ომი, რომელიც გრძელდება… – აქცია ენგურის ხიდთან

0
386

8 აგვისტოს სოფელ რუხში ენგურის ხიდთან ცოცხალი ჯაჭვით მიაგებენ პატივს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

,,ჩვენი მიზანია ენგურის ხიდიდან მსოფლიოს გავაგონოთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და პუტინი უნდა წავიდეს სოხუმიდან.'' – ამბობს აქციის ორგანიზატორი,  გაზეთ    "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი   ელისო კილაძე.
 
რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და "ოლმედიის" რედაქტორის ლაშა ბერულავას თქმით,    ამ აქციაში ზუგდიდელთა მონაწილეობისა და აქტიურობის იმედი აქვს.
,,ზუგდიდი ჩემი მშობლიურ ქალაქია, აქედან განსაკუთრებით კარგად ჩანს ოკუპაციის შედეგები  და აქედან უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს საზოგადოება ერთიანია ოკუპაციის წინააღმდეგ.  აქციაზე საქართველოს სხვადასახვა კუთხეებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ერთად ველოდებით   ოკუპირებული ტერიტორიიდან, გალიდან, ოჩამჩირიდან  გადმოსულ ადამიანებსაც.'' – ამბობს ლაშა ბერულავა.
 
რას ფიქრობენ  თავად ზუგდიდელები პუტინის  ვიზიტზე სოხუმში და  დაანონსებულ აქციაზე?
 
ჩვენი რესპონდენტები  პუტინის მიერ სოხუმში 8 აგვისტოს დაგეგმილ ვიზიტს აფასებენ როგორც უკიდურეს ცინიზმს და კრემლის ოკუპანტური პოლიტიკის კიდევ ერთ დადასტურებას.
 ,,ასეთ დღეს პუტინის ჩასვლა სოხუმში აღძრავს ახალი საფრთხეების მოლოდინს, მით უფო, რომ ვერ ვხედავთ ადექვატურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან'' – ამბობენ ისინი.
 
,,მე სოხუმელი ვარ და ძალიან განვიცდი ამ დემონსტრატიულ ვიზიტს. ყველამ იცის, რამ განაპირობა სოხუმის დაცემა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე  შეეწირა ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ, რუსეთი ისევ არ გვანებებს თავს.  მე აუცილებლად ჩავერთვები ამ აქციაში, რომ გამოვხატო ჩემი პროტესტი და პატივი მივაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომელნიც ამ ომმა იმსხვერპლა'' – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლუარა ცხონდია, რომელიც ზუგდიდში დევნილობაში იმყოფება. 
 
 ენგურის ხიდთან   რუსეთ-საქართველოს აგვისტოს  ომის 9 წლისთავისადმი მიძღვნილი აქციების  ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობა  ,,ძალა ერთობაშია" და მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა პლუს"-ი
 
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%, დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 
 
 
ავტორი: სალომე მაქაცარია 
 
წინა სტატიალვოვში ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტმა 76 პაციენტი მძევლად აიყვანა
შემდეგი სტატიასასამართლომ ბაქარ კორშიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური