ვინ არიან ,,მირზაკანსკი აფსუები” და რა სურთ მათ? გალის იუბილე, როგორც საოკუპაციო რეჟიმის ვაკხანალია

0
553
19 ივლისს გალში ქალაქის დაარსების 85 წლისთავი აღნიშნეს. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო ზეიმმა ვერ მიიღო ისეთი მასშტაბები, როგორიც გალის აფხაზურ ადმინისტრაციას და საზოგადოდ საოკუპაციო რეჟიმს სურდა – ამას მოწმობს ფოტირეპორტაჟები  და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანების სახეები, რაც სხვაზე უწინარეს ასოცირდება ,,ლხინთან ჟამიანობის დროს'' და ყაზბეგის ,,ელისოსთან’’ , უფრო ზუსტად,  ნიკოლოზ შენგელაიას კინემატოგრაფიულ შედევრთან ,,ელისო’’, რომელიც ვაინახების ტარგედიას ასახავს.
მაგრამ ეს კია:  აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ დღეს გააკეთა  პირდაპირი და ღია განაცხადი გალელი ქართველების ეროვნულ იდენტობაზე მიტანილი თუ მისატანი იერიშის შესახებ ამ მიმართულებით წლების მანძილზე მიმდინარე  ,,მოსამზადებელი სამუშაოების’’ შემდეგ.
 
 
გალელებს 19 ივლისს  დღესასწაული მიულოცა ოკუპირებული აფხაზეთის დე – ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.
,,გალი, გალის რაიონი აფხაზეთის ყველა მცხოვრებისათვის, მთელი რესპუბლიკისთვის  განსაკუთრებული, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, იგი გამოირჩევა ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, თვითმყოფადობითა და განუმეორებელი სილამაზით. – ნათქვამია ხაჯიმბას მიმართვაში – წელს გალს 85 წელი უსრულდება, ეს თარიღი  წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების სიმბოლოს და  გვაერთიანებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მშობლიური მხარე. 
სამურზაყანო ძველთაგანვე ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ საბჭოთა დროში ქალაქმა გალმა და მთელმა  გალის რაიონმა  მთელი სისრულით იწვნია სტალინური რეპრესიების ყველა საშინელება –  ათასობით აქაური მცხოვრები ემსხვერპლა ასიმილაციის პოლიტიკას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეთნიკური მეხსიერება ცოცხალია და მიმდინარეობს ძირძველი მოსახლეობის ეროვნული იდენტობის აღდგენის პროცესი.
დღეს ჩვენი ერთობასა და დარაზმულობაზე, მშობლიური აფხაზეთის აღმშენებლობაზე მიმართული  შრომისათვის ჩვენს მზაობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება გალის ხვალინდელი დღე’’ – განაცხადა   ხაჯიმბამ.
 
 იმავე დღეს შედგა ე.წ. ,,მირზაკანსი აფსუების ’’ (როგორც ჩანს, მრავალი წელია ყურს ჭრიდათ ამ გეოგრაფიული არეალის ქართულად გაფორმებული სახელი ,,სამურზაყანო“) საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ყრილობა.
 
ყრილობამ   მიიღო შემდეგი რეზოლუცია:
 
,,1. მოგმართავთ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ყველა მცხოვრებს, ვინც ძალადობრივ ასიმილაციას დაექვემდებარა სტალინისა და ბერიას დროს და შეუცვალეს   გვარი და ეროვნება, გაიხსენოთ წარსული და  და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ  დაუბრუნდეთ საკუთარ ფესვებს ჩვენი საერთო მომავლისათვის. 
2. მივმართავთ   აფხაზეთის რესპუბლიკის  პრეზიდენტს, აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებს  თხოვნით კანონმდებლობაში შევიდეს  იმ მირზაყანელი აფხაზების  გვარებისა და ეროვნების შეცვლის პროცედურების გამარტივებაზე მიმართული  ცვლილებები, ვინც აფხაზური ნგვარის პირდაპირი მატარებელია.
3. მივმართავთ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს და აფხაზეთის მთავრობას ქვეყნის 2018-2019 წლის  ბიუჯეტში  გამოყოს თანხები მირზაყანელი აფხაზებისა და სხვა მცხოვრებთა ბავშვებისათვის  განკუთვნილი სკოლებისა და ინტერნატების მშენებლობისთვის, ახაზური ენისა და აფხაზეთის ისტორიის მასწავლებელთა დაფინანსების გაზრდისთვის, აფხაზეთის სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფისათვის 
4. მივმართავთ აფხაზეთის დასავლეთ რაიონებში მცხოვრებ აფხაზებს მხარი დაუჭირონ თავიანთ მოგვარეებს, დაეხმარონ ინტეგრაციაში, იმეგობრონ ოჯახებით,  ძმობის ხელი გაუწოდონ თითოეულ მირზაყანელ აფხაზს და გალის რაიონის ყველა მცხოვრებს.'' – ნათქვამია რეოლუციაში.
 
რაც შეეხება საზეიმო ღონისძიებებს ,  საიუბილეო პროგრამა , რომელიც გვიან ღამით დასრულდა, დილით  ,,აფხაზი ხალხის 1992-1992 წლების სამამულო ომში დაღუპული გმირების'' ძეგლის გვირგვინებით შემკობით დაიწყო. ამაზე ცინიკური ალბათ არც არაფერია და კომენტარიც – ზედმეტი.  ერთს დავძენთ მხოლოდ, დღესასწაული ემოციების მხრივაც ისე მწირი აღმოჩნდა, როგორც ,,საპატიო სტუმრებისთვის’’ პლასტმასის ყუთებით შეთავაზებული  უსახური   ვაშლები. 
 
 
 
 
 
P.S. გალის რაიონში მიმდინარე პროცესებსა და ყრილობაზე მიღებული რეზოლუციის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არ გაკეთებულა. 
წინა სტატიარეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი იყოს
შემდეგი სტატიასაზამთროში და ვაშლატამაში ნიტრატები საშიშ ზღვარზეა: მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური