს ამ უბადრუკ მცდელობებსაც და ზოგადად თავის არსებობასაც და ყველა სიცრუე ჰაერში გაიფანტება.
 
,,სიცრუე რომ ქვეყანას მოსდო, ამით ის ვერ იქცევა სიმართლედ, ისევე, როგორც სიმართლე ვერ გადაიქცევა სიცრუედ, თუნდაც მას ვერავინ ხედავდეს. '' – მაჰათმა განდის ეს მხოლოდ ინდოეთზე არ უთქვამს, ასე ხდება ყველგან და ასე იქნება საქართველოშიც.
 
გულდასაწყვეტი ის არის, რომ  ნანი გაბედავა  ისე ვეღარ დახვდება შვილებს, როგორც ჩვეოდა.  
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში...