როცა ბატონს ვერ ერევი, მოურავს უტევ. ხაჯიმბას ცხელი შემოდგომა ელის

0
380
ბიჭვინთაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან  ხაჯიმბასთან პირისპირ საუბრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში გაემგზავრა და  საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საერთაშორისო ტურნირს პროფესიულ საბრძოლო სამბოში ,,ლიგა S-70 '' ფორმატით. მას თან ახლდნენ რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რაულ ხაჯიმბა და რუსული ჰოკეის ვარსკვლავები  ვარსკვლავები პაველ ბურე, ევგენი მალკინი და სხვები. 
 
წლეულს ორთაბრძოლების ფონზე ,,ტაპლიორები'' ყვებოდნენ ეპიზოდებს რუსეთის სამხედრო დიდების ისტორიიდან, დაწყებული ჩუდის ტბის ბრძოლით და მონღოლ – თათართა  შემოსევების მოგერიებით, დამთავრებული სირიიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციებით და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლით. პუტინი, რომელმაც იმ დღეს კიდევ ერთი ომი გადაიხადა საქართველოსა და დასავლეთის წინააღმდეგ, ფრიად კმაყოფილი ჩანდა.
 
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლა დაიგეგმა თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისათვის საპასუხოდ და თუკი მაიკ პენსმა რუსეთს ხისტი მესიჯი გაუგზავნა, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია და წითელი ხაზების გადაკვეთას არ აპატიებს არავის, პუტინმა დემონსტრაციულად სწორედ 8 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, დაგეგმა სოხუმში ჩასვლა დასავლეთისთვის საპასუხო გზავნილად, რომ აფხაზეთი მისი გავლენის სფეროა.
 
როგორც ჩანს პუტინი კმაყოფილია.  ვიზიტის მთავარი მიზანი მიღწეულია, მესიჯი გაგზავნილია,  რაც შეეხება აფხაზეთს და აფხაზებს, რომელთაც რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოსთვის  მიმდინარე ომში უკანა  პლანის  სტატისტის როლი ერგოთ, მათ რეაქციას ახლო მომავალი გვიჩვენებს. უკვე ცხადია, რომ  რუსეთიდან მომდინარე რძის მდინარეების დებეტი არ მოიმატებს და მოუწევთ დასჯერდნენ  აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ განვითარების ამორფულ დაპირებას. პუტინის გზავნილი მათ მიმართ იგივე დარჩა –  რუსეთი მათი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტია. რამდენად ეყოფა ეს აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკით მზარდი უკმაყოფილების შენელებას – საეჭვოა. სოციალურ ქსელებში მონური აღტყინების პარალელურად უკვე გაჩნდა კითხვა: ,,и это всё?''
 
თუ სხეულის ენით ვიმსჯელებთ, სამბოზე შეყვარებული პუტინის აგზნებული  და თვითკმაყოფილი სახის ფონზე კიდევ უფო კონტრასტულად ჩანდა, რომ ხაჯიმბა არცთუ კომფორტულად გრძნობდა თავს.  
 
მან ძალიან კარგად იცის, რომ ეიფორია, რომელიც ყოველთვის ახლდა რუსეთის პრეზიდენტის  წინამორბედ ვიზიტებს აფხაზეთში, როგორც მისი სუვერენულობისადმი პატივისცემის გამოვლინებას, ახლა უფრო სწრაფად ჩაივლის, ვიდრე ოდესმე. პრორუსული და პროსახელისუფლებო მედიის მცდელობის მიუხედავად, არავის რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვიზიტი შეცვლის სიღარიბეს, რომელსაც  აფხაზები  რუსებისგან დაპირებული  დაფინანსების სიმცირეს აბრალებენ.  ეს სიტუაცია არც ახლა შეიცვლება –    რაც უფრო მეტად უჭირს ეკონომიკურად რუსეთს, ეს მით უფრო მეტად ურტყამს აფხაზეთს – რუსული დაფინანსება მცირდება. შესაბამისად იზრდება ანტირუსული განწყობები –   აფხაზი, რომელიც თავს მოტყუებულად გრძნობს, ნიშნის მოგებით რეაგირებს რუსების  ძარცვა-მკვლელობებზე კრიმინალების მიერ, რომელნიც ცდილობენ  რაც შეიძლება მეტი წაართვან მათზე მეტად შეძლებულ რუს ტურისტს. აფხაზები ყოველთვის აცხადებენ, რომ ყველას, მათ შორის რუსებს, მათი ვალი აქვთ, რომ არა აფხაზები, რუსეთის საზღვართან ნატო-ს ჯარები იდგებოდა. აცხადებენ, რომ რუსული ბაზებია მათ ტერიტორიაზე განთავსებული და რუსეთიდან წამოსული დაფინანსება ბევრად მცირეა, ვიდრე ამ ბაზების საფასური უნდა გადაეხადათ რუსებს" .
 
პუტინმა სამბოს ტურნირზე დასწრების წინ აფხაზებს შემოუარა. ხაჯიმბა კი რჩება. როცა ბატონს ვერ ერევი, მოურავს უტევ. ხაჯიმბას ცხელი შემოდგომა ელის. 
 
 
წინა სტატიამიწისძვრა ჩინეთში
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური